skip to content
ახალი ამბები

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს საერთაშორისო გამოხმაურებები მოყვა

უბნების 99%-ზე მეტის დათვლის შემდეგ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური შედეგებით, „ქართული ოცნება“ ხმების 54.23%-ით ლიდერობს, ხოლო ოპოზიციურმა  პარტიებმა, რომლებმაც 5%-იანი ბარიერი გადალახეს, საერთო ჯამში ხმების 37,44% მოიპოვეს. სანამ „ქართული ოცნება“ გამარჯვებას ზეიმობს, ოპოზიცია არჩევნების ლეგიტიმურობას უარყოფს, ხოლო სადამკვირვებლო ორგანიზაციები „მასშტაბურ“ გაყალბებაზე საუბრობენ და ოფიციალური შედეგების გაუქმებას ითხოვენ. ეუთო/ოდირი არჩევნების პირველ წინასწარ შეფასებას დღეს, თბილისის დროით 15:00 საათზე გაასაჯაროვებს.

ქვემოთ მოცემულია საერთაშორისო გამოხმაურებები არჩევნების შედეგებზე:

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „ჩვენ მხარს ვუჭერთ ეუთო/ოდირის საერთაშორისო მისიის დასკვნას საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების შესახებ, სადაც დაფიქსირდა მრავალი დარღვევა. მოსყიდვა, დაშინება, იძულება და ამომრჩეველზე ზეწოლა, ხმის მიცემის გამჭვირვალობის არარსებობა, ოპოზიციური პარტიებისთვის მედიის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა – ეს მხოლოდ იმ დარღვევების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ამ არჩევნებს დაგვამახსოვრებს. გასაკვირი არ არის, რომ შედეგებმა რუსეთში დიდი ქება და მოწონება დაიმსახურა, რადგან ნების გამოვლენის შედეგებზე ზემოქმედების ასეთი მეთოდები რუსეთის რეჟიმისთვის დამახასიათებელია. ამავე დროს, ისინი შეუთავსებელია საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ კურსთან, რომელიც ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციას გულისხმობს.

არჩევნების ლეგიტიმურობის უზრუნველსაყოფად და პოლიტიკური კრიზისის თავიდან ასაცილებლად, საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი ფაქტები გამოძიებულ უნდა იქნას. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, არ გაჰყვეს ბელარუსის გზას სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაკარგვისკენ. ნებისმიერ შემთხვევაში, უკრაინა მხარს დაუჭერს ქართველ ხალხს მათ სურვილში გააგრძელონ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების სტრატეგიული კურსი“.

როჯერ ვიკერი, აშშ-ს უფროსი რანგის სენატორი: „გასულ შაბათს, საქართველოს ხალხი მივიდა არჩევნებზე, რათა გამოეყენებინა თავისი დემოკრატიული უფლება და აერჩია თავისი მომავალი მთავრობა. ღირსეული, გამჭვირვალე და კანონიერი პროცესის ნაცვლად, რაც მათ მიიღეს, ეს იყო ფარსი. საქართველოს ხალხის დემოკრატიულ არჩევანს ძირს უთხრიდა ყოვლისმომცველი დარღვევები, მათ შორის დაშინება, ძალადობა, ხმების მოსყიდვა და შედეგები, რომლებიც მკვეთრად განსხვავდებოდა სანდო დამოუკიდებელი წინასაარჩევნო გამოკითხვებისა და ეგზიტპოლებისგან, ისევე როგორც წინა არჩევნების ტენდენციებისგან.

ჩვენ ვიზიარებთ საქართველოს პრეზიდენტ ზურაბიშვილის რწმენას, რომ ეს არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი და არ ასახავს ხალხის ნებას. სამწუხაროდ, მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი „ქართული ოცნება“, როგორც ჩანს, ფიქრობს, რომ რუსეთისა და მისი ავტორიტარული ღერძის გვერდით, მათ შეუძლიათ დაელოდონ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს დემოკრატიულ მოკავშირეებს. ისინი ცდებიან.

ამ არჩევნების მანიპულირება არ არის მხოლოდ დარტყმა საქართველოს მყიფე დემოკრატიისთვის, არამედ, მისი ძალაში დარჩენის შემთხვევაში, დაასრულებს ქვეყნის დიდი ხნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და, შესაძლოა, მის სუვერენიტეტსაც. ეს არის საარჩევნო გაყალბება და მის არალეგიტიმურ შედეგთან მკაფიო და მტკიცე დაპირისპირებაა საჭირო. სანამ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას არადემოკრატიული მეთოდებით და მოძალადე ავტორიტარების მფარველობით იჭერს, ისინი მოიმკიან იმ ზიზღსა და იზოლაციას, რომელსაც ასე ძლიერ იმსახურებენ“.

ევროპის სახალხო პარტია: „EPP დგას ქართველ ხალხთან ბრძოლაში, რათა თავისუფლად და ყოველგვარი დაშინების გარეშე აირჩიონ ადგილი ევროპის დემოკრატიულ ერებს შორის. ყველა დარღვევა, რომელიც ჩაიდინა ხელისუფლების ორგანოებმა ბოლო არჩევნების დროს, სასწრაფოდ უნდა იქნას გამოძიებული“.

ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი: „უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს რუსეთმა საქართველოში გაიმარჯვა. თავდაპირველად, მათ საქართველოს ნაწილი წაიღეს, შემდეგ პოლიტიკა შეცვალეს, ხელისუფლება შეცვალეს და ახლა იქ პრორუსული ხელისუფლებაა, პრორუსული პოზიციები. არანაირი სანქციები პუტინის წინააღმდეგ, საქართველოში ბევრი რუსია. მათი არჩევანი რუსეთთან მეგობრობაა, მათი არჩევანია არ გაწევრიანდნენ ევროკავშირში. მათ პოზიცია შეცვალეს. რუსეთმა დღეს გაიმარჯვა. მან საქართველოს თავისუფლება წაართვა“.

ჯო ბაიდენი, აშშ-ის პრეზიდენტი: „ახლახანს ჩატარებული 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები შეიბაღალა მრავალჯერ აღრიცხული ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებით, ამომრჩევლის დაშინებითა და იძულებით. საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ, მშვიდობიანად გამოხატონ თავიანთი აზრი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რის შესახებაც დამოუკიდებელ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს არ უთქვამთ, რომ იყო თავისუფალი და სამართლიანი. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გამჭვირვალედ გამოიძოს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დარღვევა, გააუქმოს კანონები, როგორიცაა ეგრეთ წოდებული „უცხოური გავლენის კანონი,” რომელიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, და დაუყონებლივ დაიწყოს არჩევნების სანდოობასთან დაკავშრებით ინკლუზიური დიალოგი საქართველოში არსებულ ყველა პოლიტიკურ ძალასთან“.

ნიკოლას მადურო, ვენესუელას პრეზიდენტი: „წლების განმავლობაში, პროგრესული მემარცხენე და ნაციონალისტური მიმდინარეობები გამოჩნდნენ და მოვიდნენ ხელისუფლებაში. გასულ კვირას მათ საქართველოს მოსახლეობის ხმების 56%-ით სამაგალითო გამარჯვება მოიპოვეს. რას ამბობს შეერთებული შტატები? ‘ჩვენ არ ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს, ვითხოვთ შედეგების გადახედვას, ვითხოვთ განმეორებით არჩევნებს საქართველოში’. როგორ ფიქრობთ, სურს ხალხს მსოფლიოში, რომ როგორც მონებს, როგორც კოლონიას ისე მოექცეთ?”

ულფ იალმარ კრისტერსონი, შვედეთის პრემიერ-მინისტრი: „საბოლოო ანგარიშები ჯერ არ მიგვიღია, მაგრამ ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ბევრი დარღვევა იყო, რომ ეს არის არჩევნები, რომელიც არ არის სანდო, რომ ადგილი ჰქონდა აშკარა მოტყუებას სხვადასხვა გზით… უკიდურესად შემაშფოთებელია, რომ რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ შეაჩეროს სერიოზული სვლა ევროპისკენ, რაც ხალხის ნებაა…  ჩვენ ვერ ვიმუშავებთ ხელისუფლებასთან, რომელიც ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ჩვენ მხარს ვუჭერთ“.

ლინ ძიანი, ჩინეთის საგარეო უწყების პრესსპიკერი: „საქართველომ საპარლამენტო არჩევნები შეუფერხებლად ჩაატარა. ჩვენ პატივეს ვცემთ ქართველი ხალხის არჩევანს და გულწრფელად ვუსურვებთ ქვეყანას სტაბილურობასა და კეთილდღეობას. ჩინეთი მზად ვართ იმუშავოს საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარების მიზნით“.

ანჯეი დუდა, პოლონეთის პრეზიდენტი: „ახლახან სატელეფონო საუბარი მქონდა პრეზიდენტ ზურაბიშვილთან. განვიხილეთ ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში შექმნილი ღრმად შემაშფოთებელი ვითარება. მე კიდევ ერთხელ გამოვხატე პოლონეთის ურყევი მხარდაჭერა ქართველი ერის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ“.

ჯო უილსონი, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე: „გუშინ, პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეუერთდნენ ქართული ოპოზიციის წევრები, რათა ეთქვათ მსოფლიოსთვის, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგები არალეგიტიმურია, მოუწოდებინათ  ქართველი ხალხისთვის გამოსულიყვნენ ქუჩებში და ეთხოვათ  საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა, როდესაც ისინი თავიანთი დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის არჩეული გზის გადასარჩენად იბრძვიან. მე ამ ბრძოლაში პრეზიდენტ ზურაბიშვილის და ქართველი ხალხის გვერდით ვდგავარ და ვაფრთხილებ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, არ გამოიყენოს ძალა მომიტინგეების გასაჩუმებლად. მსოფლიო უყურებს მათ“.

ურსულა ფონ დერ ლეიენი, ევროკომისიის პრეზიდენტი: „საქართველოს ხალხი დემოკრატიისთვის იბრძვის. მათ აქვთ უფლება იცოდნენ რა მოხდა ამ შაბათ-კვირას, უფლება დაინახონ, რომ დარღვევების გამოძიება ხდება სწრაფად, გამჭვირვალედ, დამოუკიდებლად, ვინაიდან თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ევროპული ღირებულებების საფუძველია“.

გიტანას ნაუსედა, ლიეტუვის პრეზიდენტი: „საპარლამენტო არჩევნების გაყალბების შესახებ წუხილები უნდა მოგვარდეს. ქართველებს აქვთ დემოკრატიული არჩევნების უფლება. ლიეტუვა გააგრძელებს ქართველი ხალხის ევროპული ოცნების მხარდაჭერას“.

მაია სანდუ, მოლდოვის პრეზიდენტი: „მოლდოვა დგას ყველა ქართველის გვერდით, რომელიც თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის იბრძვის“.

ფარა დახლალა, ნატოს პრესსპიკერი: „საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიამ ხაზი გაუსვა არათანაბარ პირობებს, რომელშიც ეს არჩევნები ჩატარდა, რაც ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას შედეგების მიმართ. არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ ინფორმაცია სრულად უნდა იქნას გამოძიებული“.

ლარს ლოკე რასმუსენი, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: „დანია მხარს უჭერს ქართველი ხალხის დემოკრატიულ უფლებას ჰქონდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. შეშფოთებულია ეუთო/ოდირის დაკვირვებით, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ არჩევნებზე ადგილი ჰქონდა უთანასწორო პირობებს, ზეწოლასა და დაძაბულობას. ჩვენ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით ამ დასკვნებს“.

ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „ჩეხეთი შეშფოთებულია საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დროს დაფიქსირებული დარღვევების გამო. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ქვეყანაში არსებულ ვითარებას. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ძალადობისგან. საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს დემოკრატიულ ღირებულებებს და შეცვალოს ის ქმედებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მიმართულებას“.

ჯოზეფ ბორელი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი: „მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა შესაბამის ორგანოებს, შეასრულონ თავიანთი მოვალეობა, სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და განიხილონ საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები. ეს დარღვევები უნდა დაზუსტდეს და აღმოიფხვრას. ეს აუცილებელი ნაბიჯია საარჩევნო პროცესისადმი ნდობის აღსადგენად… ევროპული საბჭოს 17 ოქტომბრის დასკვნების შესაბამისად, ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს განახორციელოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესატყვისად“.

ესპენ ბარტ ეიდე, ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი: „შეშფოთებული ვარ ეუთო/ოდირის ანგარიშით საქართველოში არჩევნების შესახებ, რომელიც ადასტურებს უამრავ დარღვევას, ამომრჩევლებზე ზეწოლას, დაშინებას და უთანასწორო პირობებს. გაურკვევლობა, რომელიც დაკავშირებულია საარჩევნო პროცესის სამართლიანობასთან, ძირს უთხრის ნდობას და უნდა მოგვარდეს“.

ედგარს რინკევიჩსი, ლატვიის პრეზიდენტი: „ქართველ ხალხს აქვს ევროპული ოცნება, არავის აქვს უფლება მოიპაროს ეს ოცნება დაშინებისა და მანიპულაციის გზით. სრული სოლიდარობა საქართველოს მოსახლეობას და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს“.

მარია სტენერგარდი, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: „სერიოზულად შეშფოთებული ვარ საქართველოს არჩევნებში მომხდარი დარღვევებით, რომლებზეც ეუთო/ოდირი და სხვა დამკვირვებლების იტყობინებიან. ნდობის აღსადგენად, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, ეს წუხილები ინკლუზიური პოლიტიკური პროცესი გზით მოაგვაროს. ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ საქართველოს ევროინტეგრაციაზე პარლამენტის ყველა ძალასთან ერთად, რომელიც ნამდვილად ერთგულია ევროპული ღირებულებებისა და პრინციპების მიმართ. სამოქალაქო საზოგადოებისა და ფუნდამენტური უფლებების შემზღუდველი კანონები ძირს უთხრის საქართველოს ევროპულ მისწრაფებას და ზრდის პოლარიზაციას. ისინი უნდა გაუქმდეს“.

შარლ მიშელი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: „საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ვაპირებ საქართველოს საკითხი ბუდაპეშტში, ევროპული საბჭოს არაფორმალური შეხვედრის დღის წესრიგში შევიტანოთ. მხედველობაში ვიღებთ ეუთო/ოდირის წინასწარ შეფასებას და მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა შესაბამის ორგანოებს, შეასრულონ თავიანთი მოვალეობა და სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და განიხილონ საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები. ეს სავარაუდო დარღვევები სერიოზულად უნდა გაირკვეს და აღმოიფხვრას. ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს საქართველოს ხელმძღვანელობას, გამოავლინოს თავისი მტკიცე ერთგულება ქვეყნის მიერ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე სვლის მიმართ, რაც ასევე შეესაბამება ევროპული საბჭოს ივნისისა და ოქტომბრის დასკვნებს. კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი პოლიტიკური სპექტრის მასშტაბით ახლა უმთავრესია. ევროპული საბჭო ნოემბერში შეაფასებს სიტუაციას და საქართველოსთან ურთიერთობაში შემდგომ ნაბიჯებს დაადგენს.“

გერმანიის ფედერალური საგარეო საქმეთა სამინისტრო: „გერმანია სრულად უჭერს მხარს ეუთოს/ოდირის საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წინასწარ მიგნებებსა და დასკვნებს გუშინდელ საპარლამენტო არჩევნებზე. ჩვენ შეშფოთებულები ვართ დაძაბული გარემოსა და დარღვევების შესახებ გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც უნდა მოგვარდეს და გამოსწორდეს. გერმანია ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში შემდგომ მოვლენებს და მოუწოდებს ყველა მხარეს გამოიჩინონ თავშეკავება და თავიდან აიცილონ ძალადობა და შემდგომი პოლარიზაცია. არჩევნების შედეგების მართვა და მთავრობის ფორმირება ასევე მოახდენს გავლენას საქართველოს მომავალ პროგრესსა და მის ევროპულ გზაზე“.

რასა იუკნევიჩიენე, ევროპარლამენტარი: „სასოწარკვეთილი ცდილობს რა შეინარჩუნოს ძალაუფლება, „ქართულმა ოცნებამ“ ტოქსიკური საარჩევნო გარემო შექმნა, რომელიც შორსაა დემოკრატიისგან. ხელისუფლება უხეშად იყენებს კრემლის მეთოდებს ამ არჩევნების ჩასატარებლად. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით არჩევნების დამკვირვებლების შეფასებებს“.

სერგეი ლაგოდინსკი, ევროპარლამენტარი: „ვერც ერთი დამკვირვებელი ვერ შეძლებს გაყალბების დადასტურებას. მაგრამ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი სახელმწიფოს ავალდებულებს ევროკავშირში ინტეგრაციას. ამ ვალდებულებას აშკარად ეწინააღმდეგება არჩევნების „გამარჯვებული“. არჩევნები, რომელიც ანტიკონსტიტუციურ შედეგს გამოიღებს, განმეორებით ჩატარებას საჭიროებს!“

ბაიბა ბრაჟე, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი: „მთელი ლატვია ყურადღებით ადევნებს თვალს საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში და ელოდება ეუთოს/ოდირის შეფასებას საერთაშორისო დამკვირვებლებისგან. ჩვენ შეშფოთებით აღვნიშნავთ ცნობებს არჩევნების დროს სხვადასხვა დარღვევების შესახებ“.

ალისია კერნსი, გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრი: „საქართველოდან მიღებული უამრავი ინფორმაცია, რომელიც არჩევნების გაყალბებასა და საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაზე მიუთითებს, ადასტურებს შიშებს, რომლებიც ბევრმა გამოთქვა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. საქართველოს ხალხი იმსახურებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს“.

რიჰარდს კოლსი, ევროპარლამენტარი: „საქართველოს ხალხი იმსახურებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, თუმცა ძალადობის, ხმების მოსყიდვისა და დაშინების შესახებ ცნობები იმაზე მიუთითებს, რომ ბოლო არჩევნები ამ სტანდარტებს ბევრად ჩამოუვარდება. ჭეშმარიტი დემოკრატიული პროცესების გარეშე, საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევა ემუქრება. ევროკავშირი სერიოზულად უნდა მოეკიდოს ამ მოვლენებს და მტკიცედ დადგეს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპებზე“.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი: „არჩევნები უნდა ეფუძნებოდეს თავისუფლებასა და სამართლიანობას. მე ძალიან სერიოზულად ვეკიდები ბრალდებებს ნებისმიერ არჩევნებზე დარღვევების შესახებ და ყურადღებით დავაკვირდები საქართველოში განვითარებულ მოვლენებს“.

ჟიგიმანტას პავილიონისი, ლიეტუვის პარლამენტის წევრი: „ქართული კოშმარი ქართველი ერის ევროპულ მომავალს იპარავს, ცდილობს გააძლიეროს რუსული ან ბელორუსული გზა კვლავ რუსულ წარსულში, იმის ნაცვლად, რომ გააძლიეროს თავისი მომავალი, თავისუფლება, დემოკრატია, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ევროკავშირისა და ნატოს ფარგლებში“.

მარგუს ცაჰკნა, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: „საქართველოს არჩევნებზე დარღვევების შესახებ ცნობები დიდ შეშფოთებას იწვევს. ყურადღებით ვადევნებთ თვალს საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების შეფასებებს“.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა „ქართულ ოცნებას“ ოფიციალური წინასწარი შედეგების გამოქვეყნებამდე მიულოცა: „ვულოცავ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და პარტია „ქართულ ოცნებას“ დღევანდელ საპარლამენტო არჩევნებში აბსოლუტურ გამარჯვებას. ქართველმა ხალხმა იცის, რა არის უკეთესი მათი ქვეყნისთვის და თავიანთი ხმა დღეს ყველას გააგონეს!“

ილჰამ ალიევი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი: „გულთბილად გილოცავთ საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გამარჯვებას, რომელიც თქვენი ქვეყნის წამყვანი პოლიტიკური ძალაა. ხმის მიცემით, საქართველოს მოქალაქეებმა გამოხატეს მხარდაჭერა განვითარების, სტაბილურობისა და ტრადიციული ღირებულებების მიმართ. მჯერა, რომ არჩევნების შედეგები საქართველოს ყოვლისმომცველ განვითარებასა და კეთილდღეობას შეუწყობს ხელს“.

ალექსეი პუშკოვი, რუსეთის ფედერაციის სენატორი: „საქართველოში შეიძლება კვლავ იყოს არეულობა, მაგრამ, როგორც ჩანს, დასავლეთის მიერ „რეჟიმის შეცვლა“ საქართველოში ოპოზიციის მხარდაჭერით, უბრალოდ, ჩაიშალა. „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 54%-ზე მეტით, აბსოლუტური უმრავლესობით გაიმარჯვა. დასავლეთის გეგმა იყო, რომ საქართველოს თავის ნახევარკოლონიად ექცია, და მას ბედნიერ ინტეგრაციას ჰპირდებოდა ევროპული ერების მრავალგენდერულ და „არაბინარულ“ ოჯახში. თუმცა, ეს რატომღაც ქართველ ამომრჩეველთა უმრავლესობას არ მოეწონა. ისინი არც პრეზიდენტ ზურაბიშვილის დემაგოგიამ მიიზიდა, რომელიც სულ უფრო და უფრო ემსგავსება სააკაშვილის ეპოქის რელიქვიას. სხვათა შორის, სააკაშვილიც ოცნებობდა ახალ პროდასავლურ რევოლუციაზე საქართველოში – და სად არის ის ახლა?“

გრიგორი კარასინი, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე: „თბილისიდან გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა. ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა, დაახლოებით 58%, სამოქალაქო აქტივობის კიდევ ერთი მაჩვენებელია. „ქართულმა ოცნებამ“ ხმების თითქმის 53% მიიღო, ასევე ოთხი ოპოზიციური პარტიის პარლამენტში შესვლა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში აქტიურ პერიოდს გვპირდება. ჩვენ გვჯერა, რომ ის პროგნოზირები და ცივილიზებული იქნება. ეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი კავკასიის რეგიონის ინტერესებშია“.

მარკო მიკელსონი, ესტონეთის პარლამენტის წევრი: „საქართველოს არჩევნების შედეგების აშკარა გაყალბება შეუძლებელს ხდის მისი ლეგიტიმურობის აღიარებას. არჩევნების გაყალბებით ევროკავშირში გაწევრიანება შეუძლებელია, თუმცა შესაძლებელია ისევ რუსეთის ორბიტაზე დაბრუნება“.

ნიკოლ ფაშინიანი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი: „ვულოცავ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს და პარტია „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას. მე მჯერა, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული ურთიერთობები გაგრძელდება და მდგრადად განვითარდება მოძმე სომეხი და ქართველი ხალხების საკეთილდღეოდ“.

მასალა განახლდება…

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button