ახალი ამბები

მედიაორგანიზაციები საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავენ

90-ზე მეტი მედიაორგანიზაცია, მათ შორის, „სამოქალაქო საქართველო“ „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშრებით საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს და აცხადებს, რომ „საქართველოში მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევების შემთხვევებმა კრიტიკულ ზღვარს“ მიაღწია.

ხელმომწერი მედიაორგანიზციები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიმართავენ, რომ „მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება მოახდინონ რუსთაველის გამზირზე 5 ივლისს მედიის წარმომადგენლების მიზანმიმართულ დევნაზე, ჯანმრთელობის დაზიანების, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ხელშეშლის ფაქტებსა და საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობაზე“.

ხელმომწერები ხაზს უსვამენ, რომ მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობის „ათეულობით საქმე გამოუძიებელია და ხელისუფლება არ უზრუნველყოფს ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვას, მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებები კი, კიდევ უფრო ახალისებს ძალადობას“.

მათივე განცხდებით, სამოქალაქო სექტორის წინასწარი მოწოდებების მიუხედავად, სახელმწიფომ მედიის წარმომადგენლების დასაცავად სათანადო ზომები არ მიიღო და შედეგად, 5 ივლისის მოვლენების დროს მინიმუმ 53 ჟურნალისტი დაშავდა, მათ შორის იყო ალექსანდრე ლაშქარავაც.

ხელმომწერები აცხადებენ, რომ „სხვადასხვა ძალადობრივი ჯგუფის წევრების მხრიდან ამ დრომდე გრძელდება ღია მუქარა ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ, რაზეც სამართალდამცავი უწყებები შესაბამისად არ რეაგირებენ“. მათივე თქმით, „დაკავებულები არ არიან არც 5 ივლისის ძალადობრივი კონტრაქციის ორგანიზატორები, რომელთა ვინაობაც საჯაროდაა ცნობილი“.

„ამ დრომდე გამოუძიებელია ჟურნალისტებზე თავდასხმის, მედიის საქმიანობის ხელშეშლის და ძალადობის წარსულში მომხდარი ფაქტების უმრავლესობა და არ ხდება ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხის გამოკვეთა,” – ნათქვამია განცხადებაში, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

ხელმომწერ მედიაორგანიზციებს შორის არიან: ტელეკომპანიები – „მთავარი არხი“, ფორმულა“, „რუსთავი 2“, „ტელეკომპანია პირველი“, „იმედი“, „კავკასია“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი“, „აჭარის ტელევიზია“; ინტერნეტგამოცემები – „ინტერპრესნიუსი“, „ტაბულა“, „ნეტგაზეთი“ და „ბათუმელები“, „პუბლიკა“, „ონჯი“, OC მედია“, „ჯემ ნიუსი“ და „სამოქალაქო საქართველო“. განცხადებას ხელს აწერს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button