ახალი ამბები

სამოქალაქო ორგანიზაციები გმობენ შსს “შემწყნარებლურ პოლიტიკას” სიძულვილის ჯგუფების მიმართ

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ეხმიანებიან 2023 წლის 8 ივლისის მოვლენებს და საგანგაშოდ მიიჩნევენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ განაგრძობს სიძულვილის ჯგუფების მიმართ შემწყნარებლურ პოლიტიკას. ორგანიზაციები აცხადებენ რომ შსს-მ ვერ შეასრულა მისი კონსტიტუციური ვალდებულებები და მოძალადე ჯგუფებს უფლება მისცა, ხელი შეეშალათ სხვა ადამიანების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების თანახმად, 8 ივლისამდე სიძულვილის ჯგუფები საჯაროდ ავრცელებდნენ სხვადასხვა განცხადებებს, რომელთა შინაარსი შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალადობის რეალური რისკის შესახებ აფრთხილებდა. გარდა ამისა, ონლაინ გავრცელდა უამრავი ვიდეო, რომლებიც მოუწოდებდნენ მოქალაქეებს გამოსულიყვნენ 8 ივლისს Tbilisi Pride Fest 2023-ის წინააღმდეგ. აღნიშნული კამპანიის სათავეში კი ის პირები იდგნენ, ვინც, მათ შორის, 2021 წლის 5 ივლისის მასობრივი ძალადობის ორგანიზატორები არიან. 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისი დაპირებების საწინააღმდეგოდ, რომ პოლიცია დაიცავდა კანონსა და წესრიგს და მიუხედავად იმისა, რომ კარგად იყო ინფორმირებული სიძულვილის ჯგუფების ძალადობრივი განზრახვის შესახებ, ვაჟა-ფშაველას ძეგლთან შეკრებილ კონტრაქციის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მისცა შეუფერხებლად გადასულიყვნენ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, და, მათ მანამდე არანაირი ჯეროვანი დაბრკოლება სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენლების მხრიდან არ დახვედრიათ. 

“ნაცვლად იმისა, რომ სამართალდამცავები სოლიდარობას უცხადებდნენ ჩაგრულ ჯგუფებს, უზრუნველყოფდნენ მათი უფლებების დაცვის გარანტიებს, კადრებში ჩანს, 15:17 საათზე „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთი ლიდერი ზურა მახარაძე და ანტიდასავლური მოძრაობის ლიდერი ვატო შაქარიშვილი როგორ შეჰყავს პოლიციას იმ ტერიტორიაზე, სადაც ფესტივალი უნდა ჩატარებულიყო, იმის საჩვენებლად, რომ  ფესტივალის ორგანიზატორებმა ნამდვილად დატოვეს ტერიტორია”-ნათქვამია განცხადებაში. 

ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ 8 ივლისს განვითარებული მოვლენები გაგრძელებაა 2021 წლის 5 ივლისის, რომლის გამოძიებაშიც საერთოდ რეაგირების გარეშეა დატოვებული ძალადობის ორგანიზატორების და სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები სოლიდარობას უცხადებენ ლგბტ+ თემის წევრებს და მოუწოდებენ სახელმწიფო სტრუქტურებს, იხელმძღვენელონ საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად:

  • ჰქონდეთ დროული და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება ძალადობრივ მოწოდებებსა და ქმედებებზე, ძალადობაზე ადეკვატური რეაგირების და შემდგომი ძალადობრივი ქმედებების თავიდან ასაცილებლად გამოკვეთონ ძალადობის ორგანიზატორების პასუხისმგებლობა;
  • დაიცვან ლგბტ+ ადამიანების უფლებები და უსაფრთხოება, მათ შორის, მათი უფლება სურვილის შემთხვევაში  ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე მათთვის სასურველ  ლოკაციაზე ჩაატარონ ღონისძიება;
  • დაიცვან მედიის წარმომადგენლები ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელისშეშლისაგან, უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლების სათანადოდ რეალიზება, აგრეთვე, უზრუნველყონ მედიის წარმომადგენლების მიმართ დანაშაულის დროული, ეფექტიანი გამოძიება და დამნაშავეების დასჯა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button