ახალი ამბებიფოტოგალერეა

ფოტოამბავი: „ლაზარეს თავისუფლებისთვის“ – აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

1-ელ აპრილს, მთავრობის ადმინისტრაციასთან „უცხოეთის აგენტებზე“ კანონპროექტის საწინააღმდეგოდ 7-9 მარტს გამართული აქციების გამო დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გაიმართა სახელწოდეობით – ლაზარეს თავისუფლებისთვის. გრიგორიადისს, რომელიც 29 მარტს დააკავეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მარტს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გამოძიების ვერსიით, გრიგორიადისმა საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილები“, რის შედეგადაც დაშავდნენ სამართალდამცველები, ასევე მან ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, გრიგორიადისს 7-11-წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლების მოთხოვნით, დღეს, მთავრობის ადმინისტრაციასთან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები საღამოს 20:00 სთ-ისთვის შეიკრიბნენ და ზოგადად, „აგენტების“ კანონპროექტების საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების მიმართ „პოლიტიკური დევნის“ შეწყვეტაც მოითხოვეს. „მე ვისროლე“, „ჩვენც დაგვიჭირეთ“ – ამ შინაარსის ბანერებით გამოხატავდნენ ისინი დაკავებულის მიმართ სოლიდარობას. იმის საილუსტრაციოდ, რომ ხელისუფლება გრიგორიადისის მიმართ ორმაგი სტანდარტით მოქმედებს, დღევანდელ აქციაზე დამონტაჟებულ ეკრანზე ის კადრებიც გაუშვეს, სადაც წარსულში იმ სხვადასხვა რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლების მხრიდან გამოხატული ძალადობა იყო ნაჩვენები, რომლებიც დღემდე არ დასჯილან.

ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე დღეს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონიც იმყოფებოდა, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ იგი აქციაზე ქართველი ხალხის მიმართ სოლიდარობის გამოსახატავად მივიდა, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს პროდასავლურ და პროევროპულ პოზიციებს. მან გრიგორიადისზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ნათქვამსაც უპასუხა, რომელმაც თქვა, რომ ამ ახალგაზრდა კაცს „ყველანაირი ორიენტაცია აქვს არეული“. კრამონის შეფასებით, მიუღებელია პარლამენტარების მიერ ადამიანის იმიჯის გამოცალკევება და სპეკულირება.

დღესვე, მოქალაქეებმა ადვოკატისა და სხვა ხარჯების დასაფარად გრიგორიადისის ოჯახისთვის 20 000-ლარამდე შეაგროვეს. ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია გუშინ, 31 მარტს, პარლამენტის შენობის წინაც გაიმართა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button