skip to content
ახალი ამბები

GDI ლაზარე გრიგორიადისის მამისთვის მშვიდობიან პროტესტში ხელშეშლას გმობს

არასამთავრობო ორგანიზაცია, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI) 30 მაისს პოლიციის მიერ ლაზარე გრიგორიადისის მამის, ბექა გრიგორიადისისთვის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების „უხეშ“ დარღვევას გამოეხმაურა და მოუწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაიცვას მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დროს ტროტუარზე ან მოედანზე კარვის გაშლის ადამიანის უფლება.

ორგანიზაციის განცხადებით, მედიაში 29 მაისს გავრცელებული ვიდეოჩანაწერი ცხადჰყოფს, რომ პოლიციამ ხელი შეუშალა ბექა გრიგორიადსს მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მიზნით პარლამენტის უკან კარვის გაშლაში. „სამინისტროს წარმომადგენლებმა ბექა გრიგორიადისს კარავი ძალის გამოყენებით წაართვეს“.

GDI ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას საქართველოს კონსტიტუცია იცავს, რაც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს მშვიდობიანად გამოხატონ თავიანთი პროტესტი და განსხვავებული აზრი. „პროტესტის დროს კარვების გამოყენება ისტორიულად ეფექტური საშუალება იყო აქტივისტებისთვის საზოგადოების ყურადღების მისაქცევად და საკუთარი პროტესტის გამოსახატად“.

ორგანიზაცია იმასაც განმარტავს, რომ მართალია „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონი „კრძალავს კარვის, სხვაგვარი კონსტრუქციის ან საგნის ტრანსპორტის სავალ ნაწილზე განთავსებას“, თუმცა ხაზს უსვამს, რომ „ტროტუარზე კარვის განთავსება კონსტიტუციური უფლების ნაწილია“.

„გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ აქციის მონაწილეები გეგმავდნენ კარვის დადგმას, არა ტრანსპორტის სავალ ნაწილზე, არამედ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე/სკვერში“, – ნათქვამია „დემოკრატიული ინიციატივის“ განცხადებაში და ხაზგასმულია, რომ „ამგვარად, პოლიციის მიერ აქციის მონაწილეებისთვის კარვის ჩამორთმევა იყო უკანონო და მიზნად ისახავდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button