ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოში არეულობის მოწყობაზე სუს-ის განცხადებას ეხმიანებიან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურნენ, რომლის თანახმადაც საქართველოში USAID-ის პროგრამის მოწვევით სერბეთის მოქალაქეები ჩამოვიდნენ, რომლებიც საქართველოს „კანონიერად არჩეული ხელისუფლების ჩამოშლის“ მიზნით აქტივისტებს ტრენინგებს უტარებდნენ.
- 02/10/2023 – სუსი: USAID-ის მოწვევით ჩამოსული სერბეთის მოქალაქეები საქართველოში არეულობის მოსაწყობად ტრენინგებს ატარებდნენ
პრემიერ-მინისტრის განცხადება
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას დღევანდელ მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა. მისი თქმით, სუს-ის განცხადება სრულად შეესაბამება იმ განცხადებას, რომელიც მთავრობამ ცოტა ხნის გაასაჯაროვა და რომელშიც „დესტრუქციული ძალების, ქვეყნის შიგნით მოქმედი მტრული ძალების, ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი ძალების“ გეგმებზე იყო საუბარი.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ „ის ფაქტი, რომ უცხო სახელმწიფოს მოქალაქეები ჩამოდიან ქვეყანაში, აქ მართავენ ტრენინგებს, ეს ყველაფერი შენიღბულია იმით, თითქოს ხელოვნების და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს უტარებენ ტრენინგს, თუმცა ამ დროს პირდაპირ მიდის მოწოდება და ტრენინგები, თუ როგორ უნდა მოახდინონ რევოლუცია და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა“.
„ამ ხალხმა ალბათ ვერაფერი ვერ ისწავლა. ანალიზს ვერ უკეთებენ, ფაქტია, უკვე რამდენი წელი გავიდა და ისევ ჩარჩენილი არიან წარსულში. მათ ჰგონიათ, რომ ახლა არის 2003 წელი – ახლა არის 2023 წელი და ჩვენ ხელისუფლებაში ვართ 11 წელზე მეტია. ჩვენ რა თქმა უნდა, არ დავუშვებთ ასეთი არარაობების, დესტრუქციული, რადიკალური ძალების მიერ არავითარ არეულობას და დესტაბილიზაციას ქვეყანაში“, – განაცხადა მან.
„არ დავუშვებთ იმას, რომ ასეთმა დესტრუქციულმა ძალებმა კიდევ ერთხელ, ხელმეორედ დაანგრიონ ჩვენი ქვეყანა. ჩვენ გამოვიარეთ არაერთი კრიზისი ქვეყანაში, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, იქნებოდა ეს სამოქალაქო არეულობა, ომები და უმრავი დესტაბილიზაცია. ეს არის ერთადერთი უწყვეტი პერიოდი მშვიდობის და სტაბილურობის, რომელიც ჩვენმა გუნდმა, ხელისუფლებამ მოიტანა ქვეყანაში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. „ჩვენ კარგად ვიცით რა არის მათი გეგმები, მათი მიზანი. მათი მიზანი არის რა თქმა უნდა, ძალადობა, არეულობა, დესტაბილიზაცია“.
„კარგად გვახსოვს მარტის მოვლენები, როგორ გამოიყენეს სტუდენტები და შემდეგ როგორ მიატოვეს, როგორ ასროლინეს მოლოტოვის კოქტეილები პოლიციელებზე. ეს ყველაფერი არის მათი დაგეგმილი ბინძური, ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი გეგმები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ „ჩვენ ამას შევეწინააღმდეგებით და ამას არ დავუშვებთ. ყველა იქნება მაქსიმალური სიმკაცრით დასჯილი, ვინც ამ ანტისახელმწიფოებრივ გეგმებს მოიყვანს მოქმედებაში“.
მან იმედი გამოთქვა, რომ სათანადო ახსნა-განმარტებას მოისმენს USAID-ის ადგილობრივი ოფისიდან. „USAID-თან ჩვენ გვაქვს მრავალწლიანი თანამშრომლობა არაერთი მიმართულებით, ამიტომ, სამწუხაროა, რომ ასეთი ფაქტები ხდება“.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება
სუს-ის განცხადების კომენტირებისას, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „ეს არის შავი დღე საქართველოს მიმართ ამერიკის დახმარების ისტორიაში, როდესაც ვხედავთ, რომ როგორც ჩანს, ამერიკელი ხალხის ფული აქ გამოყენებულია იმისთვის, რომ მოხდეს რევოლუციური პროცესების დაგეგმვა, მოხდეს ადამიანების მიზანმიმართული მომზადება არეულობისთვის და ძალადობის პროვოცირებისთვის“.
მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ამაში ჩართულია ამერიკელი ხალხის ფული. პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, შესაბამისი განმარტებები გაკეთდეს USAID-ის მხრიდან, რომელიც „უკვე მერამდენედ ეხვევა ასეთ სკანდალში. აქამდე ვნახეთ, რომ ის ე.წ. პარალელური დათვლის შედეგები, რომელიც „ისფედის“ მიერ 2020 წელს იყო გამოქვეყნებული, ის ყალბი შედეგები, მაშინ არეულობის საფუძველი იყო“. პაპუაშვილის თქმით, USAID-მა იცოდა ამის შესახებ, თუმცა დღემდე არ გაუკეთებია ამაზე კომენტარი.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადება
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რევოლუციის დაგეგმვაში მონაწილე პირებმა თავიანთი ნამდვილი ზრახვები დამალეს და სანაცვლოდ, განაცხადეს, რომ ტრენინგები კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის ტარდებოდა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ყველაზე სამწუხარო ფაქტი ისაა, რომ ამაში USAID მონაწილეობდა, რომელიც საქართველოს უნდა ეხმარებოდეს, თუმცა სანაცვლოდ „ექსტრემისტულ ძალებს“ აფინანსებდა. „ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს მხრიდან დაგვჭირდება განმარტებების მოსმენა ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის თქმით, მთავარი მიზანი იყო „არეულობა, რევოლუცია და საბოლოო მიზანი უკვე ყველამ ვიცით, რაც არის, ეს არის მეორე ფრონტი, რასაც ვერ მიაღწიეს 2022 წლიდან, როდესაც უკრაინაში დაიწყო ომი“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)