ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა
ოპოზიციური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის (ენმ) ახალი თავმჯდომარე დეპუტატი, ლევან ხაბეიშვილი გახდა, მან ამომრჩევლის ხმების 52.58% (21 656 ხმა) მიიღო. ამის შესახებ დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ განაცხადა.
- 18/01/2023 – ნიკა მელია ენმ-ის ყოფილ მინისტრებს პარტიის დასაუფლებლად „ჩეკისტური მეთოდების“ გამოყენებას საყვედურობს
რაც შეეხება პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილე კიდევ 3 კანდიდატს, ჯერ კიდევ მოქმედმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ხმების 40% (16 476 ხმა) მიიღო, ნონა მამულაშვილმა – 3.73% (1 537 ხმა), გიორგი მუმლაძემ კი – 3.68% (1 516 ხმა).
კობა ნაყოფიას განმარტებით, კანონმდებლობისა და პარტიის წესდების მიხედვით, არჩევნების შემდეგ პარტიის ყრილობა უნდა ჩატარდეს, რომელიც არჩევნების შემაჯამებელ ოქმს გაიზიარებს და უკვე ამის შემდგომ ახალი თავმჯდომარე შეუდგება საქმიანობას.
არჩევნების შედეგებზე ლევან ხაბეიშვილი დღეს, 14:00 სთ-ზე დანიშნულ ბრიფინგზე ისაუბრებს.
ხაბეიშვილის 12-პუნქტიანი გეგმა
პარტიის თავმჯდომარის არჩევნების დაწყებამდე ერთი დღით ადრე, 27 იანვარს, ლევან ხაბეიშვილმა ნაციონალური მოძრაობის გაძლიერების 12-პუნქტიანი გეგმა წარადინა, რომელიც ასე გამოიყურება:
- მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების კომიტეტი შექმნა;
- პირველ 100 დღეში პარტიის ცენტრალური სამდივნოს რესტრუქტურიზაცია;
- პირველ 100 დღეში რეგიონული ორგანიზაციების გაძლიერება;
- პირველ 100 დღეში თბილისის საქალაქო ორგანიზაციის გაძლიერება-განახლება;
- ახალგაზრდული ორგანიზაციის გაძლიერება;
- ენმ-ის საკრებულოს წევრებისგან თვითმმართველობის წევრთა კონგრესის შექმნა;
- მოქნილი და მოქმედი პოლიტიკური საბჭოს არჩევა;
- ქალთა ორგანიზაციის გაძლიერება;
- პარტიის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ემიგრანტების ჩართულობა;
- ნაციონალურ მოძრაობასთან არსებული სათათბირო ორგანოს ჩამოყალიბება;
- გამჭვირვალე ბიუჯეტი და პროექტული დაფინანსება;
- პირველ 100 დღეში ენმ-ის ყრილობის მოწვევა.
ლევან ხაბეიშვილის კომენტარი
ამომრჩევლებს მხარდაჭერისთვის მადლობა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გადაუხადა პარტიის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა და ხაზი გაუსვა, რომ „ამ არჩევნებით ნაციონალურმა მოძრაობამ დაამტკიცა, რომ მისი დამარცხება, ბრძოლის ველიდან გაყვანა უბრალოდ შეუძლებელია“. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა არის ერთადერთი პარტია, საქართველოში, რომელიც საქმით ამტკიცებს, დემოკრატიული, დასავლური ფასეულობების ერთგულებას“.
„ამ არჩევნებით ნაციონალურმა მოძრაობამ დაამტკიცა, რომ ის არის დიდი ერთობა ჩვენი დაუღალავი ხალხისა, რომელსაც სწყურია გამარჯვება ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ დავუმტკიცეთ ყველას, მტერსაც და მოყვარესაც, ყველას ქვეყნის შიგნით და ყველას ქვეყნის გარეთ, რომ ერთგულები ვართ იმ პრინციპების, რომელიც სათავეში ედო ნაციონალური მოძრაობის დაფუძნებას. ერთგულები ვართ იმ ფასეულობების, რომელმაც შექმნა ვარდების რევოლუცია“, – განაცხადა მან.
ლევან ხაბეიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ „დღეიდან იწყება პროცესი, რომელიც ჩვენს ქვეყანას სამშვიდობოზე [გაიყვანს]“. „დღეიდან, ახალი შემართებით ვიწყებთ რთულ, მაგრამ უწყვეტ ბრძოლას, რუსი ოლიგარქიული რეჟიმის დასამარცხებლად [და] ამ ბრძოლაში ჩვენი გატეხვა არის შეუძლებელი“, – განაცხადა ენმ-ის ახალმა თავმჯომარემ და დამარცხებულ კონკურენტებს „საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში“ მეგობრობის ხელი გაუწოდა.
„ჩვენ ახლა ზეიმს არ ვაპირებთ, ვიზეიმებთ მაშინ, როცა ჩვენი ქვეყანა გათავისუფლდება რუსი ოლიგარქიული რეჟიმისგან“, – ხაზი გაუსვა მან სიტყვის დასასრულს და დაამატა – „ბიძინას და მის მარიონეტებს მინდა ვუთხრა, რომ მათ თავზე ნამდვილად მოიყარა შავმა ღრუბელმა“.
სხვა კანდიდატთა გამოხმაურება
ლევან ხაბეიშვილს არჩევნებში გამარჯვება უკვე მიულოცა მისმა მთავარმა კონკურენტმა, ნიკა მელიამ და მას პარტიის „ღირსებითა“ და „სიმართლით“ მართვა უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ „ის ამას მოახერხებს“. მელიამ დასძინა, რომ იგი პარტიაში რჩება „განსაკუთრებით მანამ სანამ მიხეილ სააკაშვილი არის პირადი ტყვე რუსული რეჟიმისა“.
ნიკა მელიამ ასევე აღნიშნა, რომ ძნელია ამ არჩევნებში ვინმეს უწოდო გამარჯვებული ან დამარცხებული, „გამომდინარე იქიდან, რა მდგომარებაში იმყოფება ჩვენი სახელმწიფო გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანას ჰყავს პოლიტიკური პატიმრები, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი, ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში, „ძალიან მყარად იცვლება რუსეთის ორბიტისკენ“.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მელიამ ხაზგასმით თქვა, რომ იგი „კიდევ უფრო მეტი ენერგიით“ და „მეტი მოტივაციით“ იქნება „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლის ავანგარდში, და რომ „ეს ასე იყო ყოველთვის, ასე არის და ასე იქნება“. „მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ ყველანი ერთად გავიმარჯვებთ, ქართული საზოგადოება გაიმარჯვებს, ქართული სახელმწიფო გაიმარჯვებს, მისი მომავალი იქნება ნათელი’, – განაცხადა მან.
ლევან ხაბეიშვილს გამარჯვება მიულოცა და წარმატება უსურვა ენმ-ის თავმჯდომარეობის კიდევ ერთმა კანდიდატმა, გიორგი მუმლაძემ და თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლებმა ამ „მნიშვნელოვანი“ გადაწყვეტილებით მხარი ცვლილებებს დაუჭირეს.
„ახლა, საჭიროა მეტი საქმე ლაპარაკის ნაცვლად, ეს იქნება მთავარი“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ მისი მხარდაჭერა ექნება ყველას, ვინც აქტიურად იქნება ჩართული პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების კამპანიაში და „ზოგადად, აქტიურად [იბრძვის] რეჟიმისა და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ“.
ლევან ხაბეიშვილს გამარჯვება მიულოცა და წარმატება უსურვა კიდევ ერთმა კანდიდატმა, ნონა მამულაშვილმაც, თუმცა დასძინა, რომ არ აძლევს იმის საფუძველს, რომ „დაიწყება ისეთი პროცესი, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება. სამწუხაროდ, ეს ჯერ კიდევ წინასაარჩევნო გარემომ აჩვენა“.
„პრობლემა ისაა, რომ დიდ სურათში – ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვა პოლიტიკაზე. მინდა მჯეროდეს, რომ ის შედეგი არ დადგება, რაც როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში დგება ხოლმე“, – დაწერა მან Facebook-ზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)