skip to content
ახალი ამბები

სუსი „ტრენინგებთან“ დაკავშირებულ საქმეზე აქტივისტებს იბარებს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) 11 და 12 ოქტომბერს მსახიობი ნატალია ვაწაძე და ფოტოგრაფი ვახო ქარელი „ტრენინგებთან“ დაკავშირებულ საქმეზე დაიბარა.

2 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში სუს-მა აღნიშნა, რომ საქართველოში USAID-ის პროგრამის მოწვევით სერბეთის სამი მოქალაქე ჩამოვიდა, რომლებიც საქართველოს „კანონიერად არჩეული ხელისუფლების ჩამოშლის“ მიზნით აქტივისტებს ტრენინგებს უტარებდნენ. სუს-ის ინფორმაციით, სერბეთის მოქალაქეები წარმოადგენდნენ ორგანიზაცია CANVAS-ის მმართველ რგოლს. CANVAS-მა, აშშ-ის საელჩომ და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ბრალდება კატეგორიულად უარყვეს და მას „მცდარი“ უწოდეს. მათი თქმით, გაჟღერებული ბრალდებები „არსებითად არასწორად ასახავს საქართველოსთვის ჩვენი დახმარების მიზნებს“.

ტრენინგში ნატალია ვაწაძეც და ვახო ქარელიც მონაწილეობდნენ.

12 ოქტომბერს ვაწაძემ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ სუს-მა ის დაკითხვაზე დაიბარა, თუმცა ის წასვლას არ აპირებს. მისი თქმით, იგი ხელოვნების სფეროს სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა თბილისში ჩატარებულ ტრენინგს, რომლის მიზანიც სახელოვნებო სფეროს მეტი დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის მიღწევის გზების განხილვა იყო.

ქარელის გამოკითხვა 12 ოქტომბერსაა ჩანიშნული.

თვის დასაწყისში სუს-მა „კანვას-საქართველოს” დირექტორი გიორგი მელაძე დაიბარა გამოკითხვაზე. უფრო ადრე, CANVAS-ის ტრენერები, სერბეთის მოქალაქეები სინიშა შიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი გამოიკითხნენ, რის შემდეგაც მათ ქვეყნის დატოვების უფლება მისცეს.

ჯერჯერობით ოფიციალური ბრალი არავისთვის წარუდგენიათ. საქმეს გრიფი საიდუმლო ადევს, ხოლო გამოკითხულ პირებს გაუმხელობის ვალდებულება აქვთ. აქტივისტების თქმით, უსაფრთხოების სამსახური იმიტომ ასაიდუმლოებს პროცედურას, რომ საქმის პოლიტიკური ბუნება და სისხლის სამართლის საქმისთვის საჭირო მტკიცებულებების არარსებობა შენიღბოს.   

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button