skip to content
ახალი ამბები

აშშ საქართველოს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის „სასწრაფოდ“ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 6 აგვისტოს მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლონ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი, რომელიც 3 აგვისტოს თბილისში დააკავეს და რომელსაც ახლა აზერბაიჯანში ექსტრადირება ემუქრება, იტყობინება ვაშინგტონის კორესპონდენტი ალექს რაუფოღლუ.

„ჩვენ ძალიან შეშფოთებულნი ვართ აფგან სადიგოვის თბილისში დაკავების გამო. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას პატივი სცეს ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს და სასწრაფოდ გაათავისუფლოს იგი“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

მან ასევე განაცხადა, რომ დაკავება აზერბაიჯანის სამოქალაქო საზოგადოების დარბევისა და დაპატიმრების კონტექსტში ხდება და დასძინა, რომ აშშ მოუწოდებს აზერბაიჯანის ხელისუფლებას, „დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული ყველა პირი, თავი შეიკავოს სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმისგან, მათ შორის საზღვრებს მიღმა, და შეწყვიტოს პრესის თავისუფლების შელახვის მცდელობები“.

საქართველოში დაკავებამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე სადიგოვს უარი უთხრეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თურქეთში გამგზავრებაზე და სასაზღვრო კონტროლის თანამშრომლებმა უთხრეს, რომ მას მხოლოდ აზერბაიჯანში შეეძლო გამგზავრება.

გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტი საქართველოში გასული წლის დეკემბრიდან ცხოვრობს. სადიგოვი აზერბაიჯანში 2020 წლის მაისში გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით მას შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რომელიც საბოლოოდ უზენაესმა სასამართლომ ოთხ წლამდე შეამცირა. თუმცა, დაახლოებით ორი წლის პატიმრობის შემდეგ იგი ამნისტიით გაათავისუფლეს. სადიგოვი ციხეში 242 დღის განმავლობაში შიმშილობდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button