ულტრაკონსერვატიულმა მოძრაობამ 30 აპრილის აქციაზე თავისი მოთხოვნები წარადგინა
30 აპრილს რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა „აი უცნობმა“ საპროტესტო აქცია გამართა სახელწოდებით „მოვდივარ – საქართველო უპირველეს ყოვლისა“ და ლოზუნგით „არა ომს! მშვიდობა ჩვენს ქვეყანას”. ორგანიზატორებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ დემონსტრაცია იყო არაპარტიული და პოლარიზაციასთან, ქვეყანაში რევოლუციური სცენარის განვითარების რისკებთან და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებთან დაკავშირებით საზოგადოების წუხილს გამოხატავდა. აქცია დაანონსდა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, სატელევიზიო შოუს „უცნობის კიდობანის“ დროს, რომელიც ცნობილია თავისი პროსახელისუფლებო და ანტიდასავლური რიტორიკით, „უცხოური აგენტების“ კანონის საწინააღმდეგოდ გამართული 7-9 მარტის დემონსტრაციების საპასუხოდ.
აქციაზე გაჟღერებულ მთავარ გზავნილებს შორის იყო მოწოდებები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პასუხისმგებლობის შესახებ, საქართველოს „დაუძინებელი მეგობრების“ კრიტიკა, რომლებიც „ერევიან“ საქართველოს საშინაო საქმეებში და ცდილობენ მის ჩათრევას ომში, თავისუფალი ვაჭრობის წინააღმდეგ, ანტი-ლგბტ მესიჯები და მადლიერების გამოხატვა ქართული ოცნების მთავრობის მიმართ საქართველოში მშვიდობის შენარჩუნებისთვის. კრემლის სტილის პროპაგანდის მსგავსი თემები, როგორიცაა ოჯახში მშობელი #1 და მშობელი #2 წყობის მიუღებლობა, თვალსაჩინო იყო მიტინგზე. ღონისძიება იმით დასრულდა, რომ აქციის მონაწილეების სახელით ორგანიზატორებმა მთავრობას თავიანთი მოთხოვნები წარუდგინეს.
აქციის დასაწყისში შეკრებილებს სიტყვით მიმართა „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა, აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მსახიობმა ზაზა პაპუაშვილმა. მან თქვა: „მოვდივართ იმიტომ, რომ დასრულდეს ეს დამღუპველი აგრესია და გაუცხოება, ავიცილოთ ის მზაკვრული ჩანაფიქრი, რომელიც მომართულია ჩვენი ქვეყნის მიმართ, შევინარჩუნოთ წონასწორობა, რათა ვერავინ შეძლოს ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და თავისუფლების ხელყოფა“, – დასძინა მან. „მოვდივართ იმიტომ, რომ ვუთხრათ არა ყველანაირ ფაშისტურ, ბოლშევიკურ, სადისტურ მისწრაფებებს და გამოვლინებებს, ქვეყნის არევას, ჩვენი ქვეყნის საქმეებში ჩარევას, დაუსაბუთებელ რეზოლუციებს და სანქციებს, დამცირებას და შეურაცხყოფას, მუდმივ რყევას და დასამარებას“.
ყოფილი პოლიტიკოსისა და დეპუტატის, გარდაცვლილი გურამ შარაძის ქალიშვილმა, რუსუდან შარაძემ რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ ხალხს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ მამაც იმავე მიზეზით მოკლეს, რისთვისაც დღეს იბრძვიან. მან ხაზი გაუსვა „ნაციონალური მოძრაობის“ პასუხისმგებლობის დაკისრების მნიშვნელობას მამის გარდაცვალების გამო. მოგვიანებით ეს მოთხოვნა მოძრაობის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად გამოიკვეთა.
ვატო შაქარიშვილმა, თბილისის საკრებულოს “ქართული ოცნების” ყოფილმა დეპუტატმა, კონსერვატიული პორტალის – „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ – დამფუძნებელმა, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები „დაუძინებელ მეგობრებად“ მოიხსენია და ხალხს მოუწოდა, განიხილონ რა სჭირდება საქართველოს რეალურად. მან ეჭვქვეშ დააყენა ნატოში გაწევრიანების არარეალური გეგმებისა და მიზნების გატარების მნიშვნელობა, ნაცვლად ამისა, შესთავაზა, რომ საქართველომ პრიორიტეტად ნეიტრალიტეტი დაისახოს. მან ასევე განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირისგან პოზიტიურ პასუხს არ უნდა ელოდეს, რადგან მიაჩნია, რომ საერთაშორისო პარტნიორები ქვეყანას მშვიდობის დაცვის გამო სჯიან.
ყოფილმა დეპუტატმა ირაკლი გოგავამ ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ საჭიროა საქართველომ საკუთარი „სუვერენული“ ეკონომიკური პოლიტიკის გატარება დაიწყოს. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა მტკიცება, რომ „გლობალურ ომის პარტიას“ საქართველოს ომში ჩაბმა სურს, თუმცა კონკრეტული პარტია არ დაუსახელებია.
აქციის დასასრულს, ორგანიზატორებმა აქციის მონაწილეებს მთავრობის სახელზე მომზადებული წერილი წარუდგინეს, რომელიც მათ მოთხოვნებს შეიცავდა. მოთხოვნებს შორისაა ნაციონალური მოძრაობის „დიქტატორული რეჟიმის“ პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება, ასევე „შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმების აღსრულება“. დანარჩენი მოთხოვნებია:
- კანონის ყველას მიმართ თანაბრად აღსრულება, მიუხედავად პოლიტიკური, სექსუალური თუ სხვა ორიენტაციისა;
- პოლარიზაციის და პოლიტიკური კრიზისის შემთხვევაში ქართველ ხალხს პლებისციტის გზით აზრის გამოხატვის შესაძლებლობა უნდა მიეცეს, რათა რევოლუციები და დესტაბილიზაცია თავიდან იქნას აცილებული;
- ხელისუფლებამ სუვერენული ეკონომიკური პოლიტიკის გატარებაზე უნდა იზრუნოს, რაც უმუშევრობას, დაბალ ხელფასებს, სიღარიბეს აღმოფხვრის;
- ევროკავშირის და სხვა ქვეყნების პოლიტიკოსებმა პატივი უნდა სცენ საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტს და უზრუნველყონ შიდა, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმეებში სრული ჩაურევლობა. მხარეთა შორის ურთიერთობები პატივისცემას და პარტნიორობას უნდა ეფუძნებოდეს;
- დაინერგოს სკოლებში ფუნდამენტური განათლება. შეწყდეს ახალგაზრდების იდეოლოგიური დამუშავება სასწავლო დაწესებულებებში;
- დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსასწორებლად ქმედითი სახელმწიფო პროგრამა უნდა განხორციელდეს;
- ლგბტ პროპაგანდა კანონით უნდა აიკრძალოს.
აქციის დასასრულს, გია გაჩეჩილაძემ მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, ვინც „დღეს მშვიდობას იცავს“. მან განაცხადა: „მინდა, გითხრათ ყველას, ვინც თუნდაც ტელევიზიებიდან გვადევნებს თვალყურს, შეხედეთ ამ ხალხს, ამ ადამიანებს და თავშიც აღარ გაივლოთ ამ ხალხის სახელით ლაპარაკი“.
აქციის მონაწილეთა დიდი ნაწილი დედაქალაქში სხვადასხვა რეგიონებიდან ორგანიზებულად, მიკროავტობუსებით ჩამოვიდა და იმავე მეთოდით დაბრუნდა უკან. ადგილზე 70-ზე მიკროავტობუსი შეინიშნებოდა. ერთმა მონაწილემ უთხრა ტელეკომპანია „ფორმულას“, რომ თბილისში გამოგზავრება მათი უფროსის ორგანიზებული იყო და ისინი კოლეგებთან ერთად ჩამოვიდნენ.
გასულ კვირას, „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ აქციაზე კომენტარებისას განაცხადა, რომ მმართველი პარტია ორგანიზატორებს შორის არ არის, მაგრამ ორგანიზატორთა „პატრიოტიზმი“ მხარდაჭერას იმსახურებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)