ფინანსთა მინისტრი: საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების აღსრულებაში
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 23 იანვარს მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, საქართველოს მიერ რუსეთისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების შესაძლო დარღვევაზე ბრალდებებს კიდევ ერთხელ უპასუხა და განმარტა, რომ საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების აღსრულებაში და ამ მიმართულებით ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.
მინისტრის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლება და ეროვნული ბანკი „ძალიან მკაცრად“ აკონტროლებენ, როგორც საფინანსო, ისე სავაჭრო სექტორს, ამასთან ისინი ძალიან მჭიდრო კოორდინაციაში არიან, როგორც ამერიკელ ისე ევროპელ პარტნიორებთან. „ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში ხდება ინფორმაციის გაცვლა“, – ხაზი გაუსვა ლაშა ხუციშვილმა.
- 11/07/2022 – აშშ-ის ანგარიში: საქართველო რუსეთში სანქცირებული ტვირთების მიწოდების სატრანზიტო პუნქტია
- 02/05/2022 – კიევის თქმით, საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი რუსეთს სანქციებისთვის თავის არიდებაში ეხმარება
მისივე განმარტებით, ხელისუფლებას ასევე მუდმივი კომუნიკაცია აქვს იმ ორგანოებთან და სააგენტოებთანაც, რომლებიც „უშუალოდ ახორციელებენ კონტროლს, როგორც ევროკავშირში, ასევე, დიდ ბრიტანეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში, რომელთაც უშუალოდ აქვთ დაწესებული სანქციები“.
„ეს კომუნიკაცია, ის ღონისძიებები, რაც საქართველომ გაატარა, იძლევა იმის გარანტიას, რომ ჩვენი ქვეყანა პირნათლად ასრულებს მის მიერ აღებულ ვალდებულებებს“, – ხაზი გაუსვა ფინანსთა მინისტრმა და დასძინა, რომ ქვეყანას „ძალიან ბევრი მადლობის წერილი აქვს მიღებული იმ ღონისძიებებისთვის, რაც განხორციელდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რათა სანქციების აღსრულება მოხდეს დადგენილი საერთაშორისო სტანდარტებით“.
ჟურნალისტის შეკითხვაზე – მაშინ საიდან ჩნდება ინფორმაცია საქართველოს მხრიდან სანქციების რეჟიმის შესაძლო დარღვევაზე? – მინისტრმა უპასუხა, რომ ამ მიმართულებით მხოლოდ სიტყვები ისმის შესაბამისი დასაბუთების გარეშე, რადგანაც „ასეთი მტკიცებულებები ბუნებაში არ[ც] არსებობს“.
„ყველა ტიპის საბაჟო ოპერაცია არის ძალიან მკაცრი კონტროლის ქვეშ იმ საქონელთან და პირებთან მიმართებით, [რომლებიც არიან] სანქცირებულთა სიაში“, – განმარტა ლაშა ხუციშვილმა და დასძინა, რომ 2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ „დაახლოებით 1000 ოპერაციაზე მეტი არის საბაჟო ორგანოს მიერ შეჩერებული და გაუქმებული, იქიდან გამომდინარე, რომ არსებობდა სანქციების დარღვევის რისკი“.
მინისტრისვე განცხადებით, დაახლოებით 500-ზე მეტი შემთხვევა იყო, როდესაც შემოსავლების სამსახურს მიმართეს, სადაც „განუმარტეს, რომ [კონკრეტული] ოპერაციის განხორციელება არ შეიძლება“. „შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი ემუშავება ბიზნებსოპერატორებს, იმპორტიორებს, ამ ოპერაციებში ჩართულ პირებს, რომ მიაწოდოს წინასწარ ინფორმაცია, თუ რა არის სანქცირებული და რა არ არის სანქცირებული“, – თქვა ლაშა ხუციშვილმა და დასძინა, რომ საქართველოს უკვე ჰყავს ორი სერტიფიცირებული ექსპერტი სანქციების აღსრულების მიმართულებით.
„არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროკავშირის ბევრ ქვეყანაშიც, შესაძლებელია, ასეთი ტიპის კონტროლი ვერ ხორციელდებოდეს ტვირთებთან მიმართებით, როგორც ხორციელდება საქართველოში და ამ მიმართულებით ვერანაირი კითხვები ვერ იქნება გაჩენილი“, – გაიმეორა ფინანსთა მინისტრმა.
ასევე წაიკითხეთ:
- 08/04/2022 – ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში არ ეხმარება
- 28/02/2022 – პრემიერი: სანქციები არ არის ეფექტური საშუალება, უკრაინის დაბომბვას ვერავინ შეაჩერებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)