ახალი ამბები

ხატია დეკანოიძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაბა-ძალა ერთობაშიას“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ, რომელმაც ფრაქციის ხელმძღვანელის პოსტი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (ენმ) ახალ თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილის არჩევის შემდეგ დატოვა, 24 მარტს განაცხადა, რომ ენმ-ს ტოვებს. იგი საპარლამენტო საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით განაგრძობს.

პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას, დეკანოიძემ თქვა, რომ მისთვის ეს არის „მტკივნეული“, „ემოციური“, მაგრამ „სწორი“ გადაწყვეტილება, რადგანაც ფიქრობს, რომ პარტიის „ძველი პარადიგმით“ მართვა „არის გაუმართლებელი“. „ზოგადად, ძველი პარადიგმა ახალ რეალობაში, მაშინ, როდესაც სხვა მოცემულობაა… არ იმუშავებს“, – დასძინა დეპუტატმა.

დეკანოიძემ პირობა დადო, რომ პარლამენტში და მის მიღმა იმუშავებს იმისთვის, რომ დაიცვას „პოლიტპატიმრების“ უფლებები და იბრძოლებს, მათ შორის, პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანისთვის, ასევე ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას თავისუფლებისთვის. მანვე დასძინა, რომ „ძალისხმევას არ დაიშურებს“ ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისთვის.

მანამდე, 17 თებერვალს „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა დეპუტატმა რომან გოცირიძემაც. „ჩავთვალე, რომ ამ ეტაპზე ამოვწურე ჩემი შესაძლებლობები გავაგრძელო პარტიის ფარგლებში პოლიტიკური საქმიანობა“, – დაწერა მან Facebook-ზე.

კიდევ უფრო ადრე, თებერვლის დასაწყისში, პარტიის ახალ თავმჯდომარედ, ლევან ხაბეიშვილის არჩევიდან მალევე, ენმ-ის ლიდერებმა სხვადასხვა პარტიული თანამდებობა დატოვეს.

დეკანოიძის წასვლის შემდეგ, ფრაქცია „ენმ-ძალა ერთობაშია“ პარლამენტში 24 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button