ახალი ამბები

CANVAS სუს-ის ბრალდებებს „გმობს და უარყოფს“

გამოყენებითი არაძალადობრივი ქმედებებისა და სტრატეგიების ცენტრმა (CANVAS), სერბულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, კატეგორიულად უარყო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების (სუს) ბრალდებები იმის შესახებ, რომ ის საქართველოში ძალადობრივ არეულობას უწყობდა ხელს.

ოფიციალურ განცხადებაში CANVAS-მა აღნიშნა, რომ მისი ყველა პროგრამა და ტრენინგი, რომელიც 50-ზე მეტ ქვეყანაში ისწავლება, ეფუძნება არაძალადობრივი ბრძოლის სასწავლო გეგმას, რომელიც საჯაროდ არის ხელმისაწვდომი ონლაინ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „არაფრისგან ეროვნული დაპირისპირების შექმნა გადაწყვიტა“, რადგან სასწავლო კურსის შინაარსი მანამდე ცნობილი იყო, საჯარო ადგილას ტარდებოდა და მიზნად ისახავდა „საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერას, მათ უკეთ აღჭურვას სათემო ორგანიზაციების შესახებ ინსტრუმენტებითა და ცოდნით,  და პოზიტიური სოციალური ცვლილებების ადვოკატირებას“.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „არანაირი სამართლებრივი დოკუმენტი, რომლებიც გამოძიებას წარმოადგენდა“, არ გადაეცა CANVAS-ის სამ ტრენერს, რომლებიც 29 სექტემბერს დაკითხეს, და მათ განცხადების გაკეთებაც ვერ შეძლეს, რადგანაც ინფორმაციის გაუმხელობის ვალდებულება ჰქონდათ.  

ორგანიზაცია ამბობს, რომ უსაფრთხოების სამსახურის ბოლო განცხადებები „უფრო დიდი ცილისწამების კამპანიის ნაწილია, რომელსაც საქართველოს უსაფრთხოების სტრუქტურები საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და თბილისში CANVAS-ის თანამშრომლების წინააღმდეგ ახორციელებენ“. ორგანიზაცია ყველაფერ ამას უკავშირებს „წარმატებულ სამოქალაქო კამპანიას, რომელიც თბილისში 2023 წლის თებერვლიდან მარტამდე განხორციელდა ე.წ. „რუსული კანონის“ წინააღმდეგ.

ორგანიზაციამ მოუწოდა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს „გაითვალისწინონ“ ეს მოვლენები და მათი მიუღებლობის შესახებ საქართველოს ოფიციალურ პირებს დაელაპარაკონ; ამასთან პირობა დადონ, რომ გააგრძელებენ „საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და საქართველოს ხალხის მხარდაჭერას, რათა უზრუნველყონ მომავალი, რომელსაც ისინი განსაზღვრავენ და იმსახურებენ“.

შიკმანი: ბრალდებები აზრს მოკლებულია

სინიშა შიკმანმა, CANVAS-ის ერთ-ერთმა ტრენერმა, რომელიც საქართველოს უსაფრთოების სამსახურმა დაკითხა, უთხრა ამერიკის ხმას (VoA): „ამ ბრალდებებში ყველაზე ცუდი ის არის, რომ თითქოს ჩვენ ვცდილობთ რაიმე სახის ძალადობის გაღვივებას საქართველოში. ისინი აზრს მოკლებულია. მილოშევიჩის წინააღმდეგ ჩვენი ბრძოლის დროიდან, ჩვენი მთავარი პრინციპი ეხებოდა არაძალადობას“.

მისი თქმით, საქართველოს უსაფრთხოების თანამშრომლებმა თავიანთ განცხადებაში „კონტექსტიდან ამოგლიჯეს [მილოშევიჩის წინააღმდეგ] ჩვენი პირადი ბრძოლის ზოგიერთი უფრო დრამატული ეპიზოდი“.  „ისიც ხომ არ აღელვებთ, რომ ჩვენ ბრიტანელების საქართველოდან გაძევებას ვაპირებთ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ასევე ვახსენეთ ბოსტონის ჩაის სმის მაგალითი?” ირონიულად იკითხა შიკმანმა.

მან ასევე გაიხსენა, რომ უსაფრთხოების თანამშრომლები მას 6.5 საათის განმავლობაში, ხოლო მის ორ კოლეგას ოდნავ უფრო მოკლე დროით კითხავდნენ. შიკმანის თქმით, უსაფრთოების თანამშრომლებმა რაიმე ოფიციალური ბრალდება არ წარუდგინეს და არც რაიმე ოფიციალური მითითებები მისცეს. მათ შეძლეს თბილისიდან დაგეგმილი რეისით მეორე დილას გამგზავრება.

„როგორიც არ უნდა იყოს ბრალდებები, მე ეს არ მაღელვებს, რადგანაც ეს ტყუილია“, – განუცხადა შიკმანმა „ამერიკის ხმას“ და დასძინა, რომ ვიდეო მასალა „კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი და მიკერძოებულად დამონტაჟებული და მე შემიძლია ამის დამტკიცება“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button