ანალიზი

ამიხსენი | რას წარმოადგენს მოძრაობა „ანტი-მაიდანი“?

ულტრაკონსერვატიული, ანტიდასავლური, ღიად პრორუსული და ანტილიბერალური კონსერვატიული მოძრაობა / ალტ-ინფო ახალ პროექტს ამუშავებს, რომელიც სამოქალაქო და პროევროპული ჯგუფების წინააღმდეგ განსაკუთრებით ძალადობრივ და არაჰუმანურ ენას იყენებს. სულ ცოტა ერთ შემთხვევაში მათ შეხვედრას სახელმწიფოს დაფინანსებაზე მყოფმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა უმასპინძლა. პროექტი სახელწოდებით „ანტი-მაიდანი“ მიმართულია, რომ შეურაცხყოს სამოქალაქო პროტესტი და გააძლიეროს ოფიციალურ დონეზე მხარდაჭერილი შეთქმულების თეორია, რომ თითქოს დასავლური/ლიბერალური ძალები საქართველოს ომისკენ უბიძგებენ. ორგანიზატორებმა თანამოაზრეთა მობილიზების გეგმებიც გააჟღერეს.

კონტექსტი

„კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერებმა ზურაბ მახარაძემ, გიორგი ქარდავამ, ირაკლი მარტინენკომ და შოთა მარტინენკომ მოძრაობა „ანტი-მაიდანის“ შექმნის შესახებ 25 სექტემბერს განაცხადეს. მათ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 18 სექტემბრის განცხადება, რომლის თანახმადაც „საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა“. უსაფრთხოების სამსახურმა ისიც აღნიშნა, რომ ორგანიზატორები საქართველოში 2014 წელს, უკრაინაში გამართული ,,ევრომაიდნის“ მსგავსი სცენარის განხორციელებას განიხილავენ.

მიზნები

„ალტ-ინფომ“ განაცხადა, რომ ისინი აპირებენ ანტი-ლიბერალური და ანტი-ევროპული თანამოაზრეთა ჯგუფების შექმნას. შოთა მარტინენკოს თქმით, საქართველოს მასშტაბით მოხდება იმ თანამოაზრეთა მობილიზება, რომელთაც არ სურთ უკრაინის ბედის გაზიარება. „ჩვენ უნდა დავაორგანიზოთ საქართველოს მასშტაბით შეკრული ჯგუფები… რაც გინდათ ის დაარქვით… ჩვენ ყველა რაიონში ვქმნით თანამოაზრეთა ერთობებს”, – განაცხადა მან.  

ქმედებები და რიტორიკა: „ჩვენ დაგამთავრებთ თქვენ!“

მოძრაობა „ანტი-მაიდანის“ ფარგლებში, „ალტ-ინფომ“ უკვე გამართა შეხვედრები ხუთ ქალაქში, სადაც ანტი-ევროპულ, ანტი-დასავლურ და ანტი-ლიბერალურ ნარატივს ავრცელებდა და მხარდამჭერთა ბაზას აძლიერებდა. არასამთავრობო ორგანიზაციამ „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა“ „ალტ-ინფოს“ საქმიანობების, მათ შორის თელავში, რუსთავში, გორსა და მცხეთაში მისი შეხვედრების მონიტორინგი განახორციელა. „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა“ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც მოუწოდებს ხელისუფლებას „უარი თქვას ძალადობრივი ჯგუფებისთვის შეხვედრების და სამუშაო სივრცის დათმობაზე“.  

  • 1 ოქტომბერი, შეხვედრა თელავში: „ალტ-ინფომ“ განაცხადა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გეგმავს მონაწილეობას. შეხვედრისთვის „ალტ-ინფომ“ თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატული თეატრის დარბაზი დაიქირავა. თეატრი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომელიც სახელმწიფოსგან ფინანსდება და რომლის ხელმძღვანელიც პაატა გულიაშვილია 2012 წლიდან. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პაატა გულიაშვილი „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებში იღებდა მონაწილეობას. მმართველობის მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მას 2019 წლიდან დღემდე სახელმწიფოსგან გამარტივებული შესყიდვებით 77 309 ლარი აქვს მიღებული.
  • 7 ოქტომბერი, შეხვედრა რუსთავში:  შეხვედრაზე „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ ლიდერებმა „ქართული ოცნების“ შეთქმულების თეორია გაიმეორეს, რომ უცხოელ და ადგილობრივ აქტორებს საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნა და ქვეყნის ომში ჩათრევა სურთ. მათ ღიად განაცხადეს, რომ უპირისპირდებიან დასავლეთს. შეხვედრაზე მოძრაობის ლიდერმა ირაკლი მარტინენკომ განაცხადა: „ჩვენ ვუპირისპირდებით დასავლეთს. ისინი აორგანიზებენ გადატრიალებას, რათა მათმა აგენტებმა ჩაიგდონ ხელში ძალაუფლება და ომში ჩართონ ჩვენი ქვეყანა.“ შეხვედრაზე დაჯგუფების კიდევ ერთმა ლიდერმა ზურაბ მახარაძემ განაცხადა: „ჩვენ როცა შევკრიბავთ მთელი საქართველოდან ხალხს, პირველი, რაც უნდა გააცნობიეროთ, იქნება შემდეგი საფრთხე – იქნება ის რამდენიმე ასეული გაწვრთნილი ზონდერი, რომელსაც დედა უნდა ვუტიროთ ისე, რომ მეორედ მსგავსი რამ არ განმეორდეს საქართველოს არცერთ ქალაქში. ეგენი უნდა გაქრნენ“.
  • 14 ოქტომბერი, შეხვედრა გორში: მახარაძემ განაცხადა: „თუ ვინმეს ეშინია, მაგაზე გვაქვს ერთი სათქმელი მარტო. დაეტიე სახლში, დააყენე ერთი ადგილი, სადაც საჭიროა და არაფერი არ იქნება. თუ გამოხვალ, დაიწყებ დაწვას, ნგრევას და ამ ქვეყნის ომში ჩათრევას, მაშინ ჩვენც გამოვალთ და ჩვენ მერე დაგამთავრებთ თქვენ“.
  • 21 ოქტომბერი, საორგანიზაციო შეხვედრა მცხეთაში:  „საორგანიზაციოშეხვედრას“ მცხეთაში სხვა რეგიონული შეხვედრებისგან განსხვავებით, კონსტანტინე მორგოშიაც ესწრებოდა. „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ ლიდერები ექსპერტებსა და პოლიტოლოგებს შეხვდნენ. შოთა მარტინენკოს განცხადებით, ჩატარებული ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი მიზანი „ანტიმაიდნის“ საბჭოს და „ალტერნატიული პოლიტიკური და იდეოლოგიური პლატფორმის ფორმირებაა, რომელიც ლიბერალური დღის წესრიგის საპირწონე იქნება“.
  • 29 ოქტომბერი, მოძრაობის საორგანიზაციო შეხვედრა ქუთაისში

ძალადობრივ რიტორიკასთან დაკავშირებით, არასამთავრობო სეტორის მოთხოვნის შემდეგ „ალტ-ინფოს“ ლიდერები შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე დაიბარეს. სამართალდამცველებთან შეხვედრამდე მახარაძემ შსს-ს მოსთხოვა „დამატებითი ინფორმაცია, რატომ არ არიან დაკავებული ის ხალხი, ვინც მათივე თქმით, სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდა“.

რას წარმოადგენს „ალტ-ინფო“: მედიიდან პოლიტიკურ პარტიამდე

ატლანტიკური საბჭოს ციფრული კვლევის ლაბორატორიის ინფორმაციით, „ალტ-ინფო“ გამუდმებით თავს ესხმის დასავლურ ღირებულებებს, ისევე, როგორც საქართველოში მცხოვრებ ლგბტ თემს. ჯგუფი ცნობილია თავისი ჰომოფობიური და ქსენოფობიური რიტორიკითა და ქმედებებით. „ალტ-ინფოზე“ აქტიურად ზიარდება სტატიები, რომლებიც დასავლეთს არასტაბილურ ადგილად წარმოაჩენს.

რა არის ცნობილი „ალტ-ინფოს“ შესახებ?

  • როგორც მედია საშუალება, „ალტ-ინფო“ 2019 წლის იანვარში ჩამოყალიბდა შოთა მარტინენკოსა და ციალა მორგოშიას მიერ, რომლებიც კომპანიის 50-50%-იანი წილების მფლობელები არიან. 2020 წლის 6 ნოემბერს, კომუნიკაციების კომისიამ „ალტ-ინფოს“ ავტორიზაცია მიანიჭა.
  • თბილისი პრაიდი 2021: ჯგუფი ცნობილი 2021 წელს მას შემდეგ გახდა, რაც სათავეში ჩაუდგა 5 ივლისის თბილისი პრაიდის დარბევას, რის შედეგადაც 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა, მათ შორის ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელიც რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა.
  • „კონსერვატიულ მოძრაობად“ გარდაქმნა: 2021 წლის 20 ნოემბერს „ალტ-ინფოს“ ლიდერებმა ახალი პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ დააფუძნეს. პოლიტიკური პარტიის ლიდერები იგივე პირები არიან: კონსტანტინე მორგოშია, ზურაბ მახარაძე, გიორგი ქარდავა, ირაკლი მარტინენკო, ირაკლი მორგოშია. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ პარტია 2021 წლის 7 დეკემბერს დაარეგისტრირა. 2022 წლის 11 აპრილს მან სახელი შეიცვალა და „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო“ გახდა.
  • თბილისი პრაიდი 2022: „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კონსტანტინე მორგოშიამ 2022 წლის „პრაიდის“ ფესტივალის ჩაშლის პირობა დადო. პოლიციამ „პრაიდის“ ფესტივალის წინა დღეს ულტრა-მემარჯვენე პარტიის 26 წევრი დააკავა.
  • ევროკავშირის დროშის დაწვა: 2023 წლის 14 მარტს, „კონსერვატიული მოძრაობის“ წევრებმა პარლამენტის წინ განთავსებული ევროკავშირის დროშა მოხსნეს, დახიეს და დაწვეს. ისინი ითხოვდნენ რეფერენდუმის ჩატარებას   „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონზე, რომელსაც მთელი არსებით უჭერდნენ მხარს.   
  • თბილისი პრაიდი 2023: 2023 წლის 8 ივლისს, ულტრა-კონსერვატიულმა ჯგუფებმა „ალტ-ინფოს“ ხელმძღვანელობით „პრაიდის“ ფესტივალის ადგილი დაარბიეს, გაანადგურეს ყველაფერი და ცისარტყელას გამოსახულებიანი დროშები და ფესტივალის ბანერები დაწვეს. „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ზურაბ მახარაძემ განაცხადა, რომ ეს „გამარჯვება“ იყო. იმ დღეს, პოლიციამ ვერ შეასრულა დაპირება, რომ „პრაიდის“ ფესტივალის მონაწილეთა უსაფრთხოებას დაიცავდა.

რა იქნება შემდეგ?

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ არაერთხელ მოახდინა რადიკალურად ანტიევროპული, პრორუსული, ნატივისტური და ძალადობრივი ჯგუფების მობილიზება წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე და მის დროს. სხვადასხვა დროს სხვადასხვა ლიდერი და ძალები აქტიურობდნენ: ირმა ინაშვილი „პატრიოტთა ალიანსიდან“ პარლამენტში „ქართული ოცნების“ ჩუმი მხარდაჭერით შევიდა და ვიცე-სპიკერის პოსტიც კი დაიკავა. ლევან ვასაძემ, ნატივისტმა ბიზნესმენმა, სცადა – თუმცა საბოლოოდ ვერ მოახერხა – ექსტრემისტული ფრთის კონსოლიდაცია 2021 წელს.

ზოგიერთმა ინფორმაციამ მოსკოვთან ასეთი ჯგუფების კავშირიც გამოავლინა. მათ შორის იყო „პატრიოტთა ალიანსი“, რომელზეც მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ დაფუძნებულმა ცენტრმა „დოსიე“ განაცხადა, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ წინასაარჩევნო კამპანია კრემლის მიერ არის მხარდაჭერილი. „ალტ-ინფოს“ და ზურაბ მახარაძეს არასდროს დაუმალავთ მოსკოვთან კავშირი, ან რუსეთის დედაქალაქში მოგზაურობები. მიუხედავად ამისა, 2022 წელს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის განახლებული აგრესიის დასაწყისში, მახარაძემ „პირადი მიზეზების გამო“ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გააკეთა განცხადება და, სავარაუდოდ, რუსეთში გაემგზავრა. „კონსერვატიული პარტიის“ ადგილობრივი ოფისები, რომლებიც რამდენიმე თვით ადრე გაიხსნა, 2022 წლის გაზაფხულიდან საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში დაიხურა. მიუხედავად ამისა, პარტია 2023 წელს დაბრუნდა და კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა.

რადიკალური ჯგუფები, ჩვეულებრივ, ელექტორალურ ფუნქციას ასრულებდნენ, რათა „ქართული ოცნება“ გონივრულ, თუნდაც ზოგჯერ შეურიგებელ ძალად წარმოეჩინათ ულტრანაციონალისტური და ძალადობრივი ჯგუფების წინააღმდეგ. ამავდროულად, ეს ჯგუფები „ქართული ოცნების“ ტრადიციულ ოპონენტებს ავიწროებენ, მათ შორის ოპოზიციურ პარტიებს, როგორიცაა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, და სამოქალაქო აქტივისტებს – და ამასთანავე, „ქართული ოცნების“ რადიკალური ფლანგის მობილიზებას ახდენენ.

ამჯერად, „ალტ-ინფოს“ წინა პლანზე წამოწევა ხდება დასავლელი პარტნიორებისა და ინსტიტუტების მიმართ „ქართული ოცნების“ ღიად მტრული დამოკიდებულების კონტექსტში, რაც 2024 წლის არჩევნების წინ სამოქალაქო და კრიტიკული სივრცის შეზღუდვის მიზანმიმართულ მცდელობას წარმოადგენს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button