skip to content
ახალი ამბები

საერთაშორისო უფლებადამცველები საქართველოს ხელისუფლებას აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ექსტრადიციის წინააღმდეგ მოუწოდებენ

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა, Amnesty International-მა და პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმა (IPI), საქართველოს ხელისუფლებას აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციის წინააღმდეგ მოუწოდეს.  სადიგოვი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს.

„საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს აფგან სადიგოვის ექსტრადირების მცდელობები – საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ვალდებულებებისა და არგაძევების პრინციპის შესაბამისად – და უზრუნველყოს საერთაშორისო დაცვა მისი და მისი მეუღლისთვის, თუ ისინი ამას მოითხოვენ. ეჭვგარეშეა, რომ მის ექსტრადიციას აზერბაიჯანში თან ახლავს მისი უფლეების დარღვევის სერიოზული რისკები, მათ შორის წამების, თავისუფლების თვითნებური აღკვეთისა და არასამართლიანი სასამართლოს რისკები. სადიგოვის საქმე არის აზერბაიჯანში დამოუკიდებელი მედიის აღმოფხვრის ტენდენციის გაგრძელება, რომელიც კიდევ უფრო გაძლიერდა გაეროს კლიმატის ცვლილების კონვენციის მხარეთა კონფერენციის (COP 29)-წინ“, – აღნიშნა Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში დირექტორის მოადგილემ დენის კრივოშეევმა.

Amnesty International-ი მოუწოდებს აზერბაიჯანის ხელისუფლებას „შეაჩეროს ჟურნალისტებისა და ხელისუფლების სხვა ოპონენტების მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა, ვინც მხოლოდ გამოხატვის თავისუფლების უფლების გამოყენების გამო დააპატიმრეს“.

IPI-მ ასევე მოითხოვს სადიგოვის „დაუყოვნებელ გათავისუფლებას“ საექსტრადიციო პატიმრობიდან და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას „არ გადასცეს“ ის აზერბაიჯანს და „უფლება მისცეს მას დატოვოს საქართველო“.

საქართველოში დაკავებამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე სადიგოვს უარი უთხრეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თურქეთში გამგზავრებაზე და სასაზღვრო კონტროლის თანამშრომლებმა უთხრეს, რომ მას მხოლოდ აზერბაიჯანში შეეძლო გამგზავრება.

გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტი საქართველოში გასული წლის დეკემბრიდან ცხოვრობს. სადიგოვი აზერბაიჯანში 2020 წლის მაისში გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით მას შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რომელიც საბოლოოდ უზენაესმა სასამართლომ ოთხ წლამდე შეამცირა. თუმცა, დაახლოებით ორი წლის პატიმრობის შემდეგ იგი ამნისტიით გაათავისუფლეს. სადიგოვი ციხეში 242 დღის განმავლობაში შიმშილობდა.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button