ენმ-ის ყრილობაზე ახალი თავმჯდომარე, პოლიტ. საბჭო და გენერალური მდივანი დაამტკიცეს
პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (ენმ) 5 თებერვლის მე-10 ყრილობაზე პარტიის ახალი თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი დაამტკიცეს, ასევე ახალი პოლიტიკური საბჭო, საბჭოს თავმჯდომარე და პარტიის გენერალური მდივანი აირჩიეს.
პარტიის თავმჯდომარის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, „ტელეკომპანია პირველთან“ საუბარში ნიკა მელიამ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ყოფილი თავდაცვისა და შს მინისტრები – დავით კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი ლევან ხაბეიშვილისა და „მანკიერი, ჩეკისტური მეთოდების“ გამოყენებით პარტიაზე არაფორმალური მმართველობის მოპოვების მცდელობებში დაადანაშაულა და ხაზი გაუსვა, რომ „შეუძლებელია მანკიერი მეთოდების გამოყენებით, განსაკუთრებით ჩეკისტური მეთოდების გამოყენებით, ფონს გავიდეთ და ამ ყველაფერს მივცეთ გაქანება“.
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე კობა ნაყოფია, ლევან ბეჟაშვილმა შეცვალა, გენერალური მდივნის თანამდებობაზე კი – კვლავ პეტრე ცისკარიშვილი აირჩიეს.
გუშინდელ ყრილობაზე პოლიტიკური საბჭოს 1/3 (35 წევრი) აირჩიეს და დანარჩენი 2/3-ის არჩევის წესი დაამტკიცეს. ახალი წესით, პოლიტსაბჭოს 73 წევრს რაიონული ორგანიზაციები აირჩევენ, 5-5 წევრს კი პარტიის თავმჯომარე, გენერალური მდივანი და სამდივნო წარადგენენ.
ახალი თავმჯდომარის მიმართვა
გუშინდელ ყრილობაზე შეკრებილებს პარტიის ახალმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმაც მიმართა და თქვა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ახალი პოლიტიკური სტანდარტების დაწესებას აგრძელებს, რისი მაგალითიც მისივე თქმით, 28-30 იანვარს პარტიის თავმჯდომარის არჩევნები იყო, რომელშიც 50 000-მდე მხარდამჭერმა მიიღო, „რაც აქამდე ჯერ არნახული მოვლენაა“.
მისივე განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან „მუქარის, შანტაჟის და სხვა ბინძური მეთოდების გამოყენების“ მიუხედავად, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, ჩვენი ხალხის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის, უკან არასდროს დაუხევია და არასდროს შეუწყვეტია ბრძოლა. „ეს ტრადიცია უცვლელად რჩება!“.
ლევან ხაბეიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ პარტიაში „ძირეული გადაწყვეტილებების“ მიღების პროცესში მხარდამჭერების პოზიცია გადამწყვეტი იქნება და პარტიის პოლიტიკურ საბჭოში, სრული და აბსოლუტური უმრავლესობა ექნებათ პარტიის გულშემატკივრებს, რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეებს, საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელებს და ამომრჩევლების მიერ არჩეულ რეგიონალურ ლიდერებს. „დიახ, „ნაციონალური მოძრაობა“ გიბრუნდებათ თქვენ. ჩვენი ქვეყნის უკეთესი ხვალინდელი დღე თითოეული თქვენგანის ხელშია!“, – მიმართ მან შეკრებილებს.
პარტიის ახალი თავმჯდომარის თქმით, დაპირებისამებრ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მალე გაიხსნება პარტიული ოფისები; დაიწყება ახალგაზრდული ორგანიზაციის ფორმირება; ჩატარდება ახალგაზრდული კონფერენცია და მათთვის შეიქმნება დამოუკიდებელი სივრცე; თბილისში პარტია ახალი ოფისი ექნება.
„ყველა ქალაქში, რაიონში, სოფელში, უბანში, კორპუსში თუ დასახლებაში უნდა ვიყოთ ყველგან, დავარწმუნოთ და დავრაზმოთ ჩვენი ძმები, დები, რომ შეგვიძლია წარმატებულ, ძლიერ და ერთიან საქართველოში ცხოვრება“, – განაცხადა მან და ხაზი გაუსვა, რომ „დაპირისპირება, დაყოფა უნდა დასრულდეს!“ და „ბიძინა ივანიშვილის სახელით მოვლენილ რუსულ ბოროტებაზე ყველამ ერთად გავიმარჯვოთ!“.
სიტყვის დასასრულს, ლევან ხაბეიშვილმა პატიმრობაში მყოფ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ იგი „არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია“. „სწორედ ამიტომ, თითოეული ჩვენგანის ვალია მიხეილ სააკაშვილისა და ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის გამარჯვებამდე უკომპრომისოდ ვიბრძოლოთ!“, – დასძინა მან.
თანაპარტიელების მხრიდან კრიტიკა
5 თებერვლის ყრილობა გააკრიტიკეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილმა. ენმ-ის აწ უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ Facebook-ზე დაწერა, რომ ფარდის მიღმა მყოფი ადამიანის გადაწყვეტილებით, ყრილობამ „ნაციონალურ მოძრაობაში“, ფაქტობრივად, გაუქმდა პოლიტსაბჭოს, პარტიის საკანონმდებლო ორგანოს არჩევითობა, რადგანაც ახალი წესით, „ფაქტობრივად, არაფერი რჩება არჩევითი ან ასარჩევი“.
„ერთობაზე ისაუბრეს და განხეთქილება დათესეს ყოველ ნაბიჯზე, რომელიც ბოლო ორ თვეში გადადგეს. მიშაზე ისაუბრეს და მიშასთან დაკავშირებული ყველა საკითხი, უადგილო და უდროო აქტივობებით გადაფარეს. ერთგულებაზე და ნაციონალური მოძრაობის 22 წლიან ტრადიციაზე ისაუბრეს და მიშას უახლოესი თანამებრძოლები საკუთარი „მეგობრებით“ ჩაანაცვლეს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
მისივე შეფასებით, ეს ყოველივე „გაუფასურებული სიტყვის მიღმა არსებულ მიზნებზე მეტყველებს“. „ჩრდილოვანი მართვა ყველგან ერთნაირია – მიუხედავად იმისა ვინ მართავს, ან რა მიზნით ხსნის მსგავსი ტიპის მართვის საჭიროებას. ჩრდილოვანი მმართველი, მოდის ემოციური დაპირებით დაცლილი რაციონალიზმისა და პრაგმატიზმისგან და დემოკრატიით მოსული ამყარებს ავტოკრატიას“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.
მანვე ხაზი გაუსვა, რომ „ამ ნაჩქარევი გადაწყვეტილებების განხორციელებისას სამწუხაროდ ავიწყდებათ – პარტია არის ღირებულება, იდეური ერთობა, თანაბრძოლა და თანადგომა, სვლა გამარჯვებისკენ წინ და არა უკან“. „ღირსება და სიმართლე არც სკამს და თანამდებობას მოჰყვება, არც ფულზე იყიდება, არც ქირავდება, არც ხურდავდება და რაც მთავარია, არასდროს მარცხდება“, – დასძინა ენმ-ის ყოფილმა თავმჯდომარემ.
ენმ-ის დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ, რომელმაც ახალი თავმჯომარის არჩევის შემდეგ თქვა, რომ პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს, ასევე Facebook-ზე დაწერა, რომ სამწუხაროა, ყრილობაზე ყოფნის მიუხედავად, პოლიტსაბჭოს არჩევის შესახებ პოსტ-ფაქტუმ გაიგო. „ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველი და პარტიის წევრებიც ვიმსახურებთ პოლიტიკური საბჭოს გაცილებით მაღალი ჩართულობით არჩევას“, – დასძინა მან.
ახლადარჩეული პოლიტსაბჭოს წევრობაზე უარი თქვა, აკაკი მინაშვილმაც, რომელმაც მანამდე პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილეობიდანაც გადადგა. მისივე შეფასებით, ახალ მენეჯმენტს მხედველობაში უნდა მიეღო ამომრჩევლის დაკვეთა და ჩაეტარებინა პოლიტსაბჭოს მონაწილეობითი და რეალური არჩევნები ღიად და საჯაროდ, „ან მინიმუმ 40%-ის პოზიცია უნდა გაეთვალიწინებინა ამ „პოლიტსაბჭოს“ შემადგენლობაში“.
„ხაბეიშვილის გუნდი მხარდამჭერებს პირდებოდა ფართომასშტაბიან არჩევნებს ყველა დონეზე. არადა, სულ რამდენიმე დღე დასჭირდათ მათ, ფეხქვეშ გაეთელათ როგორც საკუთარი დაპირება, ისე დემოკრატიულობის ის პრეცედენტი, რაც თავმჯდომარის არჩევნებში გამოიხატა“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა და დასძინა, რომ „მხოლოდ რამდენიმე ასეული წევრის მიერ დანიშნულ ერთ პოზიციაზე მყოფ კლუბად გარდასახული ახალი „პოლიტიკური საბჭოს“ ლეგიტიმაცია არის ნულის ტოლი“.
„იმ ყრილობაზე, რომელზეც არავის მივუწვევივარ, პოლიტსაბჭოს წევრად ამირჩიეს ისე, რომ ჩემთვის აზრი არავის უკითხავს“, – განაცხადა ენმ-ის ბათუმის ორგანიზაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი კირთაძემ და აღნიშნა, რომ არ აპირებს იყოს „იმ ორგანოს წევრი, რომლის დაკომპლექტების წესი, საჯაროობა და გამჭვირვალობა ძალიან დიდი კითხვითი ნიშნის ქვეშ დგას“.
ენმ-ის კიდევ ერთმა დეპუტატმა, ეკა ხერხეულიძემ ასევე Facebook-ზე დაწერა, რომ გუშინდელი ყრილობით პარტია „100 ნაბიჯით უკან დაიხია“, რადგანაც მასზე „არამცთუ ელექტრონული მეთოდით არჩევა შესთავაზეს ხალხს, არამედ, მთლად ისეთი წესი მიიღეს, რომელიც მთლიანად უარს ამბობს დემოკრატიულ პრინციპებზე“.
„არჩევნების ნაცვლად, საკუთარი სურვილებით გამოუგონებიათ კვოტები. თავიანთვე მოგონილი არჩევნების შედეგით მიღებული 40% -ის მქონე კანდიდატი, ნიკა მელია, საერთოდ ამოუღიათ სიიდან, ის ერთადერთი პლიუსი, რაც ამ არჩევნებს ჰქონდა, თავზე გადაახიეს მონაწილე 40% ს… პოლიტსაბჭოს სიიდან ამოუღიათ ის ხალხი, ვინც მსგავსი შტურმის პირობებში, საკუთარი მხრებით შეინარჩუნეს პარტია“, – განაცხადა მან და დასძინა – „იქ არ ვიქნები, სადაც ბრძოლაში დაღლილი ჩემი მეგობრებისთვის ადგილი არ დაგიტოვებიათ და დროზე ამომშალეთ მათ, ვისაც იმასაც კი არ გკითხავთ – არ გრცხვენიათ?!“.
ასევე წაიკითხეთ:
- 18/01/2022 – ნაციონალურ მოძრაობაში რეორგანიზაცია გრძელდება
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)