We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

ხელისუფლება თაღლითობის ბრალდებით ყოფილი სახელმწიფო კონტრაქტორების დაპატიმრებას აგრძელებს

საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო დღეებში რამდენიმე ადამიანი დააკავა სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებთან დაკავშირებული სერიოზული თაღლითობის ბრალდებით.

ფინანსთა სამინისტრომ 30 სექტემბერს განაცხადა, რომ დაკავებულია ორი პირი, რომელთაც ბრალად ედებათ მილიონობით დოლარის სახელმწიფო სახსრების თაღლითურად მითვისება და გათეთრება. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულებმა, რომლებიც შპს „ლაგი კაპიტალის“ მეშვეობით მოქმედებდნენ, 94 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების თერთმეტი ტენდერი მოიგეს 30 საბავშვო ბაღის რეკონსტრუქციისა და ოთხი სკოლის ასაშენებლად, თუმცა არცერთი პროექტი არ დაასრულეს.

სამინისტრომ განაცხადა, რომ ორივე პირი, თანამზრახველებთან ერთად, თაღლითურად დარეგისტრირდა „თეთრი სიის“ მომწოდებლების რეესტრში წინასწარი გადახდების მისაღებად და მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 9.3 მილიონ ლარზე მეტი თანხა მხოლოდ 50%-იანი საბანკო გარანტიით მიიღო. სამინისტროს ცნობით, უკანონო წარმომავლობის დასაფარად, მათ 1.2 მილიონი ლარი სხვა კომპანიას გადაუგზავნეს და შემდეგ შვილობილ კომპანიებს დაურიგეს. ორივე მათგანს  ცხრიდან თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. გავრცელებული ინფორმაციით, „ლაგი კაპიტალი“ ყოფილ ფეხბურთელ ალექსანდრე ამისულაშვილს ეკუთვნოდა, რომელიც „ქართული ოცნების“ პარლამენტარ ირაკლი ზარქუას სიძეა.

მანამდე, 29 სექტემბერს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „გურია ენერჯის“ დირექტორი მამუკა ჟღენტი და ზედამხედველობის კომპანიის თანამშრომელი დააკავა მასშტაბური თაღლითობის, თაღლითობაში დახმარებისა და ოფიციალური დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით. ბრალი ასევე წაუყენეს ზედამხედველობის კომპანიის კიდევ ერთ თანამშრომელს. მათ ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

This post is also available in: English

Back to top button