პაპუაშვილი არჩევნების გაყალბების თაობაზე ოპოზიციისა და არასამთავრობოების ბრალდებებს უარყოფს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 26 ოქტომბრის არჩევნებში „ქართული ოცნების“ მიერ მოპოვებული თითქმის 54%-იანი გამარჯვება დაიცვა და გაყალბების თაობაზე ოპოზიციისა და დამკვირვებლების ბრალდებები უარყო. 28 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე მან ოპოზიციური ძალები და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დეზინფორმაციული კამპანიებით ქვეყანაში არეულობის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა. „მათ არ სურთ აღიარონ ხალხის ნება“, – განაცხადა მან.
Edison Research-ის ეგზიტპოლი
პაპუაშვილის თქმით, ოპოზიცია და სსო-ები დეზინფორმაციას ავრცელებენ არჩევნების შედეგებისა და დარღვევების შესახებ. კერძოდ, მან ისაუბრა სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოზე, სადაც ნაჩვენებია მკვეთრი შეუსაბამობა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ოფიციალურ შედეგებსა და Edison Research-ის ეგზიტპოლს შორის, წინა წლების არჩევნებისგან განსხვავებით. პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ Edison Research-ის ეგზიტპოლი, რომელიც ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით ჩატარდა, მანიპულირებულია და მისი მიზანი „დემოკრატიული არჩევნებისთვის ძირის გამოთხრა და დისკრედიტაციაა“.
Edison Research-ის ეგზიტპოლის თანახმად, „ქართულ ოცნებას“ ხმების 40.9% აქვს (ტელეკომპანია „მთავარის“ დაკვეთით HarrisX-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვით 42%), ხოლო ოთხმა ოპოზიციურმა კოალიციამ საერთო ჯამში ხმების უმრავლესობა მიიღო. იმავდროულად, „გორბის“ გამოკითხვამ, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარდა, მკვეთრად განსხვავებული სურათი აჩვენა – „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 56% მიიღო. არჩევნების ოფიციალური შედეგებით, „ქართულმა ოცნებამ“ 53,93% მიიღო.
- 26/10/2024 – ეგზიტპოლებმა ურთიერთსაწინააღმდეგო შედეგები აჩვენა
პაპუაშვილმა ბრიფინგზე სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების მონაცემებიც მოიშვეილა, რომლის თანახმადაც, ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ხმების პარალელური დათვლის შედეგების ვერიფიკაცია შეესაბამება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებულ შედეგებს, თუმცა, „იგი ვერ იქნება გამოყენებული, როგორც საარჩევნო პროცესის ვალიდურობის საზომი, ვინაიდან წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს დაფიქსირებულმა ფუნდამენტური ხასიათის დარღვევებმა გავლენა მოახდინა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე“.
პარლამენტის თავმჯდომარემ უარყო ეს არგუმენტები და განაცხადა, რომ „თავად „სამართლიანი არჩევნების“ პარალელურმა დათვლამ დაადასტურა, რომ Edison Research-მა გააყალბა განზრახ ეგზიტპოლები და ამით იყო მცდელობა, რომ შემოეტანათ შფოთი, ასე ვთქვათ, საზოგადოებაში და დისკრედიტაცია მოეხდინათ არჩევნების“.
ელექტრონული ტექნოლოგიები
პაპუაშვილის თქმით, შეშფოთება ელექტრონული ტექნოლოგიის გამოყენებით კენჭისყრის გაყალბებასთან დაკავშირებით მცდარია. მას მხედველობაში ჰქონდა ოპოზიციისა და დამკვირვებლების მიერ გავრცელებული ბრალდებები ამომრჩეველთა სიების დუბლირების შესახებ, ასევე ეჭვები, რომ ტექნოლოგია მმართველი პარტიის სასარგებლოდ გამოიყენებოდა, ერთი მოქალაქის მიერ მრავალჯერადად ხდებოდა ხმის მიცემა და ბიულეტენები წინასწარ იყო მონიშნული. მან ყველა ეს ბრალდება უარყო.
ამასთან დაკავშირებით, მან პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ელექტრონული ტექნოლოგიების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.
მისი თქმით, ამერიკულმა კომპანიამ, რომელიც მან არ დაასახელა, ტექნოლოგიების წინასწარი აუდიტი ჩაატარა. „როცა დავალებას იღებ, რომ უნდა არიო ქვეყანა, მაშინ ყველანაირ ტყუილს იგონებ“, – განაცხადა მან.
ხმის მიცემა გადასატანი ყუთების გამოყენებით
პაპუაშვილმა ასევე უარყო შეშფოთება, რომელიც პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ გადასატან ყუთებთან დაკავშირებით გამოთქვა.
კერძოდ, მელიამ განაცხადა, რომ ის ფაქტი, რომ მთლიანობაში 60 000-ზე მეტმა ადამიანმა მისცა ხმა გადასატანი ყუთების გამოყენებით, ძალიან ბევრია და მაგალითისთვის მოიყვანა წალენჯიხის მაჩვენებელი, სადაც მხოლოდ 700-მა ადამიანმა მისცა ხმა ამ გზით.
პაპუაშვილის თქმით, წინა არჩევნებზე იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომელთაც გადასატანი ყუთების მეშვეობით მისცეს ხმა, უფრო მაღალი იყო. შესაბამისად, მან ივარაუდა, რომ 60 000 მოქალაქე არ არის ძალიან ბევრი.
ძალადობის შემთხვევები
პაპუაშვილმა ჯეროვანი მნიშვნელობა არ მიანიჭა ძალადობის შემთხვევებს არჩევნების დღეს და განაცხადა, რომ მხოლოდ „რამდენიმე იზოლირებული ინციდენტი“ იყო მიუხედავად იმისა, რომ მედია საარჩევნო უბნების გახსნისთანავე ფართომასშტაბიანი დარღვევების შესახებ იტყობინებოდა.
კერძოდ, პაპუაშვილის თქმით, საარჩევნო უბნებზე ძალადობის მხოლოდ ათი ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო მედიის წინააღმდეგ სამი შემთხვევა. თუმცა პაპუაშვილის მონაცემები ეყრდნობოდა მხოლოდ მედიის თავდაპირველ ინფორმაციას. მიუხედავად იმისა, რომ მედიის ცნობით, ძალადობის შემთხვევების რაოდენობა რეალურად უფრო მაღალი იყო, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მედია ვერ აშუქებდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა საარჩევნო უბანზე არსებულ ვითარებას.
წინასაარჩევნო გარემო
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე განაცხადა ეუთო/ოდირის შუალედურ ანგარიშზე დაყრდნობით, რომ წინასაარჩევნო გარემო „მშვიდი“ და „კონკურენტული“ იყო. თუმცა, მან არაფერი თქვა ანგარიშის სხვა ნაწილებზე, სადაც წინასაარჩევნო გარემოში არსებულ პრობლემებზე იყო საუბარი.
ეუთო/ოდირის მიერ 12 ოქტომბერს გამოქვეყნებულ შუალედურ ანგარიშში წინასაარჩევნო გარემოს შესახებ ნათქვამია, რომ „არჩევნები დამკვიდრებული პოლიტიკური პოლარიზების, უწყვეტი პოლიტიკური დაძაბულობის, ოპოზიციის მხრიდან სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ უნდობლობისა და გაერთიანებისა და გამოხატვის უფლების დაცვასთან დაკავშირებით წარმოშობილი შფოთის ფონზე მიმდინარეობს“.
ოპოზიცია ხალხის პირისპირ
პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიცია არ ასახავს ხალხის ნებას.
„ნახეს [ხალხმა], რომ ქართველი ხალხის ინტერესს კი არ ატარებენ, დადიან უცხოეთში და იმათ სასიამოვნოდ გეგმავენ დღის წესრიგს“, – განაცხადა მან.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, წინა არჩევნებთან შედარებით ოპოზიციის ხმების საერთო რაოდენობა შემცირდა, ხოლო ქართული ოცნების მხარდაჭერა გაიზარდა. „ვხედავთ მათ განწირულ კამპანიას, მათ შორის, როდესაც დაკავებული არიან ზიზღის კამპანიით“, – განაცხადა მან.
„მე მოვუწოდებ ყველას, დეზინფორმაციულ კამპანიას შეეშვან… შედგა საქართველოში დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნები, სადაც ქართველმა ხალხმა თავისი ვერდიქტი გამოიტანა და ყველა ამ ვერდიქტს შეეგუოს“, – დასძინა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)