skip to content
ახალი ამბები

7-9 მარტის აქციებისას „პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანებისთვის“ 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 29 მარტს განაცხადა, რომ 7-9 მარტს, თბილისში, „უცხოეთის აგენტების“ შესახებ მმართველი უმრავლესობის მიერ ინიცირებული რუსული ტიპის კანონპროექტების საწინააღმდეგო აქციებზე „პოლიციელზე თავდასხმისა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანების“ ბრალდებით სისხლის სამართლებრივი წესით 1 პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დაკავებულმა საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დაშავდნენ სამართალდამცველები. ასევე, მან ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს.

დაკავებულის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 353-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7-11-წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

სამინისტროს განცხადებით, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები „ყველა იმ პირის დაკავების მიზნით, რომლებმაც განახორციელეს პოლიციელებზე თავდასხმა და სხვა სამართალდარღვევები“.

7-9 მარტის საპროტესო აქციებისას, სამართალდამცველებმა ჯამში 134 პირი დააკავეს, მათგან 133 ადმინისტრაციული, 1 კი – სისხლის სამართლებრივი წესით. ადმინისტრაციული წესით ყველა დაკავებული 9 მარტს გაათავისუფლეს. მათი დიდი ნაწილი კვლავ სასამართლო პროცესებს ელოდება. მაშინ, პატიმრობაში დარჩა სისხლის სამართლის წესით დაკავებული 1 პირი, რომელსაც შსს სამართალდამცველზე თავდასხმას ედავება.

რა ვიცით დაკავებულზე?

დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისია, რომელსაც პროკურატურამ ბრალი 30 მარტს უკვე ოფიციალურად წარუდგინა. სასამართლომ მას 31 მარტს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. თავად დაკავებული ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.

დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, გრიგორიადისი 29 მარტს, გვიან ღამით, მაშინ დააკავეს, როდესაც იგი მეგობრის საცხოვრებელი სახლიდან გამოვიდა. მისივე განმარტებით, ბრალდებულის დაკავება „მოულოდნელი“ იყო, რადგანაც მანამდე მას პოლიციიდან არც უწყება მისვლია და საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე არ დაუბერებიათ.

დაკავებულის მეგობარი ყვება, რომ მას შემდეგ, რაც გრიგორიდისმა მისი სახლი დატოვა, დაახლოებით ნახევარ საათში პოლიციელები მივიდნენ და სახლი გაჩხრიკეს. მეგობრის თქმით, სამართალდამცველები დაკავებულის ტანისამოსსა და ნიღაბს ეძებდნენ. „მათი წასვლის შემდეგ ვეცადე დავკავშირებოდი ლაზარეს, მაგრამ უკვე აღარ მპასუხობდა“, – თქვა მან.

ლაზარე გრიგორიადისის ბაბუის მონათხრობით, სამართალდამცველები მათ სახლში დაახლოებით დღის 11:00 საათისთვის მივიდნენ, ჩხრეკის ორდერი წარუდგინეს და სახლიდან ლაზარეს ე.წ. „ჰუდი“ და 6 თვის წინ გატეხილი ტელეფონი წაიღეს. მისივე თქმით, ეძებდნენ ლეპტოპსაც.

შსს-მ ლაზარე გრიგორიადისის დაკავების შესახებ განცხადებაში ისიც მიუთითა, რომ იგი წარსულში პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და სისხლის სამართლის წესითაც იყო პასუხისგებაში მიცემული. 30 მარტს პროსახელისუფლებო ტელევიზია „პოს ტვ-მ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გრიგორიადისი წარსულში მამის მიმართ ძალადობისთვის იყო ნასამართლევი და რომ იგი ელენე ხოშტარიას პარტიის, „დროას“ წევრია.

შვილის „გაშავების კამპანიას“ გუშინვე Facebook-ით გამოეხმაურა დაკავებულის მამა და ინფორმაციის გავრცელებამდე ყველას ჯერ დეტალების გარკვევა ურჩია. „რატომ უფუჭებთ ბავშვს მომავალს, რატომ ტლიკინებთ იქ, სადაც არ გეხებათ“, – თქვა მან და მოუწოდა მთავრობას, „ნუ გადაიმტერებენ“ ახალგაზრდა თაობას.

გრიგორიადისის დაკავებას, გუშინ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძეც გამოეხმაურა და თქვა, რომ მას „ყველანაირი ორიენტაცია აქვს არეული“ და „სწორედ ასეთი ადამიანები ძალადობდნენ პოლიციელების წინააღმდეგ… ამას სჭირდება სათანადო შეფასება“. კობახიძის მტკიცებით, „ეს გზასაცდენილი, ახალგაზრდა კაცი“ „ბოლშევიკურ ტროიკასთან“ – ზურაბ ჯაფარიძესთან, ელენე ხოშტარიასთან და გიორგი ვაშაძესთან არის დაკავშირებული. „ესეც მიუთითებს, რომ ამ პირს ამოძრავებდა კონკრეტული სუბიექტური ინტერესი“, – განაცხადა მან.

გრიგორიადისის მის პარტიასთან კავშირი უარყო ელენე ხოშტარიამ, თუმცა დასძინა, რომ ისინი გვერდში დაუდგებიან და დაიცავენ „ნებისმიერ დემონსტრანტს, რომელსაც ამოიღებენ მიზანში“. იგივე თქვა გიორგი ვაშაძემაც.

შენიშვნა: მასალა 2023 წლის 31 მარტს, 12:30 სთ-ზე, დაკავებულის შესახებ ახალი დეტალებით განახლდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button