ახალი ამბები

„პრაიდის“ ფესტივალის წინ ულტრამემარჯვენე ჯგუფების წარმომადგენლები დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1 ივლისს, გვიან ღამით, ულტრამემარჯვენე ჯგუფების წარმომადგენლები დააკავა, მათ შორის, პარტია კონსერვატიული მოძრაობისა და მათივე ტელევიზიის „ალტ ინფოს“ ლიდერები.

უწყების ცნობით, ყველა მათგანი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელისადმი დაუმორჩილბლობისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს. შსს-ს ცნობით, პრაიდის ფესტივალის მოწინააღმდეგეები „შეიკრიბნენ და მოახდინეს ფესტივალის ადგილზე მისასვლელი გზების პარალიზება, მოძრაობის ხელოვნური შეფერხება“.

მიმდინარე კვირას ლგბტ+ თემის მხარდამჭერი ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით „პრაიდის“ კვირეული მიმდინარეობს, რომელიც დღეს ფესტივალით უნდა დასრულდეს. შსს-ს განცხადებით, ღონისძების უსაფრთხოებისთვის „პრევენციული ღონისძიებები“ ტარდება.

უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის გამო წელს „პრაიდის“ ორგანიზატორებმა „ღირსების მარშის“ ჩარებაზე უარი თქვეს.

საგულისხმოა, რომ ულტრამემარჯვენე და ულტაკონსერვატიული ჯგუფები დღეს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ. შსს-მ მათ კანონის დაცვისა და სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნების დამორჩილებისკენ მოუწოდა.

„ალტ ინფოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შოთა მარტინენკომ თქვა, რომ ქართული ოცნება „გეი პროპაგანდისტული“ პარტიაა. გავრცელებული ცნობით, წუხელ დაკავებულთა შორისაა მისი ძმაც, ირაკლი მარტინენკო.

საგულისხმოა, რომ ულტრამემარჯვენე ჯგუფების მობილიზება პროევროპული აქციის ჩატარებამდე ერთი დღით ადრე მოხდა. შარშან, იმავე ჯგუფების მიერ ორგანიზებულ „პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე ჟურნალისტებზე ჰომოფობიური ძალადობისას, მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა.

ზოგიერთმა სამოქალაქო აქტივისტმა წუხანდელი დაკავებების მიმართ სკეპტიციზმი გამოხატა. „არსებობს მოლოდინი, რომ შესაძლოა გუშინდელი დაკავებების მიზეზი დღეს პროცესების რადიკალიზება და ხვალინდელი ფართომასშტაბიანი მშვიდობიანი პროტესტისთვის ხელშეშლაა“, – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ წარმომადგენელმა, თამთა მიქელაძემ. „ეს იქნება სოციალური კონფლიქტის პროვოცირება სახელმწიფოს მხრიდან და უპასუხისმგებლობის ყველაზე ზედა ზღვარი“, – დასძინა მანვე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button