ახალი ამბები

სუს-ი: გარკვეული ჯგუფი საქართველოში დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას გეგმავს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) 18 სექტემბერს განაცხადა, რომ „საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა“.

სუს-ის თქმით, დესტრუქციული პროცესების დაწყების თარიღებად მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდია შერჩეული, როდესაც ევროკავშირის 12 პრიორიტეტის  შესრულების გათვალისწინებით ევროკომისიის შუალედური და ევროკავშირის საბოლოო დასკვნა უნდა გამოქვეყნდეს.

„სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად მომზადების შეთქმულთა მოლოდინი გათვლილია იმ გარემოებაზე, რომ გამოქვეყნებული დასკვნა იქნება უარყოფითი, რაც მათ განკარგულებაში არსებული საინფორმაციო ქსელებით, მთავრობისთვის ხელოვნურად დამაგრებული “პრორუსულობის“ ლოზუნგით, შექმნის ნაყოფიერ ნიადაგს საზოგადოებრივი მღელვარებისა და შემდგომი არეულობებისათვის“, – ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

სუს-ის ინფორმაციით, აღნიშნული გეგმის ერთ-ერთი ორგანიზატორი საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე, გიორგი ლორთქიფანიძეა, ასევე მის დაქვემდებარებაში მყოფი პირები, მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და სააკაშვილის ახლო გარემოცვის წევრი, უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური, მამუკა მამულაშვილი.

„ხაზგასასმელია ის, რომ აღნიშნული გეგმის განხორციელება იგეგმება უცხო ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით“, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, შემუშავებული გეგმის შესასრულებლად გამოყენებული იქნება უკრაინაში მებრძოლი ქართული წარმოშობის საკმაოდ დიდი ჯგუფი და დაინტერესებული მხარის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული ქართველი ახალგაზრდების ნაწილი, რომელთა გადამზადება-წვრთნა პოლონეთი-უკრაინის სახელმწიფო საზღვრის მიმდებარედ მიმდინარეობს.

სუს- ის აღნიშვნით,  დადასტურებულად ცნობილია, რომ ორგანიზატორები საქართველოში 2014 წელს, უკრაინაში გამართული ,,ევრომაიდნის“ მსგავსი სცენარის განხორციელებას განიხილავენ.

უწყების ინფორმაცითვე, პირების მიერ განიხილება მოვლენათა განვითარების რამდენიმე სცენარი, რომელიც მოიცავს ე. წ. „კარვების ქალაქის“ მოწყობას, საქართველოში ცენტრალურ გამზირებსა და სტრატეგიულ ობიექტებთან ბარიკადების აღმართვას, სამთავრობო შენობების დაკავება-ბარიკადირებასა და ასევე სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს, რომლებიც შეიცავენ მძიმე პროვოკაციის ელემენტებს. კერძოდ, წინასწარ შერჩეულ კარავში ასაფეთქებელი მოწყობილობის შეტანას, რამაც დანაშაულებრივი გეგმის მიხედვით,  საპროტესტო აქციებში მონაწილე მშვიდობიან მოსახლეობასა და სამართალდამცავი ორგანოების რიგებში მსხვერპლი უნდა გამოიწვიოს.

„ტერორისტული აქტის განხორციელების შემთხვევაში, დესტრუქციული ძალები იმედოვნებენ, რომ მოხდება უმისამართო სროლა სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რაც ნოყიერ ნიადაგს შექმნის შემდგომი სამოქალაქო დაპირისპირებისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სუს-ის განცხადებით, მსგავსი პროვოკაციები, ორგანიზატორების მიერ, საქართველოს წინააღმდეგ პირველად არ დაგეგმილა, თუმცა  წინა შემთხვევებისაგან განსხვავებით, აღნიშნული გეგმა „გაცილებით მაღალი რისკის შემცველია“ და  საფრთხეს უქმნის როგორც ქვეყნის უსაფრთხოებას, ასევე საქართველოს რიგითი მოსახლეობის სიცოცხლეს, კეთილდღეობასა და ჯანმრთელობას.

უწყება აღნიშნავს, რომ რისკების გასანეიტრალებლად, სხვა კომპეტენტურ უწყებებთან კოორდინაციაში  ყველა საჭირო პრევენციულ ღონისძიებას ახორციელებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button