ახალი ამბები

პოლიციის მიერ საპროტესტო აქციის დარბევას საერთაშორისო გამოხმაურებები მოყვა

30 აპრილს გვიან ღამით და 1 მაისს გამთენიისას სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილი  მშვიდობიანი დემონსტრანტები, რომლებიც „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტს აპროტესტებდნენ, ძალის გამოყენებით დაარბიეს, რის შედეგადაც 63 პირია დაკავებული, ხოლო უამრავი მომიტინგე დაშავებული. პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

„სამოქალაქო საქართველო“ თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოხმაურებებს გთავაზობთ.

პარასკევი, 3 მაისი

ჰაჯა ლაბიბი, ბელგიის საგარეო საქმეთა, ევროპის საქმეთა, საგარეო ვაჭრობისა და ფედერალური კულტურული ინსტიტუტების მინისტრი: „ქართველები მშვიდობიანად აპროტესტებენ კანონს უცხოური გავლენის შესახებ, კანონს, რომელიც აჩენს შეშფოთებას ევროპული ღირებულებების მიმართ რეგრესიასთან დაკავშირებით. მე ვგმობ ძალადობას და რეპრესიებს მომიტინგეების წინააღმდეგ. მათ ევროპული მომავალი სურთ. მათი ხმა უნდა ისმოდეს“.

მაიკლ როთი, ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე: „ერთიანობა მთავარია! ჩვენ ყველანი ევროპული ღირებულებების ერთგულნი ვართ. ქართველი ხალხი ჩვენთვის იბრძვის. თავისუფლება და დემოკრატია გაიმარჯვებს!“

დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „დანია მხარს უჭერს დემოკრატიულ საქართველოს ევროკავშირში. “კანონი გამჭვირვალობის შესახებ” შეუსაბამოა ევროკავშირის ნორმებთან და აქციის მონაწილეების წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოყენებული არაპროპორციული ძალა ხელს უშლის საქართველოს სვლას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება”.

ხუთშაბათი, 2 მაისი

ბაიბა ბრაჟე, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი: „საქართველოში ძალიან საგანგაშო ვითარებაა. ლატვია გმობს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენებას. საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს სამშაბათს ვუთხარი, რომ უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტი ძირს უთხრის საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს“.

მაია სანდუ, მოლდოვის პრეზიდენტი: „მოლდოვა დგას საქართველოს ხალხის გვერდით, რომელიც ავლენს ურყევ გამბედაობას და ღრმა ერთგულებას დემოკრატიისა და თავისუფლების მიმართ. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ მისწრაფებებს, გააძლიერონ დემოკრატიული ინსტიტუტები და ააშენონ მომავალი, რომელიც ევროპულ ღირებულებებს შეესაბამება“.

პოლონეთის საელჩო საქართველოში: „შეშფოთებით ვაკვირდებით თბილისში არსებულ მდგომარეობას. საპროტესტო აქციების წინააღმდეგ ძალის გამოყენება მიუღებელია. ხელისუფლებას მოვუწოდებთ საქართველოს პროევროპულ საზოგადოებასთან დიალოგისკენ და დემოკრატიული რეფორმების გატარებისკენ“.

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო: „ნიდერლანდები საქართველოს დემოკრატიული განვითარების დიდი ხნის მხარდამჭერია. საქართველოს ოფიციალური პირების ანტიდასავლური განცხადებები არ ასახავს ჩვენი პარტნიორობის სულისკვეთებას. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, თავი აარიდოს ნაბიჯებს, რომლებიც ხელს უშლის ფართოდ მხარდაჭერილ ინტეგრაციას ევროკავშირში და უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების უფლება“.

ანტონიო ტაიანი, იტალიის მინისტრთა საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი: “ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს იმას, რაც თბილისში ხდება. ვგმობთ ძალადობის გამოყენებას დედაქალაქში დემონსტრაციების დროს. იტალიის მთავრობა მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას”.

თომას ჰაკერი, გერმანიის ბუნდესტაგის წევრი: “დღევანდელი ქართული ოცნება სულ უფრო და უფრო ღრმა კოშმარი ხდება ქართველი ხალხისთვის და მათი ევროპული მომავლის სურვილისთვის. მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობა ხალხის დაკარგვისა და ლეგიტიმაციის შემცირების ნიშანია“.

აშშ-ის ჰელსინკის კომისია: “საქართველოს ხალხმა აირჩია დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავალი. შეერთებული შტატები ყოველთვის მხარს დაუჭერს ამ არჩევანს და დაუდგება გვერდით მათ წინააღმდეგ, ვინც თრგუნავს მათ თავისუფლებას“.

სენატორი ჯიმ რიში, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი: „მე შეშფოთებული ვარ უცხოელი აგენტების შესახებ კანონის გამო, რომელიც ივანიშვილმა და მისმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ სავარაუდოდ გადაწყვიტეს რომ მიიღონ, მიუხედავად იმისა, რომ ეს მათ ევროინტეგრაციიდან უფრო აშორებს. არასამთავრობო ორგანიზაციებს უნდა მიეცეთ საშუალება იმუშაონ მშვიდობიანად, მთავრობის ჩარევის გარეშე, რომელსაც არ მოსწონს მათი მუშაობა”.

ბრიტანეთის საელჩო საქართველოში: “ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს. საქართველოს მოქალაქეები მკაფიოდ და ხმამაღლა აფიქსირებენ თავიანთ სურვილს გახდნენ ევრო-ატლანტიკური ოჯახის წევრები. მათი ხმა გაგონილ უნდა იქნეს. მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის უფლება უნდა იყოს დაცული”.

ნუს განი, გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრი მრეწველობისა და ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებში: „ყურადღებით ვაკვირდები საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. პოლიციის მიერ გადამეტებული ძალის გამოყენება თბილისში მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ არ შეესაბამება დემოკრატიულ ღირებულებებს და საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. მოვუწოდებ ხელისუფლებას, გამოიჩინოს თავშეკავება“.

ოთხშაბათი, 1 მაისი

ჯოზეფ ბორელი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში: „მკაცრად ვგმობ ძალადობას საქართველოში დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც უცხოური გავლენის შესახებ კანონის წინააღმდეგ მშვიდობიან დემონსტრაციას მართავდნენ. საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა. მოვუწოდებ მის ხელისუფლებას, მშვიდობიანი შეკრების უფლება უზრუნველყოს. მისი ჩახშობისთვის ძალის გამოყენება მიუღებელია“.

ედგარს რინკევიჩსი, ლატვიის პრეზიდენტი: „ჩემი სოლიდარობა საქართველოს ხალხს და მათ ბრძოლას ევროპული ოცნებისთვის“.

ანალენა ბერბოკი, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: „საქართველოს მიერ  ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება არის ისტორიული შესაძლებლობა, რომელსაც ათიათასობით ადამიანი ქუჩაში უჭერს მხარს. მისი საფუძველია დემოკრატიული, ენერგიული და კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოება. ხელისუფლების გადასაწყვეტია, მიზანმიმართულად არ დაბლოკოს გზა მომავლისკენ“.

კატრინ გიორინგ-ეკარდტი, გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი: „ქართველ ხალხს მშვიდობა და თავისუფლება სურს. მათ ევროპული გზა აირჩიეს. მე შეშფოთებული ვარ იმით, თუ როგორ ცდილობს ხელისუფლება ამის ჩახშობას ძალადობით თბილისში. ამით ისინი კეტავენ გზას ევროკავშირისკენ – ზუსტად ის, რაც რუსეთს სურს, რაც ქვეყნის დესტაბილიზაციას იწვევს“.

მაიკლ როთი, ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე: პატივცემულო პრემიერ-მინისტრო კობახიძე. დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ძალადობა თქვენი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც ევროპული ღირებულებებისთვის  ქუჩებში მშვიდობიან დემონსტრაციას მართავენ. გაიწვიეთ კანონი უცხოელი აგენტების შესახებ! არ გაანადგუროთ საქართველოს მომავალი, რომელიც ევროპის შუაგულშია!“

პიტერ ფიშერი, გერმანიის ელჩი საქართველოში: „ძალადობა და დაზიანებები ამ ღამით თბილისის საპროტესტო აქციებზე. ძალადობა უნდა შეწყდეს. ეს არასოდეს არის გამოსავალი. გერმანია და ევროკავშირი ყურადღებით აკვირდებიან და აფასებენ ამ მოვლენებს. ჩვენ ვართ საქართველოს პარტნიორები და მეგობრები მშვიდობის, თავისუფლებისა და განვითარებისთვის“.

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „ღრმად შემაშფოთებელი სცენები ვიხილეთ გუშინ ღამით თბილისში. მშვიდობიანი დემონსტრაციების წინააღმდეგ ძალის გამოყენება მიუღებელია. ევროკავშირი და შვედეთი ყურადღებით აკვირდებიან და აფასებენ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს“.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: “ღრმად შეშფოთებული ვართ თბილისში მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენების შესახებ ინფორმაციით. მოვუწოდებთ ყველა აქტორს, თავი შეიკავოს ძალადობისგან და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას მშვიდობიანი პროტესტისა და შეკრების უფლება“.

 მარგუს ცაჰკნა, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: “დღეს ევროკავშირში ესტონეთის ყოფნის 20 წლისთავია და ღრმა იმედგაცრუებით დავინახეთ, რომ საქართველომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო, მიუხედავად მოწოდებისა, რომ ეს არ გაეკეთებინა. მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობა და ეს კანონი არ არის გზა ევროკავშირისკენ“.

ანა ლიბერგი, შვედეთის ელჩი საქართველოში: „გუშინ ღამით თბილისის ქუჩებში მომხდარი ძალადობის გამო შეშფოთებული ვარ. მორიგი საპროტესტო აქციები დღესაა მოსალოდნელი. კვლავაც ყურადღებით დავაკვირდები. ძალის გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრაციების წინააღმდეგ არასოდეს არის გამოსავალი“.

ვიოლა ფონ კრამონი, ევროპარლამენტარი, ევროკომისიის გენერალურ დირექტორს სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში, ხერტ იან კოოპმანს: „გთხოვთ, გამოიყენოთ დღევანდელი ვიზიტი, რათა უთხრათ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ხალხის ცემა. შეწყვიტეთ ძალადობა და სისასტიკე მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ. უთხარით, რომ უკან გაიწვიონ რუსული კანონი – არანაირი ლამაზი პროექტები და ბედნიერი სურათები ქართველ ოფიციალურ პირებთან“. მოგვიანებით მან ტვიტერზე ბორელის განცხადება გააზიარა და დასძინა, რომ „ჩვენ გვჭირდება კონკრეტული შედეგები! – ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გაუქმება, – საქართველოს პროექტებისთვის თანხების შეჩერება – ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება – რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატების მოგზაურობების აკრძალვა“.

ანდრიუს კუბილიუსი, ევროპარლამენტარი: „იგივე გზას მიყვებიან პუტინი, ლუკაშენკო და ივანიშვილი: ჯერ სასტიკი ძალა მშვიდობიანი დემონსტრაციების წინააღმდეგ, შემდეგ კი დიქტატურის დამყარება ქვეყნის დემოკრატიული მომავლის წინააღმდეგ. დიქტატურის მომავალი ყოველთვის ერთია: სანქციები, კოლაფსი და ტრიბუნალი“.

მირიამ ლექსმანი, ევროპარლამენტარი: „აღშფოთებული ვარ თბილისში დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის სისასტიკის ამსახველი ფოტოებით. ეს არ არის კანონის აღსრულება. სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დაძაბულობას, პოლარიზაციას ამწვავებს და საქართველო რუსული სტილის ავტორიტარიზმისკენ მიყავს“.

რასა იუკნევიჩიენე, ევროპარლამენტარი: „ნიღბები ჩამოხსნილია – ივანიშვილმა გამოავლინა თავისი წინააღმდეგობა საქართველოს ევროპული კურსის მიმართ და აჩვენა თავისი ნამდვილი ფერები. ის არასოდეს ყოფილა მომხრე. ახლა გადამწყვეტი მომენტია საქართველოს მომავლისთვის. მე მჯერა ქართველი ხალხის; ისინი დაიცავენ საქართველოს ევროპულ გზას!”

მიხაელ გალერი, ევროპარლამენტარი: „ნათლიმამა ივანიშვილის გამოსვლის შემდეგ აშკარაა, ვინ არის ნამდვილი უცხოელი აგენტი. ეს კანონი ემსახურება ნიადაგის მომზადებას სამოქალაქო საზოგადოების და ნებისმიერი დემოკრატიული განსხვავებული აზრის დასამხობად და საბოლოოდ ემსახურება რუსულ ოცნებას, რაც ქართული კოშმარით დასრულდება“.

ფრიდომ ჰაუსი: „ვგმობთ ქართული პოლიციის მიერ წუხელ თბილისში ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლების გამოყენებას მშვიდობიანი მომიტინგეების დასაშლელად, რომლებიც პარლამენტში უცხოელი აგენტების შესახებ ინიცირებულ კანონს აპროტესტებდნენ. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაიცვას ხალხის მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლება“.

მასალა განახლდება…

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button