ახალი ამბები

ახალი თავმჯომარის არჩევის პარალელურად ენმ-ის ლიდერები პარტიულ თანამდებობებს ტოვებენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (ენმ) თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილის გამარჯვების შემდეგ ენმ-ის რამდენიმე ლიდერმა პარტიული თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნების დასრულებიდან მეორე დღეს, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ პარლამენტში ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს.

მანამდე, 30 იანვარს, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კობა ნაყოფიამაც, თუმცა თქვა, რომ პარტიაში იქამდე რჩება, „სანამ მიხეილ სააკაშვილი იქნება პუტინის პირადი პატიმარი საპყრობილეში“.

იმავე დღეს თანამდებობები დატოვეს აკაკი მინაშვილმა და ბაჩო დოლიძემაც, რომელთაც პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილისა და საორგანიზაციო მდივნის თანამდებობები ეკავათ.

თანამდებობები დატოვეს, ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი კირთაძემ და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი პატარაიამაც.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის არჩევნებში, რომელიც 28-30 იანვარს ხმის ელექტრონული მიცემის პრინციპით ჩატარდა, ლევან ხაბეიშვილმა 52.58% (21 656 ხმა) მიიღო, მისმა მთავარმა კონკურენტმა, პარტიის აწ უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ კი – 40% (16 476 ხმა). რაც შეეხება არჩევნებში მონაწილე კიდევ ორ კანდიდატს – ნონა მამულაშვილსა და გიორგი მუმლაძეს, მათ ამომრჩევლების 3.73% (1 537 ხმა) და 3.68% (1 516 ხმა) დაუჭირა მხარი.

პარტიის თავმჯდომარის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, „ტელეკომპანია პირველთან“ საუბარში ნიკა მელიამ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ყოფილი თავდაცვისა და შს მინისტრები – დავით კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი ლევან ხაბეიშვილისა და „მანკიერი, ჩეკისტური მეთოდების“ გამოყენებით პარტიაზე არაფორმალური მმართველობის მოპოვების მცდელობებში დაადანაშაულა და ხაზი გაუსვა, რომ „შეუძლებელია მანკიერი მეთოდების გამოყენებით, განსაკუთრებით ჩეკისტური მეთოდების გამოყენებით, ფონს გავიდეთ და ამ ყველაფერს მივცეთ გაქანება“

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button