skip to content
ახალი ამბები

რუსული არასამთავრობო: კრემლი საქართველოს არჩევნებში ერევა და პატრიოტთა ალიანსს ეხმარება

კრემლის კრიტიკოსის, მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ დაფუძნებულმა რუსულმა საგამოძიებო პროექტმა – ცენტრმა „დოსიემ“, რომლის მიზანიც კრემლთან ასოცირებული პირების კრიმინალური ქმედებების მხილებაა, 24 აგვისტოს გამოძიების შედეგები გაასაჯაროვა, სადაც ნათქვამია, რომ პატრიოტთა ალიანსის წინასაარჩევნო კამპანია კრემლის მიერ არის მხარდაჭერილი.

ანგარიშის მიხედვით, კრემლი საქართველოში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში იმედებს პარტია პატრიოტთა ალიანსის ლიდერებზე – ირმა ინაშვილსა და დავით თარხან-მოურავზე ამყარებს.

„წინასაარჩევნო კამპანიისთვის რამდენიმე მილიონიანი ბიუჯეტი უკვე შედგენილია“, – ვკითხულობთ დოკუმენტში. თუმცა, მასში პარტიისთვის კონკრეტული თანხის გადახდის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი მოცემული არ არის. ამ ეტაპზე გამოძიების მხოლოდ პირველი ნაწილი გამოქვეყნდა.

ვინ დგას კულისებში?

ანგარიშში დეტალურად არის აღწერილი ის ქსელი, რომელიც პატრიოტთა ალიანსთან ურთიერთობებით არის დაკავებული. მთავარი მაკოორდინირებელი, სავარაუდოდ, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიერ 2005 წელს შექმნილი უცხოეთის ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველოა, რომლის თავდაპირველი მიზანი ე.წ. „ფერადი რევოლუციებისთვის“ წინააღმდეგობის გაწევა იყო.

სამმართველოს ვლადიმირ ჩერნოვი, საგარეო დაზვერვის სამსახურის გენერალი ხელმძღვანელობს. „დოსიეს“ თანახმად, ის რუსეთის პრეზიდენტის მეგობართან და მისი ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელთან, სერგეი ივანოვთან დაახლოებული პირია. ამავე ინფორმაციით, სამმართველოში წამყვანი თანამდებობები ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის, მთავარი სადაზვერვო სამმართველოსა და საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილ თანამშრომლებს უკავიათ.

დოსიეს გამოძიება ჩერნოვის სამდივნოდან გამოჟონილ დოკუმენტებს ეფუძნება, მათ შორის არის სამუშაო დოკუმენტები, ანალიტიკური ანგარიშები, ფინანსური შეფასებები, საარჩევნო სახელმძღვანელოები და ოპერატიული ანგარიშები.

ანგარიშის თანახმად, პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო კამპანიისთვის ჩერნოვის ოფისმა კრემლთან დაახლოებული საარჩევნო ექსპერტი სერგეი მიხეევი დაიქირავა. დოკუმენტის მიხედვით, მიხეევი ბელარუსში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებშიც ჩართეს. ამასთან, 2014 წელს ლიტვის ინიციატივით, მიხეევი ევროკავშირში პერსონა ნონ-გრატად გამოცხადდა.

ანგარიშის თანახმად, მიხეევს ჩერნოვის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი ვალერი მაქსიმოვი და მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ოფიცერი ვალერი ჩერნიშოვი ხელმძღვანელობენ.

პატრიოტთა ალიანსის პოპულარიცაზიაზე  რუსული კომპანია POLITSECRETS-იც ზრუნავს, რომელსაც რუსი ავტორი და სარჩევნო კამპანიების სპეციალისტი ვერა ბლაშენკოვა ხელმძღვანელობს. ბლაშენკოვას მტკიცებით, იგი ყირგიზეთის, ყაზახეთის, უკრაინისა და რუსეთის, მათ შორის, მმართველი პარტიის – „ერთიანი რუსეთის“ წინასაარჩევნო კამპანიებში იყო ჩართული.

გამოჟონილი დოკუმენტების თანახმად, რუსეთმა საინფორმაციო სააგენტოების, მათ შორის, „სპუტნიკ საქართველოს“, ევრაზია დეილის“, „რეგნუმისა“ და პოლიტიკური ცენტრის – „ჩრდილო-სამხრეთის“ მობილიზების გზით, პატრიოტთა ალიანსის საინფორმაციო მხარდაჭერისთვისაც იზრუნა.

პროექტის ხარჯები

ანგარიშის თანახმაც, მიხეევმა წლის დასაწყისში 700 000 აშშ დოლარის ღირებულების ბიუჯეტი „ძველი მოედნის“ (ადგილი მოსკოვში, სადაც პრეზიდენტის ადმინისტრაციაა განთავსებული) მისამართზე გაგზავნა. ბიუჯეტი, პოლიტიკური კონსულტანტების, მათ შორის, ტრანსპორტირებისა და საცხოვრებელში განთავსებისთვის საჭირო ხარჯებსაც მოიცავს. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ზოგიერთ მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურები გახდა საჭირო, ხარჯები, შესაძლოა, გაიზარდოს.

დოკუმენტის მიხედვით, პატრიოტთა ალიანსს, დიდი ალბათობით, გადაცემით – „საოცრებათა ყუთი“, რომლის წამყვანიც ირმა ინაშვილია და სადაც დაბალი შემოსავლების მქონე ოჯახებს 700-დან 1 000 აშშ დოლარამდე ღირებულების საჩუქრებს ჩუქნიან, სარგებლის მიღება სურდა. თუმცა, ამავე ანგარიშით, მიხეევმა პარტია გააფრთხილა, რომ აღნიშნული, შესაძლოა, ამომრჩევლის პოტენციურ მოსყიდვად მიჩნეულიყო, რასაც შესაბამისი სამართლებრივი შედეგები მოჰყვებოდა (სარედაქციო შენიშნვა: ირმა ინაშვილი აღნიშნული გადაცემის წამყვანი არ არის, იგი მას რამდენჯერმე სტუმრობდა).

მიხეევის მიერ მომსახურების სანაცვლოდ მოთხოვილი 700 000 აშშ დოლარის გარდა, პატრიოტთა ალიანსმა მოსკოვში საარჩევნო კამპანიის ხარჯების დასაფარად 8 430 625 აშშ დოლარის ბიუჯეტიც გაგზავნა, რაც „ღარიბი საქართველოსთვის საკმაოდ დიდი თანხაა“. ხარჯების მრავალრიცხოვანი ჩამონათვალი ასევე მოიცავს, სუვენირების, მედიის, ასევე ცენტრალური და რეგიონული ოფისების შენახვისთვის საჭირო და სხვა ხარჯებსაც.

სპეციფიკური საარჩევნო აქტივობები

„დოსიეს“ თანახმად, ბლაშენკოვას მიერ პატრიოტთა ალიანსისთვის მიცემულ რეკომენდაციებში შედის:

  • გადაუწყვეტელ ამომრჩეველთან მუშაობა;
  • დიდი პარტიების, მათ შორის, ქართული ოცნების, ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს ხმების წაღება;
  • ქართველ ამომრჩეველში საპროტესტო მუხტის გაღვივება, მათ შორის, საზოგადოებრივი უკამოყოლების გაღრმავებით, თუნდაც აღნიშნული ნაციონალური მოძრაობისა და დემოკრატიული მოძრაობისთვის მომგებიანი, მაგრამ ქართული ოცნებისთვის სრულად საზიანო იყოს. პოტენციურად მძიმე სცენარების დახატვა, მათ შორის, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში, რუსეთთან ურთიერთობების დაძაბვით მიღებულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ შედეგებზე ყურადღების გამახვილება. აგრეთვე, ამავე სცენარის კონტექსტში, აშშ-ის მოთხოვნის საფუძველზე, სკოლებში „ადრეული სექსუალური განათლების დანერგვის“, ლგბტქ+ თემის მიმართ ტოლერანტული განწყობების ზრდისა და მსგავსი თემების შესახებ საუბარი. POLITSECRETS-მა მოსალოდნელი დემოგრაფიული პრობლემებისა და კრიმინალის დონის მატების ამსახველი რამდენიმე ვიდეორგოლი შესაბამისი ინფოგრაფიკებით უკვე მოამზადა;
  • მმართველი გუნდისა და ოპოზიციური ელიტების მდიდრული ცხოვრების წესის ჩვენებით, ამომრჩეველში შურისა და სიხარბის გაღვივება;
  • პოტენციური საპარლამენტო კოალიციების არშექმნის მიზნით, ხმების დაყოფა და სხვ.

ანგარიშის თანახმად, ბლაშენკოვამ პატრიოტთა ალიანსის ღიად მხარდამჭერ პირებზე ინფორმაციაც ითხოვა.

გამოხმაურებები თბილისში

პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა ბრალდებებს „აბსურდული“ უწოდა და თქვა, რომ პარტია ამგვარი „თავდასხმებისთვის“ მზად იყო. მანვე დაადასტურა, რომ პატრიოტთა ალიანსმა საარჩევნო კამპანიისთვის რუსული კომპანია ნამდვილად დაიქირავა, თუმცა დასძინა, რომ პარტია ამავე მიზნით ებრაული და ამერიკული კომპანიების მომსახურებითაც სარგებლობს.

დოსიეს ანგარიშში ასახულ ინფორმაციაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით, ევროპული საქართველოს დეპუტატმა, ელენე ხოშტარიამ საქართველოს გენერალურ პროკურატურას მიმართა. მისი თქმით, ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: „უცხო ქვეყნიდან დაფინანსება, შესაძლო შპიონაჟი [და], ზოგადად, საქართველოს ინტერესების, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებები“, პროკურატურა გამოძიებას უნდა იწყებდეს.

„თუ ოკუპანტი ქვეყნიდან დაფინანსების ფაქტი მართლაც დაფიქსირდა, ბუნებრივია, ამას შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს“,  – თქვა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ანგარიშის თანახმად, პატრიოტთა ალიანსმა 2019 წელს 1 676 618 ლარის დაფინანსება მიიღო, რითაც მიღებული შემოსავლების კუთხით ქართული ოცნების შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა. ამავე წელს, პატრიოტთა ალიანსმა 1 671 775 ლარის ხარჯი გასწია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button