skip to content
რესპუბლიკა 100

ერიკ ლი: მეორე ინტერნაციონალი – საქართველოს უსარგებლო მოკავშირე?

ერიკ ლი: სტატია ეფუძნება საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმზე ”საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება 100 წლის შემდეგ, მოდელი ევროპისთვის”  2018 წლის ივნისში წარმოდგენილ მოხსენებას.

მას შემდეგ რაც საქართველომ 1918 წლის მარტში დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ქვეყნის სოციალ-დემოკრატიულმა მთავრობამ საგარეო პოლიტიკური კურსის გატარება დაიწყო, ძლიერი ქვეყნების მიერ საქართველოს აღიარების მოსაპოვებლად.

გერმანიის მხრიდან დე-ფაქტო აღიარება ადრევე იყო უზრუნველყოფილი. თუმცა ასევე მნიშვნელოვანი გახლდათ ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიის და შეერთებული შტატების აღიარების მოპოვებაც.

საერთაშორისო პოზიციის გასამყარებლად, სოციალ-დემოკრატებმა მეორე ინტერნაციონალსაც მიმართეს.

მეორე ინტერნაციონალი, რომელიც სოციალისტებს, სოციალ-დემოკრატიულ და ლეიბორისტთა პარტიას მსოფლიოს მასშტაბით აერთიანებდა, დღეს დიდწილად დავიწყებასაა მიცემული. თუმცა, 1889 წელს მისი დაარსებიდან, 1916 წელს მის დაშლამდე, ეს ორგანიზაცია გლობალური გაქანების, ანგარიშგასაწევ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენდა.

მეოცე საუკუნის დასაწყისის ევროპაში სოციალისტების აღმასვლა და ხელისუფლებაში მოსვლა გარდაუვალი ჩანდა. 1914 წლისთვის გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია (SDP) უკვე რაიხსატგის ყველაზე დიდი პარტია იყო. სოციალისტური პარტიების მნიშვნელობა საგრძნობლად გაიზარდა სხვა ევროპულ ქვეყნებშიც და თვით აშშ-შიც კი, სადაც 1912 წლისთვის სოციალისტებმა მილიონზე მეტი ხმა მიიღეს საპრეზიდენტო არჩევნებში, დაიკავეს ადგილები  კონგრესში და ბევრი დიდი ქალაქის სათავეშიც მოვიდნენ.

შესაბამისად, მეორე ინტერნაციონალი გლობალურად აზროვნებდა. რეგულარულ კონგრესზე, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები განიხილავდნენ ყველაზე მწვავე საკითხებს, რომელთაგანაც ყველაზე მნიშვნელოვანი მსოფლიო ომის საშიშროების თავიდან არიდება იყო.

საბოლოოდ სოციალისტურმა ინტერნაციონალმა ვერც პირველი მსოფლიო ომის თავიდან აცილება მოახერხა და ვერც კაპიტალიზმის დამარცხება, რამაც 1916 წელს მეორე ინტერნაციონალის დაშლა გამოიწვია. თუმცა 1917 წლისთვის ინტერნაციონალის ბევრი ლიდერი მაინც მსოფლიო მნიშვნელობის, ანგარიშგასაწევ პოლიტიკურ ძალად რჩებოდა.

ქართველი სოციალ-დემოკრატები ყოველთვის მეორე ინტერნაციონალის ნაწილს წარმოადგენდნენ, თუმცაღა 1917 წლამდე რუსეთის სოციალ-დემოკრატების დელეგაციაში იყვნენ წარმოდგენილნი.

ზოგიერთი ქართველი სოციალ-დემოკრატი, მაგალითად ირაკლი წერეთელი, განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობდა ინტერნაციონალში. დამოუკიდებლობის გამოცხადების ის დასავლეთ ევროპაში იყო მივლინებული და პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე საქართველოსთვის ადგილს მოპოვებას ცდილობდა.  მან და მისმა კოლეგებმა გამოიყენეს ეს შესაძლებლობა და აღორძინებული მეორე ინტერნაციონალის ლიდერები 1920 წელს საქართველოში მოიწვიეს.

მოულოდნელობებით აღსავსე მოგზაურობა

ის ადამიანები, რომლებიც მეორე ინტერნაციონალის სახელით მაშინ საქართველოში ოფიციალურ სტუმრებად გამოემგზავრნენ, დღეს თითქმის აღარავის ახსოვს. თუმცა მაშინ, ისინი ყველასათვის ცნობილი, მსოფლიო მნიშვნელობის პოლიტიკური ვარსკვლავები იყვნენ. დელეგაციის ყველაზე ცნობილი წევრი,  მარქსიზმის შესახებ მრავალი მნიშვნელოვანი ნაშრომის ავტორი, ხშირად ”მარქსიზმის პაპად” წოდებული, კარლ კაუცკი გახლდათ.

დელეგაციას  ორი კვირა დასჭირდა მატარებილით პარიზიდან სამხრეთ იტალიამდე, შემდეგ გემით სტამბულამდე და მერე კი გემითვე ბათუმამდე, ხოლო იქედან საქართველოს სხვადასხვა რეგიონებამდე ჩასასვლელად. მათ ყველგან ხვდებოდა ხალხის აღფრთოვანებული კრებული.

საქართველოს დედაქალაქში ნანახით გაოცებული რემსი მაკდონალდი, ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელი წერდა:

“ეს ყოველივე ფრიად უცნაური იყო. თითქოს უკან მოვიტოვეთ ყოველივე ევროპული, კონსტანტინოპოლის ბაზარისა და მეჩეთების გავლით განვაგრძეთ გზა აღმოსავლეთით და სულ ბოლოს, ჩვენი მოგზაურობის დასასრულს, საქართველოს რესპუბლიკის თავმჯდომარემ მიგვიღო ტიფლისის სარკინიგზო სადგურის მოსაცდელში, რომელიც დიდებული, აღმოსავლური ხალიჩებით კი იყო მოფენილი, მაგრამ იქვე, კარლ მარქსისა და მისი ყველაზე გამოჩენილი მოწაფეების პორტრეტები ეკიდა.”

მაკდონალდი მიღებამ კიდევ უფრო გააოცა მას შემდეგ, რაც დელეგაციამ დედაქალაქი დატოვა. ის აღწერდა, თუ როგორ ეწვია: “კავკასიის მთების გულს” სადაც “ხმლით, ფარითა და შაშხანებით შეიარაღებული, ველური და მხიარული, მოუთვინიერებელი მთიელებით” გარშემორტყმული ინტერნაციონალის დელეგატები მორჩილად იდგნენ, სანამ “ქარში მოფარფატე საკურთხევლის სანთლების შუქზე მოხუცი მღვდელი მისასალმებელ სიტყვას გვიკითხავდა, რომელიც ამ სიტყვებით სრულდებოდა: “დღეგრძელი იყოს ინტერნაციონალი!”.

ვიზიტის შემდეგ, სამშობლოში დაბრუნებულმა დელეგაციის წევრებმა უთვალავი ინტერვიუ მისცეს ჟურნალისტებს, გამოაქვეყნეს სტატიები, რომლებშიც ქართველი სოციალ-დემოკრატების მიღწევებზე საუბრობდნენ.

ეთელ სნოუდენმა, ბრიტანეთის ლეიბორისტური პარტიის ლიდერმა, ჟურნალისტებთან აღნიშნა, “მათ ევროპაში ყველაზე სრულყოფილი სოციალიზმი ააშენეს”.

კაუცკი საქართველოში დელეგაციის დანარჩენი წევრებზე შედარებით გვიან ჩამოვიდა, და ქვეყანაში უფრო დიდხანს, რამდენიმე კვირით დარჩა. ვიზიტის შემდეგ მან დაწერა მომცრო წიგნი საქართველოს შესახებ გერმანულ ენაზე, რომელიც ინგლისურადაც გამოიცა. “იმ ჯოჯოხეთთან შედარებით, რასაც საბჭოთა რუსეთი წარმოადგენს,” წერდა ის, “საქართველო სამოთხედ მოჩანს”.

უსარგებლო მოკავშირე?

1920 წლის მეორე ინტერნაციონალის დელეგაციის ვიზიტი, რა თქმა უნდა, ბოლშევიკების მწვავე კრიტიკის საგანი გახდა და ეს შეხედულება საბჭოთა ისტორიოგრაფიაშიც დამკვიდრდა.

თუმცა სკეპტიკოსები ქართველებს შორისაც გამოჩნდნენ.  მათ შორის ერთ-ერთი გახლდათ ცნობილი ქართველი დიპლომატი, ისტორიკოსი და იურისტი ზურაბ ავალიშვილი, რომელიც მწვავედ აკრიტიკებდა სოციალ-დემოკრატებს და ვიზიტი დროის ფლანგვად მიაჩნდა. ავალიშვილი ქედმაღლურად აქილიკებდა “პოპულარულ ევროპელ სოციალისტებს, მეორე ინტერნაციონალის სამი “სეფე-ქალის”  (ქალბატონები: კაუცკი, ვანდერველდე და სნოუდენი) ჩათვლით, რომლებიც ცნობისმოყვარეობით შესცქეროდნენ “ამ პატარა მშვენიერ საქართველოს.”

ის აღშფოთებას გამოხატავდა სტუმრებისადმი საქართველოს მთავრობის  ხელგაშლილობის გამო და ამობობდა, რომ ისინი “ოფიციალური პატივით მიიღეს, რასაც არ იყვნენ შეჩვეულნი თავიანთ ქვეყნებში”- რაც იმ დროს ნამდვილად შეესაბამებოდა სიმართლეს.

ავალიშვილს იმ დროს ვერ ეცოდინებოდა, რომ სტუმრად მყოფი დელეგაციის ორი წევრი – ბრიტანელი მაკდონალდი და ბელგიელი ჰიუსმანსი – სულ მალე თავიანთი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდებოდა. ავალიშვილის მოსაზრებით, დელეგაციის ვიზიტი “სავსებით უმნიშვნელო იყო: მეტიც, მან შექმნა თუ წაახალისა ‘დასავლური დემოკრატიების’ მხრიდან მხარდაჭერის კიდევ უფრო მეტი უსაგნო და უდროო ილუზია.”

ავალიშვილი ამტკიცებდა, რომ რიგით ქართველებს წარმოდგენა არ ჰქონდათ “საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაცვისათვის 1920 წელს “მეკავშირეთა ძალების უმაღლესი საბჭოს”  და “ამსტერდამის ინტერნაციონალის” [როგორც ზოგჯერ მეორე ინტერნაციონალს უწოდებდნენ] შედარებით მნიშვნელობაზე.”

ინტერნაციონალური მსოფლმხედველობა

ქართული პოლიტიკური ხელმძღვანელობის ენთუზიაზმი დელეგაციის ვიზიტის მიმართ დიდხანს გაგრძელდა – მას შემდეგაც კი, რაც დელეგაციამ საქართველო დატოვა, და მაშინაც კი, როდესაც ქვეყანა რუსების მიერ იქნა ოკუპირებული. რით აიხსნება ეს დამოკიდებულება?

ერთის მხრივ, მიზეზი პოლიტიკური იყო: მრავალი წლის განმავლობაში ნოე ჟორდანია და დევნილობაში მყოფი სხვა ლიდერები რეგულარულად ესწრებოდნენ სოციალისტური ინტერნაციონალის კონგრესებს, რომლებიც წლების განმავლობაში დაღმავალი სიხშირით, მაგრამ მაინც, აგრძელებდნენ რეზოლუციების მიღებას, რომლებიც მოითხოვდნენ რუსული სამხედრო ძალების გაყვანას საქართველოდან.

მეორეს მხრივ, არსებობდა იდეოლოგიური საფუძველიც. 1890-იანი წლებიდან მოყოლებული, ჟორდანია და მისი თანამებრძოლები კლასიკური მარქსიზმის მსოფლმხედველობის თანახმად ამტკიცებდნენ, რომ ეროვნული მთავრობები მნიშვნელოვანი, ხოლოდ ტრადიციული დიპლომატია კი სასოცოცხლოდ აუცილებელია, მაგრამ საბოლოო ჯამში, სოციალურ, კლასობრივ კუთვნილებას უფრო მნიშვნელოვანი როლი ენიჭებაო.

მეორე ინტერნაციონალი და მისი მემკვიდრე ორგანიზაციები, ქართველი სოციალ-დემოკრატების ხედვით, წარმოადგენდნენ მსოფლიო მნიშვნელობის პოლიტიკურ ძალას, თითქმის ისევე მნიშვნელოვანს, როგორიც სახელმწიფოებია. ეს დამოკიდებულება დიპლომატ ავალიშვილისთვის მაშინ აბსურდული იყო და, დიდი ალბათობით, დღესაც აბსურდულია თანამედროვე ისტორიკოსების დიდი ნაწილისათვის.

მაგრამ იმ დროს, ასეთი ხედვა ბევრს სულაც არ ეჩვენებოდა უაზროდ. 1907 წელს მეორე ინტერნაციონალის კონგრესის მიერ შტუტგარდში მიღებული რეზოლუცია მოუწოდებდა სოციალ-დემოკრატებს, შეეჩერებინათ მსოფლიო ომი და დაემხოთ კაპიტალიზმი. აღსანიშნავია, რომ თავად სოციალისტები კაცობრიობის უდიდესი ნაწილის აზრის გამომხატველად მიიჩნევდნენ თავს და შესაბამისად, მორალურ უპირატესობასაც იჩემებდნენ.

ამ რწმენამ გამოიარა პირველი მსოფლიო ომი და გაზიარებულ იქნა რუსეთში როგორც გამარჯვებული ბოლშევიკების, ასევე მათი მოწინააღმდეგე სოციალ-დემოკრატების მიერ. ბოლშევიკების თვალში, ის სოციალ-დემოკრატი პოლიტიკოსები, რომლებსაც ავალიშვილი “უმნიშვნელოდ” აფასებდა, სწორედაც რომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანნი იყვნენ.

ისინი ჯერ კიდევ სარგებლობდნენ დასავლეთში მშრომელთა დიდი უმრავლესობის კეთილგანწყობით და ამდენად დიდი გავლენა ჰქონდათ. ისეთ ქვეყნებში, როგორიც გერმანია და უფრო მეტიც, დიდი ბრიტანეთია, კომუნისტური პარტიები, რომლებიც კეთილგანწყობილებას გამოხატავდნენ ახალგაზრდა საბჭოთა სახელმწიფოს მიმართ ტრადიციულ სოციალ-დემოკრატებთან შედარებით ბევრად უფრო მცირერიცხოვანნი იყვნენ.

საბჭოეთის ლიდერები მერყეობდნენ მეორე ინტერნაციონალთან ურიერთობაში: ჯერ მათთან “ერთიანი ფრონტის” შექმნას ცდილობდნენ, შემდეგ კი – განსაკუთრებით სტალინის ხელმძღვანელობის პერიოდში – ისინი სოციალ-დემოკრატებს ფაშისტებზე ბევრად უკეთესებად არ მიინევდნენ.

ლეონ ტროცკი, წითელი არმიის კომისარი, რომელმაც ის ის იყო გამარჯვება მოიპოვა რუსეთის სამოქალაქო ომში, საქართველოში სოციალისტების დელეგაციის ვიზიტს იმდენად სერიოზულად უყურებდა, რომ მთელი წიგნიც კი გამოაქვეყნა ინგლისურ ენაზე, სათაურით: “წითელსა და თეთრს შორის”. ეს წიგნი კაუცკის მიერ საქართველოს დატოვების შემდეგ გამოქვეყნებული წიგნის საპასუხო გახლდათ.

წლების შემდეგ, ხელმძღვანელი ბოლშევიკები კომუნისტური ინტერნაციონალიდან  (კომინტერნი) – რომელიც ლენინის ხელმძღვანელობით 1919 წელს ჩამოყალიბდა – წარგზავნილ იქნენ ევროპაში შეხვედრების გასამართად, რათა გაერკვიათ, რა გადახდათ თავს საქართველოში ვიზიტის დროს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებს.

თუკი ვამბობთ, რომ ჟორდანია და მისი თანაპარტიელები, მეორე ინტერნაციონალის მნიშვნელობასთან დაკავშირებით დიდი ილუზიებით იკვებებოდნენ, მაშინ ისიც უნდა ვთქვათ, რომ იმავე ილუზიებს საბჭოეთის კომუნისტი ლიდერებიც იზიარებდნენ.

რაც შეეხება საქართველოს, საბოლოო ჯამში, მისი დამოუკიდებლობის გადასარჩენად საკმარისი არც ევროპის დედაქალაქებში ავალიშვილის დარი პრაგმატული დიპლომატების ძალისხმევა აღმოჩნდა საკმარისი და არც სოციალიზმის  საერთაშორისო გავლენის გამოყენების მცდელობა.

მართალია საქართველოში 1920 წელს ვიზიტით მყოფი სოციალისტი ლიდერები არ იყვნენ გლობალური სუპერ-სახელმწიფოს წარმომადგენლები, როგორც ამას  საქართველოს მენშევიკები და რუსი ბოლშევიკები თვლიდნენ, თუმცა ისინი წონიანი პოლიტიკური ლიდერები იყვნენ.

მათ მიერ საქართველოში მიღებული გამოცდილება, გამოცემული წიგნები და სტატიები, მრავალი წლის განმავლობაში ახდენდა გავლენას საზოგადოებრივ აზრზე დასავლეთში. მათი მემკვიდრეობა, განსაკუთრებით კი კარლ კაუცკის წიგნი, რომელიც სულ ახლახანს მრავალენოვან გამოცემად დაიბეჭდა, დღესაც ახდენს გავლენას სოციალ-დემოკრატიის განახლებაზე – და არა მხოლოდ საქართველოში.

ერიკ ლი

ერიკ ლი

ერიკ ლი უკვე ოცდაათი წელია საქართველოს პირველ რესპუბლიკას იკვლევს. ის ჟურნალისტი და ისტორიკოსია, აქტიურად მონაწილეობდა პოლიტიკურ და პროფკავშირულ ცხოვრებაში აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში. უკანასკნელ ხანებში, მან გამოსცა წიგნი ექსპერიმენტი: საქართველოს დავიწყებული რევოლუცია , რომელმაც მკითხველების დიდი მოწონება დაიმსახურა

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button