ახალი ამბები

ფინანსთა სამინისტრო სანქციებისთვის თავის არიდებას „კატეგორიულად“ უარყოფს

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გამოეხმაურა „ზოგიერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას“ საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ „კატეგორიულად“ განაცხადა, რომ საერთაშორისო სანქციების დაწესების დღიდან, „ჩვენი ქვეყანა სრულად იცავს დადგენილ წესებს და საზღვარზე მკაცრ მონიტორინგს უწევს ყველა ტიპის საბაჟო ოპერაციას“.

მართალია განცხადებაში არ არის დაკონკრეტული ტელეარხი ან გადაცემა, სავარაუდოდ ის გულისხმობდა ტვ „პირველზე“ გასულ ინფორმაციას „ამერიკის ხმის“ მიერ მომზადებულ ინტერვიუსთან დაკავშირებით, რომელიც სანქციების რეჟიმის მიუხედავად, საქართველოს ტერიტორიის გავლით რუსეთში კრიტიკული ელექტრონიკის შეტანას ეხება. ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „ყველა ის პროდუქცია, რომელიც მოხვედრილია სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ განსაზღვრულ სიაში, მათ შორის, სიუჟეტში მოყვანილი საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკა, რომელიც გადაადგილდება საქართველოს გავლით – ექვემდებარება განსაკუთრებულ საბაჟო კონტროლს და მოწმდება დეტალურად“.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ დღემდე არ არსებობს საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების დარღვევის არც ერთი ფაქტი, რაც დასტურდება, მათ შორის, საქართველოში ევროკავშირის და აშშ-ის ელჩების მიერ მედიასაშუალებებთან გაკეთებული განცხადებებით“.

სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ ნებისმიერმა პირმა, რომელიც საქართველოს მიერ სანქციების დარღვევის შესახებ ბრალდებებს აჟღერებს, უნდა წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. „წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ ეს არის მიზანმიმართული ქმედება – ყალბი ინფორმაციის გავრცელებით, ქვეყანას მიაყენონ რეპუტაციული ზიანი, რაც არ დარჩება რეაგირების გარეშე ჩვენი მხრიდან“, – დასძინა სამინისტრომ.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სხვადასხვა ქვეყნებს სხვადასხვანაირად შეაქვთ წვლილი სანქციების ძალისხმევაში და დასძინა, რომ „რაც გვინდა საქართველომ გააკეთოს არის ის, რომ საქართველო, საქართველოს ტერიტორიები და ქართული კომპანიები არ იქნას გამოყენებული ჩვენი სანქციებისთვის გვერდის ასავლელად. მოცემულ მომენტში ამის საწინააღმდეგო ინფორმაცია არ გვაქვს“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button