ახალი ამბები

კონსერვატიული მოძრაობა „პრაიდის“ ფესტივალის წინააღმდეგ „მობილიზაციას“ აცხადებს

ულტრამემერჯვენე პარტია კონსერვატიული მოძრაობის ლიდერებმა ლგბტ+ თემის მხარდამჭერი ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ მიერ პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ფესტივალის წინააღმდეგ „მობილიზაცია“ გამოაცხადეს.

პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, კონსტანტინე მორგოშიამ დღეს „ტელეკომპანია პირველთან“ საუბარში თქვა, რომ მხოლოდ კონსერვატიულ მოძრაობას და მათივე ტელევიზია „ალტ ინფოს“ რამდენიმე ათასი ადამიანის შეკრება შეუძლია იმისათვის, რომ საქართველოში „ეს მაიმუნობები“ დამთავრდეს.

„როგორც 5 ივლისი იყო ქართველი ხალხის გამარჯვების დღე, 2 ივლისიც იქნება [ამის] დამადასტურებელი“, – თქვა მან.

ჟურნალისტის კითხვაზე, რას მოიმოქმედებენ, თუკი პოლიცია ღონისძიების დაცვას შეეცდება, მორგოშიამ უპასუხა, რომ „ხალხის ნებაზე ზევით არანაირი კანონი არ არსებობს“.

„ამიტომ, პირდაპირ გეუბნებით, რომ პოლიცია ხალხის წინააღმდეგ არ წავა [და] ვერავინ მათ ფესტივალს ვერ დაიცავს“, – დასძინა მან.

მორგოშიამ იქვე განმარტა, რომ არც დაპირისპირების საბაბი იქნება, რადგანაც „იმდენი ვიქნებით, რომ უბრალოდ აზრი არ ექნება არაფრის დაცვას, არ მოვლენ“.

ჟურნალისტის კიდევ ერთი კითხვის საპასუხოდ, აქვთ თუ არა იმედი, რომ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მათ გეგმას მხარს დაუჭერს, მორგოშიამ განაცხადა, რომ პოსტზე მეორე ვადით მოსვლის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები „თანხვედრაშია ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ნებასთან“.

„ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერი, ამ შემთხვევაშიც, ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის გვერდზე დადგება“, – ხაზი გაუსვა მორგოშიამ.

აღსანიშნავია, რომ „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილ ღონისძიებას მორგოშია სოციალურ ქსელში გუშინვე გამოეხმაურა „საქართველოში… ვერანაირ გრანდიოზულ ფესტივალს ვერ ჩაატარებთ, ვერსად და ვერასდროს“.

„მობილიზაციას ჩვენც დავიწყებთ დღეიდან და ვნახოთ, რა ფესტივალის სურვილი გექნებათ ივნისის ბოლოს“, – დასძინა მან. მოცემული მომენტისთვის მორგოშიას პოსტი Facebook-ზე აღარ იძებნება.

დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის ახალმა თავმჯდომარემ, გიორგი ქარდავამ განაცხადა, რომ დაგეგმილი ღონისძიება იმ პოლიტიკური პარტიის „ბოლო გაფართხალებაა“, რომელთაც ქვეყნის უკრაინაში მიმდინარე პროცესებში ჩართვა არ გამოუვიდათ.

„მათ მშვენივრად იციან, რომ ეს გამოიწვევს დიდ არეულობას და ვნებათაღელვას“, – დასძინა ქარდავამ. მართალია, მას კონკრეტული პარტია არ დაუსახელებია, თუმცა მან სავარაუდოდ, ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე მიანიშნა. საგულისხმოა, რომ პრემიერი ღარიბაშვილი გასულ წელსაც ამბობდა, რომ „ღირსების მარშის“ უკან დესტრუქციული ოპოზიცია იდგა.

დღევანდელ ბრიფინგზე პარტიის კიდევ ერთმა ლიდერმა, ირაკლი მარტინენკომ განაცხადა, რომ ისინი ღონისძიებამდე დარჩენილ პერიოდს „კონტრშეტევებისთვის“ გამოყენებენ.

„მთელი ივნისის განმავლობაში ჩვენ გვექნება მცირე ღონისძიებები, რომლებიც იმ განწყობის ფორმირებაზე იქნება გათვლილი რომელიც უნდა ჩამოყალიბდეს ბოლო ეტაპზე’, – თქვა მან.

„თბილის პრაიდი“ დაუსჯელობის სინდრომზე საუბრობს

კონსერვატიული მოძრაობის მუქარა ქვეყანაში ძალადობრივი ფაქტების „დაუსჯელობის სინდრომის“ შედეგად შეაფასეს „თბილისი პრაიდში“.

ორგანიზაციის დირექტორმა, ანა სუბელიანმა დღეს მედიასთან საუბარში თქვა, რომ მათ მიმართ მუქარები იმის პირდაპირი გამოძახილია, რომ ხელისუფლებას არც 5 ივლისის ძალადობის და არც მანამდე გამოვლენილი ძალადობრივი აქტების ორგანიზატორები დაუსჯია.

„რა თქმა უნდა, ველით, რომ შსს-ისგან მოჰყვება რაიმე ტიპის რეაგირება, ამას, სასწრაფოდ, – განაცხადა მან.

„თბილისი პრაიდის“ კიდევ ერთი დირექტორის, მარიამ კვარაცხელიას თქმით, „ძალადობრივი ჯგუფების“ მუქარამ, რომ კერძო საკუთრებაში მათი ღონისძიების ჩატარებას არ დაუშვებენ, „კარგად გამოაჩინა, რომ საქმე მხოლოდ ქუჩაში გამოსვლაზე არ არის“.

„[მათ] ჩვენს არსებობასთან და ჩვენს საქმიანობასთან აქვთ პრობლემა… თუმცა, ჩვენ უკან დახევას არ ვაპირებთ““, – ხაზი გაუსვა კვარაცხელიამ. 

„თბილისი პრაიდმა“ 31 მაისს განაცხადა, რომ თბილისში „ღირსების მარში“ არ ჩატარდება, თუმცა 28 ივნისიდან 2 ივლისამდე პრაიდის კვირეული გაიმართება.

კვირეული სამი ძირითადი ღონისძიებისგან შედგება, მათ შორისაა – ახალი ქართული ქვიარ ფილმის ჩვენება „ჰომოფობიის, ბრძოლისა და გადარჩენის“ შესახებ; რეგიონული კონფერენცია და „გრანდიოზული პრაიდფესტივალი“, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო არტისტებს გააერთიანებს.


2021 წლის 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილი „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგო აქციაზე ჟურნალისტებზე ჰომოფობიური ძალადობის ფონზე, რა დროსაც, მედიის 50-ზე მეტი დაშავდა, „თბილისი პრაიდმა“ დაგეგმილი „ღირსების მარში“ გააუქმა.

პოლიციამ ჟურნალისტებზე ძალადობისთვის ჯამში 27 პირი დააკავა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტებზე თავდამსხმელი 27-ვე პირი უკვე მისცა პასუხისგებაში.

თუმცა, მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, სამართალდამცველებს ძალადობის ორგანიზატორები ამ დრომდე არ დაუკავებიათ.

საგულისხმოა, რომ პროკურატურას 5 ივლისის საქმეზე ძალადობის ორგანიზატორების, მათ შორის, „ალტ ინფოს“ წამყვანის, ზურაბ მახარაძის წინააღდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით სახალხო დამცველმა მიმართა.

ცნობილია, რომ პოლიციამ „ალტ ინფოს“ წამყვანები გამოკითხა და მათი სახლებიც გაჩხრიკეს, მაგრამ მათ წინააღმდეგ გამოძიების დაწყების შესახებ ცნობები აღარ გავრცელებულა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button