სუსი: USAID-ის მოწვევით ჩამოსული სერბეთის მოქალაქეები საქართველოში არეულობის მოსაწყობად ტრენინგებს ატარებდნენ
2 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) განაცხადა, რომ საქართველოში USAID-ის პროგრამის მოწვევით სერბეთის მოქალაქეები ჩამოვიდნენ, რომლებიც საქართველოს „კანონიერად არჩეული ხელისუფლების ჩამოშლის“ მიზნით აქტივისტებს ტრენინგებს უტარებდნენ. სუს-ის ინფორმაციით, სერბეთის მოქალაქეები წარმოადგენენ ორგანიზაცია CANVAS-ის მმართველ რგოლს.
- 18/09/2023 – სუს-ი: გარკვეული ჯგუფი საქართველოში დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას გეგმავს
უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ 2023 წლის 25 სექტემბერს, სერბეთის მოქალაქეები სინიშა შიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი, USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ.
„აღნიშნული პირები დაკავშირებული არიან 2003 წელს საქართველოში განვითარებულ რევოლუციურ მოვლენებთან, სხვადასხვა წლებში კი მათ ასევე კავშირი ჰქონდათ სერბეთში, უკრაინასა და სხვა სახელმწიფოებში მიმდინარე ანალოგიურ პროცესებთან. ისინი აქტიურად ახორციელებდნენ საპროტესტო მუხტის წარმოქმნის მეთოდიკისა და ძალადობრივი აქციების ჩატარების ტაქტიკის სწავლებას. წარმოადგენენ ორგანიზაცია CANVAS-ის მმართველ რგოლს, აგრეთვე, სინიშა შიკმანი და სლობოდან ჯინოვიჩი არიან ორგანიზაცია „ოტპორის“ ყოფილი წევრები, რომელიც სერბეთში წარმოადგენდა ქართული ორგანიზაცია „კმარას“ ანალოგს“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
უსაფრთხოების სამსახურმა აღნიშნა, რომ საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი „რევოლუციური სცენარისთვის“ გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია CANVAS, რომლის ბირთვსაც შეადგენს ორგანიზაცია „ოტპორი“. „აღნიშნულ ორგანიზაციებს აქვთ გარკვეული პრაქტიკული გამოცდილება საზღვარგარეთის ქვეყნებში განვითარებულ რევოლუციურ პროცესებში მონაწილეობისა და ძალადობრივი საპროტესტო აქციების ორგანიზების სწავლების კუთხით“.
„აღნიშნული პირების საქართველოში ჩამოსვლის გაცხადებული მიზეზი იყო კულტურის სფეროში მოღვაწე ჯგუფებისთვის ტრენინგების ჩატარება ,,სტრატეგიული არაძალადობრივი ბრძოლის“ საკითხებში, მაგრამ გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მათი ჩამოსვლის მიზანი მხოლოდ ეს არ იყო. კერძოდ, ვიზიტის რეალური დანიშნულება იყო იმ ახალგაზრდებსა და გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის დამყარება და ტრენინგების ჩატარება, რომლებიც საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი დესტრუქციული მოქმედებების და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ბირთვი უნდა გახდნენ“, – აცხადებს სუს-ი და დასძენს, რომ 2023 წლის 26-29 სექტემბერის პერიოდში თბილისში მდებარე სასტუმროში „იბისი“ მიმდინარეობდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების წარმომადგენლების, კერძოდ, ერთ-ერთი დიდი ჯგუფის გადამზადება, რომლებმაც „გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულონ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის პროცესების მომზადებასა და განხორციელებაში“.
სუს-ის ინფორმაციით, აღნიშნულ პირებს ჩაუტარდათ სწავლება, თუ როგორ უნდა იმოქმედონ სამიზნე ჯგუფების, კერძოდ, ხელისუფლების, მართლმადიდებლური ეკლესიის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და სხვა უწყებების წინააღმდეგ, ასევე, გზებზე პიკეტების და ხელოვნური საცობების შექმნისა და ადმინისტრაციული შენობების წინ კარვების მოწყობის ტექნიკაზე.
მათ ასევე ისწავლეს „როგორ უნდა შეიტანონ მღელვარება ძალოვან სტრუქტურებში, რა ძალადობრივი პასუხი უნდა გაეცეს მათ კანონიერ მოთხოვნებს“.
„მსმენელები შეამზადეს მოსალოდნელი დაკავებების პროცესისთვის და სწავლება ჩაუტარეს ასეთ დროს წინააღმდეგობის გაწევის ხერხებზე, აქციის მონაწილეთა დაფინანსების საკითხებზე, პარლამენტის შენობაში შეჭრაზე, მაუწყებლობის სადგურების გათიშვასა და ძალაუფლების ხელში აღებაზე, საქართველოს კანონიერად არჩეული ხელისუფლების ჩამოშლაზე, რა დროსაც მათ მიერ შედარებითი ანალიზისთვის მოყვანილ იქნა სერბეთში განვითარებული რევოლუციური პროცესების არაერთი დრამატული მაგალითი“, – ნათქვამია განცხადებაში.
უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, სინიშა შიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი 29 სექტემბერს ადვოკატებისა და თარჯიმნების თანდასწრებით გამოიკითხნენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლების მიერ, რა დროსაც „ისინი შეეცადნენ შეენიღბათ მათი საქართველოში ყოფნის რეალური მიზეზი, მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით. აღსანიშნავია, რომ მათი ჩვენებები ეწინააღმდეგება გამოძიებით მოპოვებულ მტკიცებულებებს და რიგ დეტალებში არის ურთიერთგამომრიცხავიც“.
სუს-ის ინფორმაციით, სინიშა შიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი 30 სექტემბერს გაემგზავრნენ საქართველოდან ბელგრადის მიმართულებით. უსაფრთხოების სამსახურმა ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილიც გაასაჯაროვა და დასძინა, რომ გამოძიება მიმდინარებს.
USAID-ის პასუხი
USAID-საქართველომ ოფიციალური კომენტარი გაავრცელა, რომლის თანახმადაც „სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის ფარგლებში USAID თანამშრომლობს სხვარდასხვა ორგანიზაციასთან. ორ წელზე მეტია USAID თანამშრომლობს CANVAS-სთან. Ამ თანამშრომლობის ფარგლებში მოქალაქეებისთვის ტარდება მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ტრენინგები. ამჟამად, ვთანამშრომლობთ CANVAS-თან, რომლის ფარგლებშიც ხელს ვუწყობთ საქართველოს ხელოვნებისა და კულტურის სექტორში დასაქმებულ ადამიანებს ადვოკატირება გაუწიონ ხელოვნებისა და კულტურის ინსტიტუტების დამოუკიდებლობას. USAID-ის თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ჩვენი ფართო ძალისხმევის ნაწილია, რომელიც ითვალისწინებს მოქალაქეების მხარდაჭერას მათთვის საჭირბოროტო საკითხების ადვოკატირებაში“.
CANVAS საქართველო სუსის განცხადებას აფასებს
CANVAS საქართველომ დღეს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ „რუსული კანონის“ წინააღმდეგ მარტის აქტიების შემდეგ, სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან გავრცელდა მუქარა ორგანიზაციის დირექტორის მიმართ. ორგანიზაციის თქმით, მუქარის კამპანია გაგრძელდა 18 სექტემბერს, როდესაც სახელმწიფო უშიშროების სამსახურის წარმოამდგენელმა საჯარო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ორგანიზაცია მონაწილეობდა „სახელმწიფოს წინააღმდეგ ორგანიზებულ შეთქმულებაში მოქმედი ხელისუფლების დამხობის მიზნით“.
ორგანიზაცია სუს-ის ბრალდებას „ზეწოლად“ მიიჩნევს და მოუწოდებს „საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვით დაინტერესებულ მხარდამჭერებს ყურადღება მიაქციონ აღნიშნულ ფაქტს და საქართველოში მოქმედ, კერძო და საჯარო რელევანტურ სტრუქტურებთან და ინსტიტუტებთან ურთიერთობისას გაითვალისწინონ ეს თემა, როგორც ერთ – ერთი პრიორიტეტი“.
რომელ ტრენინგზეა საუბარი?
ინფორმაცია ტრენინგის შესახებ, რომელზეც სუს-ი საუბრობს, ოფიციალურად ხელმისავდომია USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ვებგვერდზე. ამ ინფორმაციის თანახმად, ტრენინგი 26-29 სექტემბერს იყო დაგეგმილი და სასწავლო კურსში მონაწილეობა შეეძლოთ მათ, ვინც „უკვე მუშაობს ცვლილებებისთვის კულტურისა და ხელოვნების სფეროში და თანამოაზრეებთან ერთად, ცდილობს გაუმჯობესდეს ამ სფეროში მომუშავე ადამიანების სამუშაო პირობები და სფეროს მართვის სისტემა უკეთესობისკენ შეცვალოს“. ამავე ინფორმაციის თანახმად, „სასწავლო კურსი კულტურისა და ხელოვნების სფეროს მოძრაობებისა და საინიციატივო ჯგუფების წევრებს არაძალადობრივი აქტივიზმის, ცვლილებებისთვის თვითორგანიზებისა და მხარდამჭერების მობილიზების მრავალფეროვან მიდგომებს გააცნობს“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)