ახალი ამბები

ოპოზიციონერი დეპუტატები არეულობის მოწყობაზე სუს-ის განცხადებას სკეპტიკურად უყურებენ

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) 2 ოქტომბერს განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც საქართველოში USAID-ის პროგრამის მოწვევით სერბეთის მოქალაქეები ჩამოვიდნენ, რომლებიც საქართველოს „კანონიერად არჩეული ხელისუფლების ჩამოშლის“ მიზნით აქტივისტებს ტრენინგებს უტარებდნენ.

სუს-ის განცხადებას ოპოზიციონერი დეპუტატები გამოეხმაურნენ. „სამოქალაქო საქართველო“ რამდენიმე ასეთ კომენტარს გთავაზობთ:

ანა წითლიძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“: „არაერთხელ გვინახავს სუს-ის მიერ დაწყებული გამოძიება გადატრიალების მცდელობით. დაახლოებით ხუთ ასეთ საქმეზე პირადად ვარ დაკითხული 11 წლის განმავლობაში, როდესაც ხან საბურავების რევოლუცია გვაბრალებდნენ, ხან კიდე რას, თუმცა არცერთი საქმე ბოლომდე არ მისულა იმიტომ, რომ ეს საქმე ყოველთვის იყო პოლიტიკური ნონსენსი და ეს ყოველთვის სჭირდებოდათ რაღაცის გადასაფარად. სუს-ის მიერ დაწყებული გამოძიებაც ახლა არის მცდელობა იმის, რომ გადაფარონ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიც არის ფარცხალაძის აგენტობა“.

მიხეილ დაუშვილი, „საქართველოსთვის“: „ამ განცხადებიდან ერთადერთი რამ შეგვიძლია ამოვიკითხოთ – ეს არის ოცნების ჰიბრიდული ომის გაგრძელება ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ… ოცნება ცდილობს ჩვენი მოქალაქეების დაშინებას იმისთვის, რომ შიშის ფონზე შეინარჩუნონ ძალაუფლება და მეტი არაფერი. რაც შეეხება ამ განცხადებაში USAID-ის და შეერთებული შტატების ხსენებას. უკვე ცალსახად და ნათლად ვხედავთ, რომ ოცნება ბევრი ინსტრუმენტით თავს ესხმის ჩვენ პარტნიორებს, მათ შორის შეერთებულ შტატებს“.  

ანა ნაცვლიშვილი, „ლელო საქართველოსთვის“: „ჩვენ გვახსოვს პერიოდი, როცა მათ შორის ხელოვან ადამიანებს კითხავდნენ… გაჰყავდათ თუ არა ლონდონიდან ბომბეიმდე გვირაბი… სამწუხაროდ ბევრს გვეგონა, რომ ეს დრო წარსულს ჩაბარდა, მაგრამ როგორც ჩანს პარანოიდული ინსტინქტები ხელისუფლებებს ემართებათ, როცა მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლებით ტკბობა და ძალაუფლების ყველაფრის ფასად შენარჩუნება ხდება მათი ამოცანა“.  

იაგო ხვიჩია, „გირჩი“: „რაც უფრო ბევრ ასეთ მტერს მოიგონებ, მითუფრო ბევრი პრემიის გამოწერის საშუალება აქვთ, იმის გამო რომ [ქვეყანას] აარიდებენ, ასეთი ხალხის მიერ მოწყობილ რევოლუციას… პირველად გაიგეთ რომ სპეცსამსახურები იგონებენ ამბავს იმისთვის, რომ საზოგადოებას თავგზა აუბნიონ“.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button