„თბილისი პრაიდი“: პრაიდფესტზე თავდასხმა შსს-ს და ალტ-ინფოს ერთობლივი ოპერაცია იყო
დღეს პრაიდფესტის ღონისძიებაზე ძალადობრივი თავდასხმის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში, ორგანიზატორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, „თბილისი პრაიდმა“ განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და „ალტ-ინფოს“ ძალადობრივმა ექსტრემისტულმა ჯგუფმა ჩაატარა „…ერთობლივი, კარგად დაგეგმილი ოპერაცია ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის წინააღმდეგ“.
„თბილისი პრაიდმა“ აღნიშნა, რომ პოლიციამ უარი თქვა ფესტივალის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, რასაც ვიდეო მტკიცებულებები ამტკიცებენ, რომლებშიც ჩანს „როგორ დაუბრკოლებლად, შეთანხმებულად მოდის პოლიცია და ძალადობრივი ჯგუფი ტერიტორიისკენ“.
„თბილისი პრაიდი“ ასევე აცხადებს: „ალტ-ინფოს წევრებმა ალყაში მოგვაქციეს, პოლიციამ კი, ნაცვლად იმისა, რომ ისინი დაეშალა, წინასწარ მომზადებული ტრანსპორტით დაგვატოვებინა ჩვენი ტერიტორია“.
განცხადების ავტორები გმობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს იძულებითი ევაკუაციის გამარჯვებად გამოცხადებას და ამბობენ, რომ „ესეც წინასწარ დაგეგმილი ნაბიჯი და მათი უმოქმედობის დასტური იყო“.
„თბილისი პრაიდი“ იხსენებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს ალექსანდრე დარახველიძეს, რომელიც ფესტივალის წინ შეხვედრების დაგეგმვისას და ღონისძიების დღესაც კი უსაფრთხოების გარანტიებს პირადად აძლევდა მათ. ამის სანაცვლოდ, – „პოლიციამ ნება დართო ალტ-ინფოს წევრებს შეჭრილიყვნენ ფესტივალის კერძო, დახურულ, ტერიტორიაზე, თავს დასხმოდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს და გამოუსწორებელი ემოციური ტრამვა მიეყენებინათ მათთვის“.
ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ „Პოლიციამ არ გადაკეტა ფესტივალის ტერიტორიამდე მოსასვლელი გზა, რომ ხელი შეეშალა მოძალადე ჯგუფისთვის; Პოლიციამ თავდამსხმელების მიმართ არ გამოიყენა პროპორციული ძალა“.
„თბილისი პრაიდი“ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ დღემდე არ გაასამართლა 2021 წლის 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები, რომლებმაც 8 ივლისის თავდასხმა დაანონსეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ხელისუფლების მხრიდან ძალადობის მხარდაჭერისა და წახალისების ტოლფასია.
„ეს იყო საქართველოს ხელისუფლების მიერ, პუტინისტურ მოძალადე ჯგუფთან ერთად ორგანიზებული თავდასხმა დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე და უდანაშაულო ადამიანებზე, რომლებსაც სურდათ კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებით სარგებლობა,“ – წერია განცხადებაში.
„თბილისი პრაიდი“ გამოთქვამს იმედს, რომ ყველა, ვინც უარყოფს ძალადობას და მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ გზას, დაგმობს განვითარებულ მოვლენებს და სოლიდარობას გამოუცხადებს დაზარალებულ პირებს.
ასევე წაიკითხეთ:
- 08/07/2023 – მოძალადე ჯგუფებმა “თბილისი პრაიდის” ფესტივალი ჩაშალეს
- 03/07/2023 – საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით „თბილისი პრაიდის“ კვირეული გაიხსნა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)