
სუს-მა ნაციონალური მოძრაობის წევრი ლაშა ცანავა სავარაუდო თაღლითობის ბრალდებით დააკავა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუსი) „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ცანავა უცხო ქვეყნის მოქალაქის სავარაუდო მოტყუებისა და საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების დაპირების სანაცვლოდ თანხის აღების ბრალდებით დააკავა.
ცანავას, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ახლო მეგობარია, „მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების“ მცდელობისთვის ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
„ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპზე გამოვლენილია, რომ ლ. ც. [ლაშა ცანავა] უცხო ქვეყნის ერთ-ერთ მოქალაქეს თავისი კავშირების მეშვეობით საქართველოში 1-წლიანი ბინადრობის ნებართვის მოპოვების უზრუნველყოფას შეჰპირდა, რის სანაცვლოდაც მას 5 600 ამერიკული დოლარი მოსთხოვა“, – განაცხადა სუს-ის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა ემზარ გაგნიძემ 30 ივლისს გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, ცანავამ თანხის ნაწილი მაისში მიიღო, შემდეგ კი უცხოელ მოქალაქეზე ზეწოლა დაიწყო დარჩენილი თანხის გადასახდელად. გაგნიძემ აღნიშნა, რომ ცანავამ მაისის ბოლოს და ივნისის შუა რიცხვებში უცხოელთან შემდგომი შეხვედრების დროს 2500 აშშ დოლარი მიიღო. საბოლოო ჯამში, მის მიერ მოთხოვნილი 5 600 აშშ დოლარიდან იგი „მოტყუებით დაეუფლა“ უცხო ქვეყნის მოქალაქის 2 650 ამერიკულ დოლარს.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ცანავას დაკავებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა პარტიის ზოგიერთმა წევრმა, მათ შორის ყოფილმა თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა დაკავება „პროვოკაციად“ შეაფასა.
This post is also available in: English