
შსს: თორნიკე რიჟვაძე ცეცხლნასროლი ჭრილობით საავადმყოფოშია გადაყვანილი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ივლისს განაცხადა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი მეთაური, თორნიკე რიჟვაძე გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით საავადამყოფოშია გადაყვანილი.
ამავე ინფორმაციით, რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით, ბრალდებულის სახით ერთი პირია დაკავებული, აცხადებს შსს.
ტელეკომპანია „იმედმა“ ინციდენტი „თვითმკვლელობის მცდელობად“ შეაფასა და გამოცემა „პრაიმ ტაიმზე“ დაყრდნობით განაცხადა, რომ სამედიცინო პერსონალმა რიჟვაძის ტანსაცმელში წერილი აღმოაჩინა. „იმედის“ მიერ გავრცელებულ წერილში, სავარაუდოდ, ყოფილი თანამდებობის პირი წერს, რომ მას „კორუფციასა და ბარიგების მფარველობას“ აბრალებენ და „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მისი ოჯახის დაცვისკენ მოუწოდებს.
რიჟვაძე აჭარის მთავრობას 2018 წლიდან ხელმძღვანელობდა, 4 აპრილს კი თანამდებობა დატოვა.
This post is also available in: English