აშშ-ის საელჩო სუს-ის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს „მცდარს“ უწოდებს
აშშ-ის საელჩომ საქართველოში განაცხადა, რომ მისი ერთ-ერთი მხარდაჭერის პროექტის წინააღმდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) მიერ გაჟღერებული ბრალდებები „მცდარია და არსებითად არასწორად ასახავს საქართველოსთვის ჩვენი დახმარების მიზნებს“. საელჩოს თქმით, ეს მხარდაჭერა გამჭვირვალეა და „მივესალმებით ნებისმიერ შესაძლებლობას, განვიხილოთ ყველა შეშფოთება, რომელიც მთავრობას შეიძლება ჰქონდეს“.
„მოქალაქეების უფლება, თავისუფლად გამოხატონ თავიანთი აზრი და მისწრაფებები ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველი და ის ღირებულებაა, რომელსაც ჩვენ, ორივე ქვეყანა ვიზიარებთ. ორ წელზე მეტია, USAID-ი თანამშრომლობს CANVAS-თან, რომ დაეხმაროს ადამიანებს ხმა აიმაღლონ იმ საკითხებზე, რომელიც მათი ოჯახებისა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია. CANVAS-თან თანამშრომლობით ტრენინგები ჩაუტარდათ დედებს, რომლებიც ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის გაუმჯობესებას ითხოვენ და იმ პირებს, რომლებიც ხანდაზმული მოქალაქეების უფლებებს უწევენ ადვოკატირებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
„მიუხედავად დაუსაბუთებელი თავდასხმებისა, კვლავაც მხარს დავუჭერთ იმ ქართულ ორგანიზაციებს, რომელიც ეხმარება ხალხს, დაიცვან მათ მიერ განსაზღვრული და დამსახურებული მომავალი და მათთვის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებები“, – აცხადებს საელჩო.
ასევე წაიკითხეთ:
- 02/10/2023 – სუსი: USAID-ის მოწვევით ჩამოსული სერბეთის მოქალაქეები საქართველოში არეულობის მოსაწყობად ტრენინგებს ატარებდნენ
- 02/10/2023 – ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოში არეულობის მოწყობაზე სუს-ის განცხადებას ეხმიანებიან
- 02/10/2023 – ოპოზიციონერი დეპუტატები არეულობის მოწყობაზე სუს-ის განცხადებას სკეპტიკურად უყურებენ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)