შაჰინმა და რიშმა საქართველოს არჩევნების საპასუხოდ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს
ამერიკელმა მაღალი რანგის სენატორებმა ჯინ შაჰინმა და ჯიმ რიშმა საქართველოში საპარლამენტო არჩევნების საპასუხოდ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, იტყობინება ამერიკის ხმის (VoA) ქართული სამსახური. სენატორები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას პატივი სცეს ქართველების მშვიდობიანი პროტესტის გამართვის უფლებას და აცხადებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დამატებითი ცვლილებების შეტანა ორპარტიულ კანონმდებლობაში, „ქართველი ხალხის აქტში, რათა „უზრუნველვყოთ, რომ საარჩევნო პროცესის გაყალბებასა და მანიპულირებაზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი აგონ“.
სენატორები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად მათი ბოლოდროინდელი შეშფოთებისა საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის შესახებ, ისინი იმედოვნებდნენ, რომ დაინახავდნენ საქართველოს ხელისუფლების ნებას, ჩაეტარებინა თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი, რომელიც ასახავდა ქართველი ხალხის სურვილებს „რეალურად, ამ შაბათ-კვირის საპარლამენტო არჩევნებში სხვა რამის მომსწრე გავხდით“, – აცხადებენ სენატორები.
„ეუთო/ოდირის, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და ISFED-ის მიერ გაზიარებული ანგარიში აჩვენებს მრავალრიცხოვან დარღვევას, რამაც სერიოზულად დააზარალა დემოკრატიული არჩევნების სტანდარტები. ჩვენ ასევე შეშფოთებული ვართ არჩევნების დღეს [საარჩევნო პროცესში] ჩარევის შესახებ ათობით ცნობით, მათ შორის, ძალადობის, ამომრჩეველთა დაშინებისა და ბიულეტენების ჩაყრის შესახებ, რამაც შესაძლოა კიდევ უფრო დააზიანოს არჩევნების შედეგების მთლიანობა”,- ნათქვამია განცხადებაში.
„ჩვენს ევროპელ მეგობრებთან პარტნიორობით, მოვუწოდებთ სახელმწიფო დეპარტამენტს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს თაღლითობისა და ნებისმიერი გარე ჩარევის შესახებ ცნობები, რათა დაადგინოს, მოახდინა თუ არა [ამ ფაქტებმა] რაიმე სერიოზულად გავლენა არჩევნების შედეგზე. პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ”.
სენატორები საქართველოში არსებულ მდგომარეობას „სახიფათოს” უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ მმართველმა პარტიამ „უნდა აღიაროს, რომ მისმა მოქმედებებმა შეიძლება გამოიწვიოს მყისიერი შედეგები ქვეყნის ეკონომიკურ და უსაფრთხოების დღის წესრიგზე“.
სენატორების თქმით, რუსეთმა „უდავოდ ისარგებლა განხეთქილებისა და დეზინფორმაციის დათესვით. თუკი ქართველი ხალხი აირჩევს მშვიდობიანი პროტესტის გზას, ჩვენ ვაღიარებთ მათ უფლებას და მოვუწოდებთ საქართველოს შესაბამის ორგანოებს, პატივი სცენ ამ ღრმად მნიშვნელოვან დემოკრატიულ უფლებას”.
„საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ განვახორციელებთ დამატებით ცვლილებებს ჩვენს ორპარტიულ კანონმდებლობაში, “ქართველი ხალხის აქტში”, რათა უზრუნველვყოთ, რომ საარჩევნო პროცესის გაყალბებასა და მანიპულირებაზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი აგონ. ამერიკის სენატი სრულად არის მოწოდებული, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს”,- ნათქვამია განცხადებაში
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)