სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისის მამა 2 000 ლარით დააჯარიმა
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2 ივნისს სამართალდამრღვევად ცნო „უცხოეთის აგენტებზე“ კანონპროექტის საწინააღმდეგოდ 7-9 მარტის აქციების გამო დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი და მას 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
„სუფთა პუტინიზმი დაინერგა საქართველოში […] არაფრის გამო დამაჯარიმეს და ლაზარეს რას უზამენ? […] პატრულის წარმომადგენელი გამოიყვანეს, რომელიც იმის გამო, რომ რაღაც თანამდებობაზე ზემოთ აიწიოს, ასეთ ბინძურ რაღაცებს აკეთებს“, – უთხრა გრიგორიადისმა ჟურნალისტებს პროცესის დასრულების შემდეგ.
მისი ადვოკატის, ნესტან ლონდარიძის თქმით, დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.
ბექა გრიგორიადისი სამართალდამცველებმა 1 ივნისს, ადმინისტრაციული წესით იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი შვილის გათავისუფლების მოთხოვნით, პროტესტის ნიშნად პარლამენტის შენობასთან კარვის გაშლას ცდილობდა. შსს მას სამართალდამცველის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (ასკ-ის 173-ე მუხლი) ედავებოდა.
ამბის ქრონოლოგია
გრიგორიადისი პარლამენტთან კარვის გაშლას ბოლო რამდენიმე დღეა ცდილობდა, თუმცა მას სამართალდაცველებმა ამის შესაძლებლობა არ მისცეცს. უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ მისთვის ამ უფლების შეზღუდვით, შსს „უხეშად“ არღვევს გრიგორიადისისთვის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უფლებას.
გრიგორიადისისთვის კარვის გაშლაში ხელშეშლას სახალხო დამცველიც გამოეხმაურა და ხაზი გაუსვა, რომ „კარვის განთავსება შეკრების თავისუფლების რეალიზაციის განუყოფელ ნაწილია“. „განსაკუთრებით პრობლემური და არაპროპორციულია ეს შეზღუდვა იმ დროს, როცა კარვის განთავსებით არ ხდება შენობის შესასვლელის ბლოკირება ან ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება“, – ხაზი გაუსვა ომბუდსმენმა და დასძინა, რომ „მაშინაც კი, როდესაც, კარვის გამოყენებით, პროტესტს მხოლოდ ერთი ადამიანი გამოხატავს…, იგი მაინც სარგებლობს გამოხატვის თავისუფლებით, რომელშიც ჩარევა არაპროპორციულ ხასიათს ატარებს რელევანტური და სათანადო დასაბუთების გარეშე“. სახალხო დამცველმა მოუწოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, „არ მოახდინოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვა“.
საბოლოოდ, გრიგორიადისმა პარლამენტის უკან კარავი 3 ივნისს მაინც გაშალა.
ასევე წაიკითხეთ:
- 02/05/2023 – საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი წინასწარ პატიმრობაში დატოვა
- 04/04/2023 – „საია“ ლაზარე გრიგორიადისის საქმეს ეხმიანება
- 03/04/2023 – ადვოკატის თქმით, წინასწარ პატიმრობაში მყოფი ლაზარე გრიგორიადისის უფლებები დაირღვა
- 01/04/2023 – ფოტოამბავი: „ლაზარეს თავისუფლებისთვის“ – აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)