
უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და ფულის გათეთრების ფაქტზე რუსეთის ხუთი მოქალაქეა დაკავებული
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის ხუთი მოქალაქე დააკავა.
16 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე საუბრისას, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ, გუგა თავბერიძემ, განაცხადა, რომ ერთ-ერთი კომპანია, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი რეგისტრაციისა და ნებართვის გარეშე, ახორციელებდა ვირტუალური აქტივების მომსახურებას, როგორც არალეგალური ოფისის, ასევე ე.წ. „საკურიერო“ სერვისის შეთავაზებით“. თავბერიძის თქმით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, კომპანიამ ასობით მილიონი ლარის ექვივალენტი ვირტუალური აქტივების ტრანზაქცია განახორციელა, რითიც ჩართული იყო ქვეყანაში საერთაშორისო უკონტროლო ტრანზაქციების განხორციელებაში.
„გამოძიებით ასევე ირკვევა, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, საქართველოში, სავარაუდოდ სასაზღვრო კონტროლის გვერდის ავლით, ავტომობილებით ახდენდნენ დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის შემოტანას და ვირტუალური აქტივების შეძენას, რის შემდეგაც დაუსაბუთებელ ქონებას აძლევდნენ კანონიერ სახეს. მიუხედავად მსხვილი ოპერაციებისა, ფიგურანტ კომპანიასა და ფიზიკურ პირებს ბიუჯეტში თანხის გადახდა არ უფიქსირდებათ“, – განაცხადა თავბერიძემ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე და 194-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.
This post is also available in: English