ახალი ამბები

„ქართული ოცნების“ მიერ საპროტესტო აქციების წინააღმდეგ მიღებული კანონები ფეხით მოსიარულეთა ზონებსაც შეეხება

„ქართული ოცნება“ გეგმავს, რომ საპროტესტო აქციების წინააღმდეგ მიღებული კანონები ფეხით მოსიარულეთა ზონებზეც გავრცელდეს.

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ 8 დეკემბერს ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა, რომ „ეს ცვლილებები არის მიღებული, რომ დაცული იქნას მაქსიმალურად ბალანსი როგორც შეკრების და გამოხატვის თავისუფლებასთან მიმართებით, ასევე იმ მოქალაქეების უფლებების მაქსიმალური დაცვისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ყოველდღიური ცხოვრებით“. მისივე თქმით, „ვხედავთ, რომ კონკრეტულად დახელფასებული 300-კაციანი ჯგუფი სხვადასხვა ადგილზე ცდილობს, მაქსიმალურად შეუქმნას დისკომფორტი ჩვენს მოქალაქეებს, იმ უმრავლესობას, რომელიც ცხოვრობს ნორმალური ცხოვრების წესით“.

მოქმედი საპროტესტო რეგულაციების თანახმად,  აქციის ორგანიზატორებმა, არასპონტანური აქციის შემთხვევაში, მინიმუმ ხუთი დღით ადრე უნდა მიმართონ მუნიციპალიტეტის ორგანოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საპროტესტო აქტივობის დროს მოძრაობის გადაკეტვა იგეგმება.

„შეკრებისა და მანიფესტაციის“ შესახებ კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შემოთავაზებული ცვლილებების მიხედვით, სპონტანური, არასპონტანური შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზატორს დაეკისრება ვალდებულება, შეკრების ან მანიფესტაციის თაობაზე, მუნიციპალიტეტის ორგანოს ნაცვლად, შინაგან საქმეთა სამინისტრო გააფრთხილოს.

თავის მხრივ, შსს-ს მიენიჭება უფლებამოსილება, „შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზატორებს შესთავაზოს შეკრების ჩატარების ადგილი ან სვლა/გეზის ცვლილება იმ შემთხვევაში, თუ ჩატარების ადგილი და სვლა/გეზი საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანოებს, საწარმოებს, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ან ტრანსპორტის ნორმალურ მუშაობას, ასევე ხალხის შეუფერხებელ გადაადგილებას ან ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს“.

„სპონტანური ან არასპონტანური შეკრების მონაწილეები თუ შს სამინისტროს მიერ მათთვის შეთავაზებულ ადგილზე ან სვლა/გეზზე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ დათანხმდებიან და მაინც იმ ადგილზე ჩაატარებენ, რითიც შეზღუდავენ ადამიანი უფლებებსა და თავისუფლებებს, ასეთი შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეს დაეკისრება ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო ორგანიზატორს 20 დღემდე ვადით. ანალოგიური ქმედების განმეორებით ჩადენისთვის მონაწილეს ან ორგანიზატორს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება 347-ე მუხლით, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე ვადით“, – განაცხადა კირცხალიამ.

This post is also available in: English

Back to top button