skip to content
ანალიზი

სტალინის გამოსახვამ ხატზე სამების ტაძარში სახალხო მღელვარება გამოიწვია

დიქტატორის ინკარნაცია

თბილისის მთავარ მართლმადიდებლურ საკათედრო ტაძარში გამოჩნდა ხატი, რომელზეც საბჭოელი დიქტატორი იოსებ სტალინია გამოსახული. აღნიშნულმა ფაქტმა კი უსიამოვნო კითხვები გააჩინა საქართველოს წამყვანი რელიგიური ინსტიტუტის სტალინისადმი შემწყნარებლური დამოკიდებულებისა და მასზე რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის გავლენების შესახებ.

რა მოხდა?

7 იანვარს, შობის დღეს, სამოქალაქო აქტივისტებმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს ფოტო და ვიდეო მასალები, რომლებზეც ჩანს წმინდა მატრონა მოსკოველის ხატი თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში. ხატზე, რომელიც წმინდანის ცხოვრებას ასახავს, ჩანს, თუ როგორ იღებს იოსებ სტალინი მატრონასგან დალოცვას.

გიორგი კანდელაკმა, რომელიც “საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიაში” (SovLab) სტალინიზმის აღორძინების საკითხებს იკვლევს, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწერა, რომ სტალინის, როგორც “საქართველოს დამოუკიდებლობის განადგურების ინიციატორის, ათასობით სასულიერო პირის მკვლელისა და საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის შემოქმედის” გამოსახვა ხატზე სამების საკათედრო ტაძარში “რუსული საინფორმაციო ომის მანქანის მორიგი წარმატებაა” საქართველოში.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, თეოლოგები და რამდენიმე სასულიერო პირი აღნიშნულ ფაქტს აღშფოთებით გამოეხმაურა.

ვინ იყო მატრონა მოსკოველი?

წმინდა მატრონა მოსკოვში XX საუკუნის პირველ ნახევარში ცხოვრობდა. დაბადებიდან უსინათლო მატრონაზე ამბობდნენ, რომ მას განკურნების ძალა ჰქონდა. იგი წმინდანად რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ 1999 წლის 2 მაისს შერაცხა. სახალხო ლეგენდის თანახმად, მაშინ, როდესაც ნაცისტური გერმანია საბჭოთა დედაქალაქს უახლოვდებოდა, მატრონამ იოსებ სტალინი დალოცა და უწინასწარმეტყველა, რომ თუ იგი მოსკოვში დარჩებოდა და ეკლესიას თავის დიდებას დაუბრუნებდა, ამით სამშობლოს გადაარჩენდა. როგორც ამბობენ, ხატზე სწორედ ეს ეპიზოდია გამოსახული.

წმინდა მატრონასა და სტალინის იკონოგრაფია რუსეთიდან მოდის, თუმცა საკითხი რუსეთშიც კი წინააღმდეგობრივია. როგორც რუსული მედია აცხადებდა, წმინდა მატრონასა და სტალინის ხატი პირველად სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთ ტაძარში 2008 წელს გამოჩნდა, რამაც მრევლში აჟიოტაჟი გამოიწვია. “ამის შემდეგ კი [რუსეთის] მართლმადიდებლური ეკლესიის ხელმძღვანელობამ დაგმო აღნიშნული ტაძრის მოძღვარი და იგი სამღვდელო მოვალეობებისაგან გაათავისუფლა.”

როგორ აღმოჩნდა წმინდა მატრონას ხატი თბილისის სამების საკათედრო ტაძარში?

მას შემდეგ, რაც წმინდა მატრონასა და სტალინის ხატის სამების ტაძარში გამოჩენამ საზოგადოება გაურკვევლობაში ჩააგდო, “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა, პრორუსმა და ანტიდასავლურმა, კრემლთან ახლო კავშირების მქონე ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ მათ შეუკვეთეს ხატის დაწერა რუსეთში, შემდეგ კი იგი სამების ტაძარს შესწირეს. ინაშვილის თქმით, ხატზე სტალინის გამოსახვა არ ნიშნავს, რომ იგი ლოცვის ობიექტია და რომ არ არსებობს მიზეზი, ჩავთვალოთ, რომ სტალინი დადებითად არის გამოსახული ხატზე, ვინაიდან, მისივე თქმით, “გველეშაპი, ანუ ეშმაკის სახე, ასევე გამოსახულია წმინდა გიორგის ხატზე.”

რა თქვა საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ?

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ, სტალინის ხატზე გამოსახვასთან დაკავშირებით აღშფოთება უსაფუძვლოდ მიიჩნია. მიუთითა რა სემანტიკურ საკითხებზე, ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ, როდესაც ამბობენ რომ ეს “სტალინის ხატია.” მისი თქმით, სტალინის გამოსახვა ხატზე “არ ნიშნავს, რომ იგი ლოცვის ობიექტია.” მან ირმა ინაშვილის მსჯელობა გაიმეორა და თქვა, რომ პერსონაჟები, რომლებიც ეკლესიისა და საღვთისმეტყველო დოგმატისთვის, როგორც წესი, უარყოფითად მიიჩნევიან, ხშირად ასევე გამოისახებიან ხატებზე და ამის მაგალითია რომის იმპერატორი დიოკლეტიანე. გაიუს ავრელიუს ვალერიუს დიოკლეტიანუსი იყო რომის იმპერატორი III-IV საუკუნეებში, რომელიც ქართულ იკონოგრაფიაში წმინდა გიორგის ხატზეა გამოსახული.

თეოლოგების თქმით, მსგავსი შედარებების გაკეთება მცდარია, ვინაიდან თუ ბოროტ ძალებს ხატებზე წმინდანები ამარცხებენ, აღნიშნულ შემთხვევაში სტალინს წმინდა მატრონა ლოცავს, რაზეც ხატის წარწერაც მიუთითებს.

სტალინიზმის აღორძინება?

სამოქალაქო აქტივისტები საქართველოში სტალინის, როგორც პატივსაცემი საზოგადო და პოლიტიკური ფიგურის, აღორძინების შემაშფოთებელ ტენდენციაზე მიუთითებენ. ზუსტად მსგავსი ტენდენციაა რუსეთშიც, სადაც საბჭოთა დიქტატორს ქვეყნის გაზრდილი მილიტარიზაციისა და აგრესიულობის კუთხით განადიდებენ.

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC) 2021 წელს ჩაატარა კვლევა, რომელშიც მონაწილეობას 3 024 ქართველი იღებდა. კვლევაში გამოკითხულთა 66% სრულად ან ნაწილობრივ იზიარებს მოსაზრებას, რომ “პატრიოტი ქართველი ამაყი უნდა იყოს იმით, რომ სტალინი ქართველი იყო.” 16% ნეიტრალური იყო, ხოლო 28% სრულად ან ნაწილობრივ უარყოფდა მოსაზრებას. 60%-ზე მეტი იზიარებს მოსაზრებას, რომ სტალინის მმართველობას “როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები ჰქონდა.” აღნიშნულ მოსაზრებას მხოლოდ 9% უარყოფდა. თუ 52% აღიარებს რომ “სტალინი იყო მილიონობით ადამიანის სიკვდილზე პასუხისმგებელი ტირანი,” 2/3-ს სჯერა, რომ “სტალინი იყო ბრძენი ლიდერი, რომელმაც საბჭოთა კავშირის ძლიერება და კეთილდღეობა განსაზღვრა.”

სტალინის ძეგლი ზემო ალვანში, წყარო: mythdetector.ge

მნიშვნელოვანია, რომ გამოკითხულთა დიდ ნაწილს, კერძოდ 41%-ს სჯერა, რომ სტალინი რელიგიური ადამიანი იყო, რაც II მსოფლიო ომის შემდგომი და თანამედროვე რუსული პროპაგანდის გავლენაზე მიუთითებს. თავისი არსებობის თავდაპირველი დღეებიდან სასტიკად ანტირელიგიურმა საბჭოთა რეჟიმმა რელიგიური პირები მოკლა და დააპატიმრა, ასობით ქართველი მღვდელი და ეპისკოპოსი კი გადაასახლა. ამასთან, საბჭოთა რეჟიმი ანგრევდა და აზიანებდა რელიგიურ შენობებს.

მატრონასა და სტალინის ხატის გამოჩენის შემდეგ საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: “იოსებ სტალინის მმართველობის დროს საქართველოში სიკვდილით დასაჯეს ასეულობით სასულიერო პირი, მათ შორის უმეტესწილად – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქები და ათასობით მრევლი, განსაკუთრებით 1924 წლის ანტისაბჭოთა აჯანყებისას და შემდეგ 1937-1938 წლების სტალინური ტერორის დროს.” ამასთან, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის თქმით, 2012 წლის შემდეგ საქართველოში სტალინის თორმეტი ახალი ძეგლი დაიდგა.

ლეგენდა “სტალინი მხსნელი” და რუსული ეკლესია, როგორც “რბილი ძალა”

II მსოფლიო ომის ყველაზე რთულ მომენტებში სტალინი იმპერიულ ნარატივებთან ერთად რელიგიური ტონის შემცველ მიმართვებს იყენებდა, რათა მოქალაქეები “დიდი სამამულო ომისკენ” დაერაზმა. 1920-იანი წლების რეპრესიების უდიდესი ტალღის შემდეგ, რომელმაც, ზოგიერთ გამოთვლებით, 80 000 სასულიერო პირისა და მორწმუნის სიცოცხლე შეიწირა, 1943-1948 წლები იქცა არსებითად მნიშვნელოვან პერიოდად რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის აღდგენისთვის. 1943 წელს რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია, რომელიც 1801-1811 წლებში გაუქმებული იყო, კვლავ აღიარა (საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ დამოუკიდებლობა 1917 წელს აღიდგინა).

მიუხედავად ავტოკეფალიის აღდგენისა, რუსეთის მართლმადიდებელი და სხვა ქვეყნების ეკლესიები ავტორიტარულ რეჟიმსა და სტალინის პიროვნების კულტს ექვემდებარებოდნენ. ისინი სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (KGB) კონტროლირებადი “რელიგიური საკითხების კომიტეტის” მიერ იმართებოდნენ. უსაფრთხოების აპარატი რუსეთისა და საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიებში აღწევდა. აღნიშნული რუსეთში ახლაც გრძელდება პატრიარქ კირილეს გავლით, რომელიც ფართოდ მიიჩნევა უსაფრთხოების აპარატის კადრად. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ხმამაღლა უჭერს მხარს პუტინის ექსპანსიონისტურ და რევანშისტულ პოლიტიკას, მათ შორის რუსეთის მიმდინარე ომს უკრაინაში.

საქართველოში ბევრი სასულიერო პირი და იერარქი აჟღერებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ანტიდასავლურ ნარატივებს, რომლებშიც “ოჯახური ფასეულობები” ხშირად ადამიანის საყოველთაო უფლებებთანაა შეპირისპირებული. ისინი ასევე ქადაგებენ მიუღებლობასა და არატოლერანტობას, ზოგჯერ კი ძალადობასაც უმცირესობების, განსაკუთრებით კი ლგბტ თემის მიმართ.

გაურკვევლობა იზრდება

9 იანვარს სამოქალაქო აქტივისტმა და მოძრაობა “ტალღის” დამფუძნებელმა, ნატა ფერაძემ წმინდა მატრონას ხატს ლურჯი საღებავი შეასხა, ამ აქტის ამსახველი ფოტოები კი სოციალურ ქსელში გაავრცელა. პოლიციამ განაცხადა, რომ გამოძიება “წვრილმანი ხულიგნობის მუხლით” დაიწყო. ფერაძე ამბობდა, რომ მან ამ შემთხვევის გასაჯაროების შემდეგ ტელეფონზე მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღო. ფერაძემ აღნიშნული მუქარების შესახებ პოლიციასთან განაცხადა.

ლურჯი საღებავით გადაღებილი წმინდა მატრონას ხატი, წყარო: რადიო თავისუფლება

პრორუსული და ანტიდასავლური “კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს” წევრები, რომლებიც წარსულში მრავალჯერ დასხმიან ორკესტრირებულად თავს ლგბტ თემს, 10 იანვარს ნატა ფერაძის სახლთან მივიდნენ და პოლიციის კორდონს დაუპირისპირდნენ. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებას მოუწოდეს, რომ შეეწყვიტათ ფერაძისა და მისი მსგავსი ადამიანების დაცვა და დაესაჯათ მკრეხელური ქმედებები, ჯგუფი ადგილიდან დაიშალა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ სამებაში ჟურნალისტების აკრედიტაციის გარეშე შესვლა შეზღუდა. საპატრიარქოს განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანი “შემდგომი გაუგებრობისა და ტაძარში დაძაბულობის თავიდან აცილება” იყო.

ამავე დღეს, 10 იანვარს, გავრცელდა ფოტოები, რომლებზეც ჩანს, რომ ხატი ლურჯი საღებავისგან გაწმინდეს და იგი ტაძარში უფრო გამოსაჩენ ადგილას გადაიტანეს.

პროტესტი ნატა ფერაძის სახლთან, წყარო: რადიო თავისუფლება

დღის ბოლოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გამართა ბრიფინგი, რომელზეც გამოაცხადა, რომ მმართველი პარტია “ქართული ოცნება” გეგმავს, შემოიღოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისა და რელიგიურ ნიადაგზე სიძულვილის გაღვივებისთვის. “ეს შეეხება როგორც ქრისტიანულ-მართლმადიდებლურ, ისე სხვა რელიგიურ ნაგებობებს, მაგალითად, მეჩეთს, სინაგოგას, კათოლიკურ და სხვა ტაძრებს,” – განაცხადა ოხანაშვილმა.

საპატრიარქო ხატში ცვლილებების შეტანას ითხოვს

11 იანვარს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც წმინდა მატრონა მოსკოველის ხატის ცვლილება მოითხოვა. საპატრიარქოს თანახმად, ხატი ცხარე საზოგადო დებატებისა და დაპირისპირების მიზეზი გახდა, რასაც პოლიტიკური სახეც მიეცა. “ამასთან, ხატი ყოვლად გაუმართლებელი შეურაცხმყოფელი ქმედების ობიექტი გახდა და დაძაბულობამაც კიდევ უფრო იმატა,” – ნათქვამია განცხადებაში.

საპატრიარქო აღნიშნავს, რომ ხატწერის კანონიკური წესებიდან გამომდინარე, ხატზე შესაძლოა გამოისახოს წმინდანის ცხოვრებასთან დაკავშირებული რეალური ისტორიები, რომლებშიც მონაწილეობს ნებისმიერი სხვა პიროვნება. განცხადებაში განმარტებულია შემდეგი: “ეს საერთოდ არ ნიშნავს, რომ ხატი ამ პირებს განადიდებს ან რაიმე ღირსებას განუკუთვნებს, არამედ ასეთი დეტალები წარმოადგენს წმინდანთან დაკავშირებული უტყუარი ფაქტების ასახვას.”

საპატრიარქოს მტკიცებით, “ვინაიდან ი. სტალინის შეხვედრა წმ. მატრონასთან, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, არ არის შეტანილი მისი ცხოვრების კანონიკურ ტექსტში, არ არის აღიარებული რუსეთის ეკლესიის მიერ, რომელმაც იგი წმინდანად შერაცხა და ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური კვლევაც ჩაატარა, აუცილებელია აღნიშნული ეპიზოდის შეცვლა და ხატწერის კანონიკასთან დაკავშირებული სხვა დეტალების გათვალისწინებაც.”

საპატრიარქო მოუწოდებს ირმა ინაშვილს (ვინც სამებას წმ. მატრონას ხატი შესწირა), თავად შეიტანოს სათანადო ცვლილებები ხატში. წინააღმდეგ შემთხვევაში, საპატრიარქო ამბობს, რომ ხატში ცვლილებებს თავად შეიტანენ. ინაშვილმა მალევე განაცხადა, რომ იგი საპატრიარქოს დაემორჩილება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button