სახდეპი: სუს-ის ბრალდებები არასწორად ასახავს საქართველოსთვის აშშ-ის დახმარების მიზნებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა 3 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე, აშშ-ის საელჩოს მსგავსად, განაცხადა, რომ USAID-ის მიერ დაფინანსებული ერთ-ერთი პროექტის წინააღმდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) მიერ გაჟღერებული ბრალდებები „მცდარია“ და არასწორად ასახავს საქართველოსთვის აშშ-ის დახმარების მიზნებს.
„როგორც ყოველთვის, ჩვენი დახმარება გამჭვირვალეა და ჩვენ გავაგრძელებთ იმ ქართული ორგანიზაციების მხარდაჭერას, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებით გათვალისწინებული ფუნდამენტური უფლებების დასაცავად მუშაობენ“,- განაცხადა პატელმა.
ბრიფინგზე მან კიდევ ერთხელ გამოხატა აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საქართველოს „დემოკრატიული, აყვავებული, მშვიდობიანი და ევროატლანტიკური მომავლის“ მიმართ. „მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განახორციელოს საჭირო რეფორმები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად და მზად ვართ, დავეხმაროთ მთავრობას ამაში“, – დასძინა პატელმა.
2 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) განაცხადა, რომ საქართველოში USAID-ის პროგრამის მოწვევით სერბეთის მოქალაქეები ჩამოვიდნენ, რომლებიც საქართველოს „კანონიერად არჩეული ხელისუფლების ჩამოშლის“ მიზნით აქტივისტებს ტრენინგებს უტარებდნენ. სუს-ის ინფორმაციით, სერბეთის მოქალაქეები წარმოადგენენ ორგანიზაცია CANVAS-ის მმართველ რგოლს.
ასევე წაიკითხეთ:
- 02/10/2023 – ოპოზიციონერი დეპუტატები არეულობის მოწყობაზე სუს-ის განცხადებას სკეპტიკურად უყურებენ
- 02/10/2023 – ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოში არეულობის მოწყობაზე სუს-ის განცხადებას ეხმიანებიან
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)