skip to content
ახალი ამბები

საქართველოს ფინანსთა მინისტრი აშშ-ში სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელს, ელჩ ჯიმ ო’ბრაიენს შეხვდა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესში  საქართველოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯები და ამ მიმართულებით პარტნიორებთან კოორდინაციის საკითხები მიმოიხილეს. ფინანსთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ელჩ ჯიმ ო’ბრაიენს მხარდაჭერისთვის, რომელიც საქართველომ სანქციების განხორციელების პროცესში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიმართულებით მიიღო და იმედი გამოთქვა, რომ შემდგომი აქტივობები ამ კუთხით, კიდევ უფრო გააძლიერებს ქვეყნის შესაძლებლობებს საერთაშორისო რეგულაციების აღსრულების მიმართულებით.

ვიზიტის ფარგლებში, ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, ასევე მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტსა და ვაჭრობის დეპარტამენტში, აშშ-ის ხაზინაში, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გახდა უკრაინელი მაღალჩინოსნების, ქართული ოპოზიციისა და საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის სამიზნე რუსეთის მიმართ საერთაშორისო სანქციების დაკისრებაზე დაკავებული პოზიციის, ასევე სანქციებისთვის თავის არიდებაში რუსეთის სავარაუდო დახმარების გამო. საქართველოს ხელისუფლება ამ ბრალდებებს უარყოფს. იმავდროულად, მოსკოვი მიესალმა თბილისის „დაბალანსებულ“ პოზიციას რუსეთის სანქციებთან დაკავშირებით.

13 აპრილს ჟურნალისტებთან საუბრისას, აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა საქართველოს ფინანსთა მინისტრსა და სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელს შორის გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ უკვე ერთი წელია მჭიდროდ მუშაობს საქართველოს ხელისუფლებასთან საქართველოში გამავალი სავაჭრო ნაკადის შესახებ ინფორმაციის გაზიარების მიმართულებით.  მისი თქმით, მათ კარგი თანამშრომლობა აქვთ საბაჟო სამსახურთან, შემოსავლების სამსახურთან, საზღვრის დაცვის სამსახურთან, რომლებთანაც აშშ-ს მჭიდრო პარტნიორობა აქვს უკვე მრავალი წელია და მათ ტრენინგებითა და აღჭურვილობით უზრუნველყოფს.

„საქართველოს ფინანსთა მინისტრსა და ჩვენს სანქციების კოორდინატორს შორის შეხვედრა ამ საკითხზე იყო ფოკუსირებული, რადგან იმ ფონზე, როდესაც უკრაინაში რუსეთის სასტიკი ომი გრძელდება, სულ უფრო მეტს ვიგებთ, როგორ ცდილობს რუსეთი თავიდან აიცილოს სანქციები და ექსპორტის კონტროლის რეგულაციები, რომელიც დაწესებულია არა მხოლოდ შეერთებული შტატების, არამედ ევროკავშირის, იაპონიის, გაერთიანებული სამეფოს მიერ. ამრიგად, ჩვენი პარტნიორობის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ გაგრძელდეს ინფორმაციის გაზიარება და გამკაცრდეს კონტროლი, რათა შეწყდეს ისეთი ტვირთების მოძრაობა, რომელსაც რუსეთის ომის მანქანა უკრაინის წინააღმდეგ იყენებს. ამ თვალსაზრისით, საქართველოს ხელისუფლებასთან ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ“, – განაცხადა ელჩმა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button