ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინებების გამო ბექა ვარდოსანიძის საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკა ჩატარდა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუსი) ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ქართველი ბლოგერის ბექა ვარდოსანიძის საცხოვრებელ ბინასა და ავტოფარეხში ჩხრეკა ჩატარდა. ვარდოსანიძეს, რომელიც სიძულვილის ენისა და ჰომოფობიური განცხადებების გავრცელებითაა ცნობილი, მოწმის სახით გამოკითხავენ, განაცხადა სუს-მა. მისი თქმით, ჩატარებული ჩხრეკების შედეგად ექსპერტიზისთვის ამოღებულია სხვადასხვა კომპიუტერული და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი ტექნიკა.
სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებებით დგინდება, რომ დროის გარკვეული ინტერვალით, კონკრეტული პირის სარგებლობაში არსებული ელექტრონული ფოსტიდან, სხვადასხვა მისამართზე, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, ტელეკომპანია „იმედის“ ოფიციალურ მეილზე გაიგზავნა ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინებები, რაც დაკავშირებული იყო აფეთქებების განხორციელებასთან. ტექსტში მითითებული იყო, რომ კლუბში „ბასიანი“, ბარში „რატის ბარი“ და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საახალწლო ღონისძიების ფარგლებში განთავსებულ სცენზე დამონტაჟებული იყო ასაფეთქებელი მოწყობილობები.
ვარდოსანიძე ულტრა-კონსერვატიულ, ანდი-დასავლურ, პრო-რუსულ და ჰომოფობიურ „კონსერვატიულ მოძრაობა/ალტ-ინფო“-სთან ასოცირდება, რომელმაც ჩხრეკას პოლიტიკური რეპრესიის აქტი უწოდა.
მიუხედავად იმისა, რომ „ალტ-ინფო“ ხშირად კონკრეტულ საკითხებზე საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, მმართველ პარტიას და განსაკუთრებით მის რადიკალურ შტოს, „ხალხის ძალას“ უჭერდა მხარს, ვარდოსანიძე ბოლო დროს მათ დაუპირისპირდა. მან მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა მატრონას სტალინის გამოსახულებიან ხატთან დაკავშირებული დაპირისპირების დროს გააკრიტიკა. ამასთან, ვარდოსანიძე ასევე აკრიტიკებდა მმართველ პარტიას „ქართული ოცნებას“ და პირადად მის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს.
განახლება: 31 იანვარს უსაფრთხოების სამსახურში გამართული გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ვარდოსანიძემ განაცხადა: „გიჟი უნდა ვიყო, რომ მეილით, რომელიც ჩემთან არის ასოცირებული, ასეთი შეტყობინება გავაგზავნო და მთელი ქვეყანა დავაყენო ფეხზე. ცოტა არ იყოს სასაცილოა“.
მასალა განახლდა 1 თებერვალს 12:00 საათზე და მას ვარდოსანიძის კომენტარი დაემატა.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)