skip to content
ახალი ამბები

თბილისში დაკავებულ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს ექსტრადიცია ემუქრება

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, Azel.tv-ის მთავარი რედაქტორი აფგან სადიგოვი თბილისში დააკავეს და მას სავარაუდოდ ექსტრადიცია ემუქრება. ინფორმაცია და ვიდეომასალა დაკავების თაობაზე პირველად ჟურნალისტის მეუღლემ, სევინჯ სადიგოვამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, რომელიც აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულადაა განწყობილი, 17 ივლისს უარი უთხრეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თურქეთში გამგზავრებაზე. სასაზღვრო კონტროლის წარმომადგენლებმა მას უთხრეს, რომ მხოლოდ აზერბაიჯანში შეეძლო გაფრენა.

საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ იტყობინება, რომ მისი დაკავება საინფორმაციო სააგენტოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ დაკავებული იქნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტზე ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე ა. ს. მისი შემდგომი ექსტრადირების მიზნით. აღნიშნული პირი, 2024 წლიდან მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის იძებნებოდა“, – განაცხადეს შსს-ში.

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს სამი თვის ვადით საექსტრადაციო პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ქეთევან ჯაჭვაძემ 4 აგვისტოს მიიღო.

შენიშვნა: მასალა განახლდა 5 აგვისტოს 12:05 საათზე და მას თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დაემატა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button