„კონსერვატიული მოძრაობის“ წარმომადგენლებმა პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა დაწვეს
ულტრამემრჯვენე და ულტრაკონსერვატიული პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე პარლამენტის შენობასთან ევროკავშირის დროშის მოხსნას და დაწვას ოპოზიციონერთა მხრიდან ხელისუფლების მიმართ მწვავე კრიტიკა მოჰყვა.
აქციის დასრულების შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოზე ევროკავშირის დროშა სამართალდამცველებმა კვლავ აღმართეს.
რა მოხდა?
„კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერები და რამდენიმე ასეული მხარდამჭერი 14 მარტს სააკაძის მოედანზე 12:00 სთ-ზე შეიკრიბნენ და პარლამენტისკენ გაემართნენ. აქ მათ მოთხოვნები წამოაყენეს, შემდეგ კი პარლამენტის შენობის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს, დახიეს და დაწვეს. მედიით გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ პოლიციელებს, რომლებიც ადგილზე იყვნენ, მათ არ შეეწინააღმდეგნენ.
რა მოთხოვნები ჰქონდათ შეკრებილებს?
საკანონმდებლო ორგანოსთან სიტყვით გამოსვლებისას, კონსერვატიულის პარტიის ლიდერებმა ანტიდასავლური განცხადებები გააჟღერეს და ხელისუფლებას რამდენიმე მოთხოვნა წაუყენეს:
- 2021 წლის 5-6 ივლისს ჟურნალისტებზე ჰომოფობიური ძალადობისას დაკავებულთა გათავისუფლება;
- 7-9 მარტს „უცხოეთის აგენტებზე“ კანონპროექტების საწინააღმდეგო აქციებისას „სახელმწიფო გადატრიალების“ ორგანიზატორთა „სამაგალითოდ დასჯა“ და
- „უცხოეთის აგენტებისა“ და „უცხოეთის მონების“ შესახებ კანონზე რეფერენდუმის ჩატარება.
„ხალხს არ ააღებინონ სამართალი ხელში, თვითონ აღასრულონ, თუ არადა ბოლოს ხალხის აღასრულებს სამართალს“, – განაცხადა „კონსერვატიული მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შოთა მარტინენკომ სიტყვით გამოსვლისას.
რა მოვლენები უძღვოდა წინ „კონსერვატიული მოძრაობის“ აქციას?
„კონსერვატიული მოძრაობის“ აქციას წინ „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტების საწინააღმდეგო აქციები უძღვოდა, რის შედეგადაც მმართველი უმრავლესობა იძულებული გახდა, რომ მისივე ინიცირებული კანონპროექტები უკან გაეხმო.
“უცხოეთის აგენტების” კანონის ინიცირებისას და, განსაკუთრებით, მისი გაწვევის შემდეგ მმართველი უმრავლესობის რიტორიკა დაუახლოვდა “კონსერვატიული მოძრაობის” გამონათქვამებს ლიბერალური ორგანიზაციების წინააღმდეგ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებების თანახმად ქვეყანაში „დესტრუქციული“, „ანარქისტული“, „ექსტრემისტული“ და „ლიბერალურ-ფაშისტური“ ძალების გააქტიურდნენ. ისინი ასევე საუბრობდნენ, რომ ოპოზიციასთან დაკავშირებული ძალები “ანტი-ეკლესიური” და “ანტიქართულია.”
აქციის საბაბი
12 მარტს, ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, დავით ქაცარავამ თქვა, რომ „კონსერვატიული მოძრაობის“ წარმომადგენლები თავს იმ ავტომობილს დაესხნენ, რომელშიც მისი ოჯახის წევრები – ცოლი და შვილები იმყოფებოდნენ. მან Facebook-ზე დაზიანებული ავტომობილის ფოტოებიც გაავრცელა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, მან „ალტ-ინფოს“ წინააღმდეგ გამოსასვლელად მოუწოდა ხალხს. თუმცა, გუშინ, 13 მარტს ქაცარავამ განაცხადა, რომ შსს-მ მომხდარზე გამოძიება დაიწყო. მას „ალტ-ინფოს“ წინააღმდეგ გამოსვლაზე აღარაფერი უთქვამს.
სამართალდამცველი სისტემის რეაქცია
ევროკავშირის დროშის დაწვის კადრების გავრცელებიდან მალევე შსს-მ განაცხადა, რომ დაიწყეს გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 18 მუხლით, რაც ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვისათვის 1 000-ლარიან ჯარიმას გულისხმობს. ზურაბ მახარაძემ, “კონსერვატიული პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, “ეგ ჭინჭის დროშა მე ჩამოვხსენი და ჯარიმის ქვითარი გამომიგზავნეთ სახლში.”
რეაქციები
ომბუდსმენის განცხადება
„საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წინ, პროდასავლური კურსის გამოსახატავად აღმართული ევროკავშირის დროშის ჩამოგდება, დაწვა და მსგავსი შეურაცხმყოფელი ქმედებები, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის არათუ შემაფერხებელი ფაქტორია, არამედ ასევე შეუარცხყოფს ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს, ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით, რომელიც კონსტიტუციური ჩანაწერით არის გამყარებული“, – განაცხადა დღესვე საქართველოს ახალმა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა.
ომბუდსმენმა შეახსენა კონსტიტუციურ ორგანოებს, რომ „თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღო[ნ] ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“. მანვე აღნიშნა, რომ ყველას აქვს შეკრებისა და გამოხატვის კანონით მინიჭების უფლება, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ „ნებისმიერი შეკრება უნდა იყოს მშვიდობიანი, არ უნდა ახალისებდეს ძალადობას და არ ეწინააღმდეგებოდეს ქვეყნის კონსტიტუციურ პრინციპებს“.
მმართველი პარტია
„რადიკალიზმი წარმოშობს რადიკალმიზმს“, – განაცხადა დღევანდელ აქციაზე ევროკავშირის დროშის დაწვის შეფასებისას, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. მანვე ხაზი გაუსვა, რომ „დროშა სათანადო პატივით დაბრუნდება თავის ადგილას“ და პირები, რომლებმაც ის „შებღალეს“ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიეცემიან. პარლამენტის თავმჯდომარემ, დღევანდელი ინციდენტის გამო ოპონენტების კრიტიკასაც უპასუხა და თქვა, რომ „როდესაც პარლამენტის შენობის ფანჯრები იმსხვრეოდა, მაშინ უნდა ეფიქრათ ევროპაზე, თუკი ევროპაზე საუბრობენ, ის დროშა მათ გულში უნდა ფრიალებდეს და მათი ქცევა უნდა იყოს ევროპული“.
„მოხდა სამართალდარღვევა, ითქვა, რომ ამას მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება და ისიც ითქვა, რა შობს ასეთ რადიკალურ ქმედებებს საზოგადოებაში, არავის აქვს უფლება რადიკალიზაციის მხარდამჭერი იყოს, არც დემონიზაციის და საერთოდ ეს ზიზღის ენა მიუღებელია“, – გაიმეორა პარლამენტის თავმჯდომარის გზავნილი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ. „ქვეყანაში, რომელიც პროევროპულია და ევროპისკენ მიემართება, დიახ, გასაფრთხილებელია ევროკავშირის დროშა და სიმბოლიკა, როგორც ამას დღეს ხელისუფლება აკეთებს“, – დასძინა მან.
ოპოზიცია
მომხდარს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელშიც დაგმო „„ქართული ოცნების“ ორგანიზებული დაჯგუფების მიერ, კონსტიტუციის და კანონის ფეხქვეშ გათელვით, ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ, საქართველოს პარლამენტის შენობასთან აღმართული ევროკავშირის დროშის ჩამოხსნას და დაწვა“. „ეს არის რუსული ოცნების მიერ კონსტიტუციის დარღვევით ორგანიზებული დანაშაული, რომელიც მიმართულია ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ. საქართველოს ადგილი ევროპაშია. საქართველო იქნება ევროპაში“, – განაცხადეს პარტიაში.
„ევროპის კავშირის დროშის შებღალვა არის სამართალდარღვევა. „ქართული ოცნება“, სანამ თქვენ ახალგაზრდების დაშინებით და გახლეჩვით ხართ დაკავებული!!! აი, ამ პროცესებს ახალისებთ“, – დაწერა Facebook-ზე ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა.
პარტია „ლელოს“ დეპუტატის, სალომე სამადაშვილის შეფასებით, ევროკავშირის დროშის დაწვა „ქართული ოცნების“ იმ ლიდერების მიერ ბოლო დღეებში გაკეთებული „ძალადობის წამახალისებელი“ განცხადებების შედეგია. „რამდენჯერაც ჩამოხევენ… პარლამენტის წინ აღმართულ ევროკავშირის დროშას, იმდენჯერ ქართველი ხალხი დადგება საკუთარი ევროპული მომავლის დასაცავად და ეს კარგად დაიმახსოვროს ამ ხალხმა“, – აღნიშნა მან.
„პარლამენტის თავმჯდომარემ ტოლობის ნიშანი დასვა რადიკალურ ძალადობრივ პრორუსულ ჯგუფსა და იმ მომიტინგეებს შორის, ვინც ქვეყნის გაცხადებულ საგარეო კურსს მათი რუსული კანონისგან იცავდა. მან ევროპულ მომავალს და საკუთარ სავარძელს შორის არჩევანი ამ უკანასკნელზე გააკეთა და ვერ გაბედა თავის წინამორბედივით დემონსტრაციულად აღემართა საკუთარ ხელით ევროკავშირის დროშა, რაც ასევე სიმბოლური ჟესტი და პოლიტიკური განაცხადია“, – დაწერა Facebook-ზე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „რეფორმების“ წარმომადგენელმა, თეონა აქუბარდიამ.
„ეს არის „ქართული ოცნების“ ფრთა, რომელიც გაააქტიურეს, რომ დაგვემუქრონ, დააშინონ საზოგადოება სამოქალაქო დაპირისპირებით და სისხლისღვრით… ეს სამარცხვინო პუტინისტების ხროვა არის [ბიძინა] ივანიშვილის თამაშის ნაწილი“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)