skip to content
ახალი ამბები

სოციალური სამართლიანობის ცენტრი: აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა 7 თებერვალს სერიოზული შეშფოთება გამოხატა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობის სწრაფი გაუარესების გამო. სადიგოვი უკვე 142 დღეა შიმშილობს და საქართველოდან აზერბაიჯანში ექსტრადიციის გარდაუვალი რისკის წინაშე იმყოფება.

უფლებადამცველი ორგანიზაციის თქმით, 2 თებერვალს, სადიგოვმა ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ, აბსოლუტური შიმშილობა გამოაცხადა და უარი თქვა წყლის მიღებაზე.  ჟურნალისტის ამ რადიკალური გადაწყვეტილების მიზეზი გახდა სასამართლოს მიერ მისი წინასწარი პატიმრობის 3 თვით გაგრძელება, „მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო დროებითი ზომა, რომელიც კრძალავს მის აზერბაიჯანში გადაცემას“.

„5 თებერვალს აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა და იგი რამდენიმე საათის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების მედიკოსების ჩარევით ის კრიზისული მდგომარეობიდან გამოიყვანეს და  ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია“, – აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

მისივე თქმით, 6 თებერვალს, ოჯახის თხოვნითა და ადვოკატების რეკომენდაციით, აფგან სადიგოვმა თანხმობა განაცხადა წყლის მიღებაზე, თუმცა ის კვლავ აგრძელებს სრულ შიმშილობას

ორგანიზაცია აცხადებს, რომ ამ დროისთვის სადიგოვის წონა 56 კილოგრამს შეადგენს, რაც დაკავების შემდეგ 40 კილოგრამზე მეტით არის შემცირებული. „პენიტენციური დაწესებულების ექიმების შეფასებით, ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ მისი ჯანმრთელობისთვის მოსალოდნელი ზიანი შეიძლება შეუქცევადი აღმოჩნდეს“, – აცხადებს ორგანიზაცია. სადიგოვი 2024 წლის 21 სექტემბრიდან შიმშილობს.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს აფგან სადიგოვის ინტერესების დაცვას და საზოგადოებას მის მდგომარეობასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმის მიმდინარეობის შესახებ განახლებულ ინფორმაციას პერიოდულად მიაწვდის“, – აცხადებს ორგანიზაცია.

გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტი საქართველოში 2023 წლის დეკემბრიდან ცხოვრობს. სადიგოვი აზერბაიჯანში 2020 წლის მაისში გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით მას შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რომელიც საბოლოოდ უზენაესმა სასამართლომ ოთხ წლამდე შეამცირა. თუმცა, დაახლოებით ორი წლის პატიმრობის შემდეგ ამნისტიით გაათავისუფლეს. მან 242 დღის განმავლობაში შიმშილობა გამოაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ იგი ამნისტიით გაათავისუფლეს ორწლიანი პატიმრობის შემდეგ, ხანგრძლივმა პროტესტმა მას ჯანმრთელობა შეურყია და საზღვარგარეთ.სპეციალიზებული სამედიცინო მკურნალობის საჭიროება წარმოშვა. საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის Amnesty International-მა და ეუთო-მ, მოუწოდეს საქართველოს არ გადასცეს აფგან სადიგოვი აზერბაიჯანს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button