skip to content
ახალი ამბებიმულტიმედიაფოტოგალერეა

ფოტო ამბავი | ათასობით ადამიანი მშვიდობიანი აქციით არჩევნების შედეგებს გმობს

ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში, რათა დაეგმო 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები, რომელმაც ოფიციალურად გამარჯვება მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“ მიანიჭა. შედეგები არ აცნეს არც ოპოზიციურმა პარტიებმა და არც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. სწორედ პრეზიდენტმა მოუწოდა ხალხს შეკრებილიყვნენ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, რათა მსოფლიოსთვის ეჩვენებინათ, რომ ხმები მოიპარეს.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა შეკრებილებს სიტყვით მიმართა და განაცხადა:  „თქვენ არ წაგიგიათ არჩევნები! თქვენი ხმა მოიპარეს და სცადეს, რომ თქვენი მომავალიც მოეპარათ, მაგრამ ამის უფლება არავის აქვს, თქვენ ამის უფლებას არავის არ მისცემთ“. მან პირობა დადო, რომ ბოლომდე დარჩება „ამ ევროპულ გზაზე და სანამ არ მივაღწევთ ევროპის კარს, რომელიც ჩვენი ოცნება კი არა – რეალობაა. სხვა მომავალი და ალტერნატივა ჩვენ არ გვაქვს“.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აქციის მონაწილეებს მიმართავს. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

შემდეგ მან სცენა ოპოზიციური პარტიების ლიდერებს დაუთმო, რომლებიც, მისი თქმით, წარმოადგენენ არჩევნების დაბრუნების პოლიტიკურ გეგმას და ხედვას.

ოპოზიციამ წარმოადგინა თავისი გეგმა და მოთხოვნები. მათ არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადეს, უარი თქვეს პარლამენტში შესვლაზე და ზოგიერთმა მათგანმა ასევე პირობა დადო, რომ საპარლამენტო სიებს ჩახსნიდა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ასევე მოითხოვეს ახალი არჩევნების გამართვა საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრირების პირობებში.

უკვე დიდი ხანია არ გამართულა ასეთი აქცია, სადაც ოპოზიციური პარტიები ერთად იდგნენ და სიტყვით მიმართეს ხალხს. სცენაზე მხოლოდ ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია არ იყო, თუმცა იგი აქციას ესწრებოდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button