რესპუბლიკა 100

“დემოკრატია სოციალურის ინერციით” – რესპუბლიკა ახალი სკოლის შენებაში

Tags

ირაკლი ირემაძე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელი

1921 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ დაამტკიცა კონსტიტუცია, რომლის „XII თავი – სწავლა განათლება და სკოლა“ აცხადებდა (110-ე მუხლი) – „პირველდაწყებითი სწავლა საყოველთაო, უსასყიდლო და სავალდებულოა. საზოგადო სკოლების სისტემა ერთს ორგანულ მთლიანობას წარმოადგენს, სადაც პირველდაწყებითი სკოლა საფუძველია საშუალო და უმაღლესი სკოლისა. სწავლა-განათლება ყველა საფეხურის სკოლებში საეროა“; 112-ე მუხლი კი განსაზღვრავდა – „კერძო თაოსნობით დაარსებული სკოლა ემორჩილება საერო სასკოლო კანონს“.

განათლების სახელმწიფო ბიუჯეტი

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, თავისი დამოუკიდებლობის 1028 დღის განმავლობაში მუდმივად თავდაცვით ბრძოლაში იყო ჩართული და, ბუნებრივია, ისედაც არასტაბილური სახელმწიფო შემოსავლების დიდ ნაწილს  (30-40%) სამხედრო სფეროს ახარჯავდა. თუმცა, 1919-1920 წლებში სახალხო  განათლების სამინისტროსათვის საერთო ბიუჯეტის 7%, ანუ 137 456 956 მანეთი იყო გათვალისწინებული.

თუკი პირველი რესპუბლიკის მესვეურები განათლებას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდნენ,  ეს მათი პირადი ბიოგრაფიის, პარტიული გამოცდილებისა და პოლიტიკური მრწამსის შეზავების შედეგი იყო.

მასწავლებლები პროგრესისათვის

პუბლიცისტი გიორგი წერეთელი ქართველი სოციალ-დემოკრატების პირველ თაობას, „მესამე დასელებს“, შემდეგნაირად ახასიათებდა: „ისინი სოფლის მასწავლებლები, ინტელექტუალურად განვითარებული სემინარიელები და პედაგოგთა ინსტიტუტის კურსდამთავრებულები არიან, რომლებსაც მიზნად დაუსახავთ გაუნათლებელი ხალხისთვის წერა-კითხვის სწავლება, მათთვის მეცნიერთა ნათელი და დასაბუთებული შეხედულებების გაცნობა და მსოფლიოში განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ სიარული.“

ამ თაობის წარმომადგენლები ერთგვარ განმანათლებლებადაც მოგვევლინენ, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში. მესამე დასელმა, თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებულმა,  ისიდორე რამიშვილმა XIX საუკუნის 80-90-იან წლებში სკოლა დაარსა მშობლიურ, სურების ხეობაში, შექმნა გურიის სახალხო ბიბლიოთეკა . მოგვიანებით, სოციალ-დემოკრატები ორგანიზებას უწევდნენ მუშათა კითხვის წრეებს ინდუსტრიულ არეალებში, მართავდნენ სახალხო უნივერსიტეტებს თბილისსა და რეგიონებში. ამდენად, ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის მოპოვებამდე, ორი ათწლეულის განმავლობაში ისინი აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობასთან ერთად, საგანმანათლებლო საქმიანობასაც მისდევდნენ.

ნოე ცინცაძე – სახალხო განათლების მინისტრის ამხანაგი (მოადგილე) სასკოლო განათლების რეფორმის ავტორი.

ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ, 1917 წლის ნოემბერში, პოლიტიკურმა ძალებმა საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობა მოიწვიეს, რომელზეც ერთგვარი პირველადი წარმომადგენლობითი ორგანო – ეროვნული საბჭო აირჩიეს. სწორედ ეროვნულმა საბჭომ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს.  საქართველოს მაშინდელ ხელმძღვანელობაში საკანონმდებლო ორგანოსა და მთავრობის წევრთა საკმაო ნაწილს პედაგოგები შეადგენდნენ. ეს ტენდენცია პირველი რესპუბლიკის არსებობის განმავლობაში შენარჩუნდა – 1919 წელს არჩეული დამფუძნებელი კრების წევრთა 18% პედაგოგი იყო.

ამდენად, არაა გასაკვირი, რომ თუმცა საქართველოს პოლიტიკური პერსპექტივა 1917 წელს ჯერ კიდევ ბუნდოვანი იყო, ეროვნულ საბჭოში თავიდანვე ჩამოყალიბდა სასკოლო და ხელოვნების კომისია, რომელიც აქტიურად ჩაერთო საქართველოში არსებულ სკოლათა რეორგანიზაციაში. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, სასკოლო კომისიას ფუნქციები გაეზარდა და საბოლოოდ „სახალხო განათლების კომისია“ ეწოდა. დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ფორმირების პროცესში შეიქმნა სახალხო განათლების სამინისტრო, რომელსაც დაევალა ძირეული რეფორმის მომზადება და გატარება.

განათლების მინისტრის პოსტი კოალიციურ მთავრობაში ოპოზიციური პარტიის, სოციალ-ფედერალისტების ლიდერმა გიორგი ლასხიშვილმა დაიკავა. განათლების სისტემის რეფორმის ავტორი განათლების მინისტრის ამხანაგი (მოადგილე) ნოე ცინცაძე გახდა, რომელიც თავადაც პედაგოგი იყო.

იმპერიიდან რესპუბლიკისკენ

დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან, საქართველოს  დემოკრატიული რესპუბლიკას მთელი რიგი ინსტიტუტების შექმნა თავიდან მოუწია. პოლიტიკური ინსტიტუტების ჩამოყალიბებასთან ერთად, მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა განათლების სისტემის დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული გარდაქმნა და თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემის ჩამოყალიბება.

რუსეთის იმპერიის პირობებში, საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა განათლების მიღების შესაძლებლობას სრულიად მოკლებული იყო. „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ საქმიანობამ მდგომარეობა მეტნაკლებად გამოასწორა, თუმცა, განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემა, მით უფრო, საერო და ქართულ ენაზე განათლების მიღება, მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილს შეეძლო.

გარდა მისი მწირი ხელმისაწვდომობისა, რუსული საიმპერიო რეჟიმის პირობებში არსებული სასკოლო სისტემა იდეოლოგიურადაც გამოუსადეგარი იყო დემოკრატიულ პრინციპებზე მშენებარე რესპუბლიკისათვის. 1918 წლის ზაფხულში განათლების სამინისტროდან სკოლის დირექტორებისადმი გაგზავნილ ცირკულარში ვკითხულობთ: „უთანასწორობაზე დამყარებულ  წესწყობილებასთან ერთად ჩვენი სწავლა განათლების სისტემაც ძირფესვიანად უნდა შეიცვალოს. ყოველგვარი დაბრკოლება, რომელიც ხელს უშლის დაწყებითი სკოლის მოწაფეებს, განაგრძონ სწავლა საშუალო სკოლის უმაღლეს კლასებში, უნდა მოისპოს, რათა სკოლა გაერთიანდეს სოციალურად“.

სამწუხარო მოცემულობა

განათლების სისტემასთან დაკავშირებით არაერთი პრობლემა მთავრობისაგან სწრაფ და ეფექტურ გადაწყვეტას საჭიროებდა. პირველი რიგის პრობლემა სკოლათა მცირე რაოდენობა იყო: 1914 წლისათვის საქართველოში ყველა საფეხურის მხოლოდ 864 სკოლა არსებობდა. დაახლოებით ამდენივე სკოლა მუშაობდა 1917 წელსაც.

მთავრობამ ჯერ კიდევ რეფორმის ერთიანი სტრატეგიის შემუშავებამდე დაიწყო არსებული სასულიერო და საერო სკოლების გარდაქმნა საჯარო სკოლებად. მთავრობამ თავის თავზე აიღო სკოლათა მოვლა-პატრონობის, მასწავლებელთა შრომის ანაზღაურებისა და სხვა საკითხები.

არსებულ სკოლათა ტერიტორიული განაწილება კატასტროფულად არათანაბარი იყო: მათი დიდი ნაწილი ქალაქებსა და დასავლეთ საქართველოს რამოდენიმე მაზრაში (ოზურგეთი, შორაპანი, ქუთაისი) იყო თავმოყრილი. 1914 წლისათვის სკოლებში დაახლოებით 80 000 მოსწავლე სწავლობდა და ეს რიცხცი 1917 წლისათვის მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, მაშინ, როდესაც სახალხო განათლების კომისიის უხეში დაანგარიშებით (მოსახლეობის ზუსტი სტატისტიკა არ არსებობდა) საქართველოში 200 ათასზე მეტი სასკოლო ასაკის მაცხოვრებელი უნდა ყოფილიყო.

სისტემის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენდა ქართულ ენაზე სახელმძღვანელოების არარსებობა. რუსეთის იმპერიის პირობებში სკოლებში სასწავლო პროცესი ძირითადად რუსულ ენაზე მიმდინარეობდა, შესაბამისად, ქართულ ენაზე სახელმძღვანელოების მხოლოდ მცირე ნაწილი არსებობდა.

კიდევ ერთი გამოწვევა მასწავლებელთა სიმცირე იყო: საქართველოში არსებული პედაგოგიური სასწავლებლები ვერ ამზადებდნენ საკმარის კადრებს  სკოლებისათვის. უფრო პრობლემური იყო კონკრეტული პროფილის პედაგოგთა არასაკმარისი რაოდენობა, განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში.

პირველი ნაბიჯები

1918 წლის ზაფხულშივე, ერთიანი რეფორმის განხორციელებამდე, განათლების სამინისტროს მიერ გიმნაზიებისათვის სასწავლო საგნობრივი ბადე დამტკიცდა. გიმნაზიებში, რომელიც 8 კლასისაგან შედგებოდა ისწავლებოდა: ქართული, რუსული, გერმანული, ფრანგული და ინგლისური ენები, ფილოსოფიის პრობლემატიკა, კანონმდებლობა, არითმეტიკა, გეომეტრია, ალგებრა, ტრიგონომეტრია, ფიზიკა, საქართველოს ისტორია, მსოფლიო ისტორია, გეოგრაფია, ბუნებისმეტყველება, ხატვა და გალობა.

1918 წლის ზაფხულშივე თბილისში გაიმართა საშუალო სკოლის მასწავლებელთა სპეციალური გადასამზადებელი კურსები, კურსებზე მასწავლებლებს ლექციები წაუკითხეს პროფესორებმა: ივანე ჯავახიშვილმა, დიმიტრი უზნაძემ, იოსებ ყიფშიძემ, გიორგი ახვლედიანმა, ალექსანდრე ჯავახიშვილმა, ნოე ყიფიანმა და სხვებმა.

პროფესორი დიმიტრი უზნაძე, თბილისის ქართული უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, გამოჩენილი ფსიქოლოგი და ისტორიკოსი. (ბიოგრაფიისათვის, დააწკაპუნეთ სურათზე)

1918 წლის შემოდგომიდან სკოლათა დიდი ნაწილში სწავლება უკვე ქართულ ენაზე მიმდინარეობდა. მუშაობდა ეთნიკური უმცირესობების  – სომხური, აზერბაიჯანული და რუსული სკოლებიც, სადაც სწავლება მათ მშობლიურ ენებზე წარიმართეობდა.

1918 წლის ნოემბერში მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა სკოლებში საღვთო სჯულის სწავლებასთან დაკავშირებით. საიმპერიო სისტემაში სასულიერო სწავლებას საკმაოდ დიდი ადგილი ეთმობოდა. 26 ნოემბერს პარლამენტის განათლების კომისიის თავმჯდომარის ლეო ნათაძის ინიციატივით, პარლამენტმა მიიღო კანონი „საღვთო სჯულის სწავლების გაუქმების“ შესახებ, რომლის საფუძველზეც ყველა სახაზინო და კერძო სკოლაში შეწყდა საღვთო სჯულის სწავლება. ამ საგნის სწავლებას სკოლა მხოლოდ მშობლების სურვილისა და დაფინანსების შემთხვევაში,  დაუთმობდა სივრცეს და დამატებით დროს. აღნიშნული კანონი დაიწუნეს მემარჯვენეებმა; ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ მთავრობა პარლამენტის ტრიბუნიდან და პრესის საშუალებით გააკრიტიკა. ასევე არაერთგვაროვნად შეხვდა ამ პროცესს საზოგადოებაც. პროტესტის მიუხედავად, საბოლოოდ კანონი განხორციელდა. საინტერესოა, რომ მთავრობამ არჩია – როგორც ჩანს პოლიტიკური მგრძნობიარობის გამო – არ განეხორციელებინა  ეს კანონი მუსლიმებით დასახლებულ ტერიტორიებზე, სადაც საღვთო სჯულის სწავლება შემდგომაც გრძელდებოდა.

სისტემის შექმნისაკენ

განათლების სისტემის რეფორმის ჩარჩოზე მუშაობა თითქმის ერთ წელს გაგრძელდა. მთავრობაც და საკანონმდებლო ორგანოც იზიარებდა მოსაზრებას, რომ განათლების სფეროში ნებისმიერი რეფორმის დამაბრკოლებელი ფაქტორი, გარდა ქვეყნის ფინანსური გაჭირვებისა, იქნებოდა პედაგოგთა სიმცირე და კვალიფიკაცია. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, 1919 წელს, რეფორმის დაწყებამდე, დამფუძნებელმა კრებამ განიხილა და დაამტკიცა კანონი, რითაც დაწყებითი სკოლების მასწავლებლების მოსამზადებლად  უნდა შექმნილიყო კურსები. ამისათვის სახელმწიფოს ხაზინიდან გამოიყო ფინანსები. თითოეულ კურსზე 250 ადამიანს შეეძლო მომზადება, მომზადების პროცესი 2 თვეს გრძელდებოდა.

ლევან ნათაძე, განათლების კომისიის თავმჯდომარე (ბიოგრაფიისათვის, დააწკაპუნეთ სურათზე ).

კურსებთან ერთად, პედაგოგიური სასწავლებლები და თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტი განათლების სამინისტროს დაექვემდებარა, გაფართოვდა პედაგოგის მომზადების პროცესი. თუმცა, პედაგოგთა მომზადების კურსების დაჩქარებულად განხორციელების მიუხედავად, სკოლების იმდენად სწრაფი ტემპით იხსნებოდა, რომ მასწავლებელთა შესაბამისი რაოდენობა მაინც ვერ გადამზადდა.

თავად მოქმედ მასწავლებელთა მატერიალური მდგომარეობაც ძალზე მძიმე იყო, განათლების სამინისტროს კანცელარიაში განუწყვეტლივ შემოდიოდა მასწავლებელთა თხოვნები ფულადი დახმარების აღმოჩენის შესახებ. პრესაში იბეჭდებოდა სტატიები მასწავლებელთა ხელმოკლეობის თაობაზე. მუდმივი ინფლაციისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე მასწავლებელთა ხელფასები არსებობისთვის საკმარისი არ იყო. დამფუძნებელმა კრებამ, ქრისტინე შარაშიძის ინიციატივით, რამდენჯერმე მიიღო დეკრეტები მასწავლებელთა ხელფასების ზრდისა და დანამატების გაცემის შესახებ, თუმცა მდგომარეობა მნიშვნელოვნად ვერ გაუმჯობესდა.

სასკოლო განათლების კიდევ ერთ პრობლემას წარმოადგენდა ღარიბ მოსწავლეთა სკოლაში ჩარიცხვა და სიარული. ხელმოკლეობის გამო ოჯახები ხშირად მიმართავდნენ განათლების სამინისტროს მოსწავლეთათვის ტანსაცმლისა და სხვა საჭირო ნივთების მიცემის თხოვნით. განათლების სამინისტრო უკიდურესად ღარიბ და ობოლ მოსწავლეებს უკმაყოფილებდა სკოლაში დასასწრებად აუცილებელ ელემენტარული მოთხოვნილებებს.  საინტერესოა რომ 1921 წელს კონსტიტუციაში ჩაიწერა – „სახელმწიფო მიზნად ისახავს: პირველდაწყებით სკოლაში უღარიბეს ბავშვებს საზრდო, ჩასაცმელ-დასახური და სასწავლო ნივთები უფასოდ მიეცეს. ამ მიზნის განსახორციელებლად სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობანი თავის შემოსავლის ერთ ნაწილს გადასდებენ ყოველ წლიურად.“

„დემოკრატიზმი სოციალურის ინერციით“: რეფორმის დოკუმენტი

1919 წლის ზაფხულში დასრულდა სასკოლო განათლების სისტემის ერთიანი რეფორმის შესახებ დოკუმენტის მომზადება. რეფორმის ავტორმა, სახალხო განათლების მინისტრის ნოე რამიშვილის ამხანაგმა, ნოე ცინცაძემ, 1919 წლის 17 ივლისს მთავრობის სხდომაზე წარმოადგინა მოხსენება „საშუალო სკოლათა რეორგანიზაციის შესახებ“, რომელის დასაწყისშივე გაცხადებული იყო – „ძველი სკოლა თავისი მიმართულებითა და შინაარსით ძველი სინამდვილის ღვიძლი შვილია და ცხადია, დღევანდელ ცხოვრებას და მის მიზნებს იგი ვერ დააკმაყოფილებს. მას აუცილებლად გარდაქმნა, რეორგანიზაცია ეჭირვება“.

რას მოიაზრებდა მთავრობა ახალი რეალობისთვის შესაბამისი სასკოლო განათლების საფუძვლად? – „დემოკრატიზმი სოციალურის ინერციით – აი მთავარი საფუძველი, რომელზედაც ჩვენი ახალი სკოლა უნდა აღმოცენდეს, ადამიანის მთლიანი ჰარმონიული და კერძოდ ბუნების, მისი ნებისყოფის განვითარება – აი უმთავრესი მიზანი, რომელსაც სკოლა უნდა ემსახურებოდეს!  თავდაპირველად აღსანიშნავია, რომ თანასწორობის იდეაზე აგებულს დემოკრატიულ სახელმწიფოში ყოვლად შეუწყნარებელია, რომ სოციალურად და წოდებრივად განკერძოებულს ერის ყოველ წრეს, ყოველ კლასს, ჰქონდეს თავისი საკუთარი დამოუკიდებელი გზა განვითარებისთვის. თანასწორობა არა მარტო უფლებრივი მოვლენაა, იგი აუცილებლად კულტურულ თანასწორობას ჰგულისხმობს, და, მაშასადამე, მთელი საზოგადოების ცოცხალი ძალები თავისი განვითარებისათვის ერთგვარს, თანასწორსა და თანაბარ პირობებში უნდა იყოს. ცხადია, რომ  საზოგადოების ყველა ელემენტისათვის ერთი საერთო განათლების სკოლაა საჭირო თავისი შინაარსით, თავისი პროგრამით… … ყველასათვის ერთი ისეთი სკოლა უნდა შეიქმნას, რომელიც როგორც თავისის შინაარსით, ისე შემადგენლობითაც ერთიანი იქნება“.  

განათლების ახალი რეფორმის თანახმად, ერთიანი სასკოლო სისტემა შედგებოდა სამი საფეხურისაგან. სკოლის პირველ საფეხურს წარმოადგენდა ე.წ „სახალხო სკოლა“, რომელიც ერთგვარ მოსამზადებელ (დაწყებით) კლასებს წარმოადგენდა. სკოლის მეორე საფეხური უმაღლეს დაწყებით სკოლა იყო, რომელიც 4 კლასს აერთიანებდა, სკოლის მესამე საფეხურს კი 4 კლასიანი საშუალო სკოლა წარმოადგენდა, რომელიც მე-5 კლასიდან იწყებოდა. რეფორმის გეგმის თანახმად, თავდაპირველად საშუალო სკოლის საფეხური ერთიანი პროგრამით იმუშავებდა, თუმცა მომავალში შესაძლებელი იყო, მოსწავლის სურვილის შესაბამისად, პროფილური დიფერენციაცია.

უკვე 1920 წლიდან მოსწავლეებს შეეძლოთ სწავლა გაეგრძელებინა სასოფლო-სამეურნეო (საბუნებისმეტყველო) საშუალო სკოლაში, რომელიც კონკრეტული მიმართულებით ამზადებდა მოსწავლეებს. სასოფლო-სამეურნეო საშუალო სკოლები განათლების სამინისტროსთან კორდინაციით, მიწათმოქმედების სამინისტროს დაქვემდებარებაში იარსებებდა, სკოლის მიზანი სპეციალურ კანონით იყო გაწერილი -„სასოფლო-სამეურნეო საშუალო სკოლის მიზანია მოწაფისათვის სამეცნიერო ნიადაგზე დამყარებული თეორიულ-პრაქტიკული ცოდნის მიწოდება სოფლის მეურნეობის სხვადა-სხვა დარგში და ამ გზით სოფლის მეურნეთა კადრის მომზადება.“

სასკოლო განათლების რეფორმა გულისხმობდა ბიფურკაციის ხელშეწყობას, მოწაფეთა ნიჭის ინდივიდუალიზაციას, თუმცა თავად რეფორმის ავტორის  განცხადებით, საქართველოში არსებული საგანმანათლებლო პრობლემებისა და კულტურული სინამდვილის პირობებში ეს პროცესი რთულად წარიმართებოდა, მაგრამ განისაზღვრა, რომ სამინისტროს ამ გზით უნდა ევლო. რეფორმის გეგმაში განხილული იყო ევროპული სასკოლო სისტემის მოდელები.

საბოლოოდ რეფორმის სტრატეგიით შემუშავდა რამოდენიმე ეტაპიანი გეგმა,  რომელიც 1919 წელს უნდა დაწყებულიყო და 1923 წელს დასრულებულიყო. გეგმაში განხილული  იყო მიზნებიდან გამომდინარე სასკოლო პროგრამის შედგენის საკითხი. არსებული გამოცდილებიდან გამომდინარე, უარი ითქვა კლასიკური ენების (ლათინური, ძველ ბერძნული) სწავლებაზე, სამაგიეროდ – გერმანული, ფრანგული და ინგლისური ენების გაძლიერებულად სწავლის გადაწყვეტილება მიიღეს. სკოლაში უნდა გაძლიერებულიყო საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლება.

პროგრამას დაემატა ფსიქოლოგიის, პოლიტიკური ეკონომიის, ლოგიკის და სამართალის, ასევე ფიზიკური ვარჯიშის და ხელსაქმის საგნები. საბოლოოდ, რეფორმის გეგმის თანახმად, სასკოლო პროგრამაში შეტანილი იქნა შემდეგი საგნები – „სასწავლო გეგმა ჩვენი სკოლისა: ჰუმანიტარული საგნები: ქართული ენა და სიტყვიერება, რუსული და მსოფლიო ლიტერატურა, ორი უცხო ენა მათ შორის ერთი რუსული, მეორე არჩევით ფრანგული, ან გერმანული ან ინგლისური, ისტორია,  პოლიტიკური ეკონომია, სამართლის მეცნიერება, ფსიქოლოგია, ლოღიკა; სამათემატიკო-საბუნებისმეტყველო საგნები: მათემატიკა,  გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბუნებისმეტყველება და ჰიგიენა; აღმზდელობითი საგნები: ფიზიკური ვარჯიშობა, სიმღერა-გალობა, მუსიკა, ხელსაქმე და ხელგარჯილობა“.

რეფორმის პროექტში წარმოდგენილი იყო სახელმძღვანელოების არარსებობის პრობლემების გადაჭრის გზებიც. სასწავლო კომიტეტის შექმნის საკითხი, რომელიც რეცენზირებასა და შეფასებას გაუკეთებდა სასკოლო წიგნებს. 1920-1921 სასწავლო წლის დასაწყისში სასკოლო წიგნების დიდი ნაწილი ქართულ ენაზე უკვე არსებობდა,  ნაწილი დაიწერა ქართველი ავტორების მიერ, ნაწილი კი ითარგმნა. განათლების სამინისტროსა და მასწავლებელთა კავშირის ხელშეწყობით გამოდიოდა სპეციალური საგანმანათლებლო და პედაგოგიური პერიოდული გამოცემები.

განათლების რეფორმის ფარგლებში დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული იქნა კანონი „დებულება საშუალო სკოლის რეორგანიზაციისა“, რომელშიც გაცხადებული იყო – „საქართველოს რესპუბლიკის საერთო განათლების ყველა საშუალო სკოლა, რომელსაც მთავრობა თავისი ხარჯით ინახავს ერთი ტიპისაა“ …“საერთო განათლების საშუალო სკოლის მიზანია აღზარდოს მოზარდი თაობა და მისცეს მას დასრულებული  მთლიანი საშუალო განათლება და იმავე დროს მოამზადოს უმაღლესი სასწავლებლისთვის.“

სახალხო განათლების სამინისტროში შეიქმნა რეფორმის გატარების კომისია, რომელსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დიმიტრი უზნაძე ხელმძღვანელობდა. რეფორმის განხორციელების გზაზე სამინისტრო დაეყრდნო მონტესორის სწავლების მეთოდს, სამინისტრომ რეფორმის პირველი ტალღის დროს მარია მონტესორის რამოდენიმე მოსწავლის ჩამოყვანაც დაგეგმა, საქართველოს საშუალო სკოლის მასწავლებელთათვის გამოცდილების გასაზიარებლად.

განათლების რეფორმის პარალელურად მიმდინარეობდა ადგილობრივი თვითმმართველობების რეფორმის განხორციელებაც, რომლის თანახმადაც, იზრდებოდა თვითმართველობების როლი სკოლების მართვასა და  ზრუნვის კუთხით.

დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში ფუნქციონირებდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სპეციალიზირებული სკოლები. თბილისში მოქმედებდა ყრუ-მუნჯთა და უსინათლოთა სკოლა. სამინისტროს დაფინანსებით შეიქმნა სასწავლო პროგრამები სპეციალური სკოლების მოსწავლეებისათვის.

სასკოლო განათლების რეფორმამ, მიუხედავად არაერთი რთული  გამოწვევისა, მნიშვნელოვანი შედეგი მაინც მოიტანა. პირველი ტალღის ბოლოს, 1920 წელს, ყველა სახის  სკოლათა რაოდენობა 1914 წელთან შედარებით 123%-ით გიაზარდა და 1924-ს შეადგენდა (თუმცა, მათი გარკვეული რაოდენობა ფორმალურად არსებობდა), ხოლო მოსწავლეთა რაოდენობა კი გაორმაგდა და თითქმის 162 000 შეადგინა.

უმაღლესი განათლება

პირველი ქართული უმაღლესი სასწავლებელი – ტფილისის ქართული უნივერსიტეტი – საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე 4 თვით ადრე გაიხსნა, თუმცა მისი განვითარების საწყისი ეტაპი სრულად საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაზე იყო გადაჯაჭვული. 1918 წლის 27 აგვისტოს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ დაამტკიცა კანონი ქართული უნივერსიტეტისათვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსის მინიჭების შესახებ. სახელმწიფომ გამოუყო პირდაპირი  საბიუჯეტო დაფინანსება უნივერსიტეტს, შემდგომში გადასცა შენობა და სხვა არაერთი მატერიალური დახმარება გაუწია. რესპუბლიკის მთავრობა აფინანსებდა უნივერსიტეტისათვის წიგნების შეძენას, ლაბორატორიების შექმნას და უცხოელ პროფესორთა მოწვევას. უნივერსიტეტის პროფესორები ჩართული იყვნენ განათლების რეფორმის გატარების პროცესში, ქმნიდნენ სახელმძღვანელოებს სკოლებისა და უნივერსიტეტისთვის.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საარქივო ფოტო, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

უმაღლესი განათლების კუთხით დემოკრატიული რესპუბლიკის ერთ-ერთი მთავარი ინიციატივა იყო ახალგაზრდა მეცნიერებისა და წარჩინებული სტუდენტების საზღვარგარეთ განათლების მისაღებად მივლინების პროგრამის დანერგვა. ამ პროგრამის მეშვეობით ასამდე ქართველი ახალგაზრდა გაიგზავნა დასავლეთ ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში ცოდნის მისაღებად და გასაღრმავებლად, მათ შორის ცნობილი მხატვრები ლადო გუდიაშვილი, დავით კაკაბაძე, შალვა ქიქოძე, ცნობილი ავიაკონსტრუქტორი ალექსანდრე ქართველი.

რესპუბლიკაში მოქმედებდა კერძო რუსული უნივერსიტეტი. ასევე პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელზეც, მეურვეობა სახელმწიფო მოგვიანებით აიღო და ხელი შეუწყო ტექნიკური დარგების სწავლების განვითარებას. დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობისა ხელშეწყობით შეიქმნა და განვითარდა არაერთი სპეციალური სასწავლო კურსი და სკოლა, სადაც მსმენელები კონკრეტულ პროფესიებს ეუფლებოდნენ, მაგ: ბუღალტერია, ექთნობა, ბიბლიოთეკარობა, ინჟინერია, რკინიგზის მემანქანეობა, მიწის მზომელობა, აგრონომია, ვეტერინარია, ფოსტის მოხელეობა და სხვა.

სახელმწიფო მოხელეებისათვის – რომელთაგანაც ბევრი იმპერიული ადმინისტრაციიდან შემორჩა და ქართულ ენას სათანადოდ ვერ ფლობდა – შეიქმნა სპეციალური კურსები ქართულ ენის შესასწავლად, რომლის მსმენელებიც ძირითადად არაქართველი მოხელეები იყვნენ.

სკოლისშემდგომი განათლების კუთხით დემოკრატიულ რესპუბლიკაში აქტიურად მოქმედებდა სახალხო უნივერსიტეტის ქსელი, რომელიც ძირითადად სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან, მუშათა კლუბებთან, პროფკავშირებთან და თვითმმართველობებთან არსებობდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში სახალხო უნივერსიტეტებზე მეურვეობა განათლების სამინისტრომ აიღო. შინაგან საქმეთა სამინისტროს, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სკოლების ერთიანი მუშაობით, 1920 წლის დასაწყისისთვის საქართველოს ორიათასზე მეტ სოფელში მოქმედებდა სასოფლო ბიბლიოთეკა, რომლებსაც მიეწოდებოდა პრესა და წიგნები.

This post is also available in: English (ინგლისური)

Back to top button