
მმართველი გუნდი „უცხოელი აგენტების“ კანონპროექტებზე ვენეციის კომისიის უარყოფით დასკვნას გამორიცხავს
მმართველი უმრავლესობა მათივე რიგებში მყოფი „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული ტიპის კანონპროექტებს პრინციპების დონეზე პირველი მოსმენით მიიღებს, რის შემდეგაც ორივე მათგანს დასკვნისთვის ვენეციის კომისიას გაუგზავნის. მმართველ გუნდში კომისიის მხრიდან დადებითი დასკვნის მოლოდინი აქვთ და აცხადებენ, რომ პარლამენტში ინიცირებული ორი ვარიანტიდან ერთ-ერთს „ყველა შემთხვევაში“ მიიღებენ.
- 27/02/2023 – საპარლამენტო უმრავლესობამ „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ალტერნატიული კანონპროექტი დაარეგისტრირა
- 15/02/2023 – „ხალხის ძალამ“ უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტი შეიმუშავა
პარტია „ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 27 თებერვალს ჟურნალისტებთან საუბრისას ვენეციის კომისიის მხრიდან კანონპროექტებზე უარყოფითი დასკვნა გამორიცხა და თქვა, რომ „შეიძლება მხოლოდ დეტალებზე იყოს წარმოდგენილი გარკვეული შენიშვნები ან რეკომენდაციები“. „აქედან გამომდინარე, ჩვენ ან ერთ ან მეორე კანონს ყველა შემთხვევაში მივიღებთ, მანამდე დაველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას“.
„თუ იქნება დადებითი დასკვნა ამერიკულ ვარიანტთან დაკავშირებით, გაგრძელდება მისი განხილვა, თუ იქნება დადებითი დასკვნა ქართულ ვარიანტთან დაკავშირებით, გაგრძელდება ქართულის განხილვა. ყველა შემთხვევაში, დასკვნა იქნება წარმოდგენილი კანონპროექტის დეტალებთან დაკავშირებით, ვერავინ ვერ იტყვის იმას, რომ გამჭვირვალობა არ ვარგა“, – განაცხადა მან.
თავის მხრივ, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ხაზი გაუსვა, რომ თუკი ვენეციის კომისია თეთრზე შავს დაწერს, როგორც ეს ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციისას მოხდა, მმართველი გუნდი „შესაბამის გადაწყვეტილებას“ მიიღებს.
თუმცა, მანვე დასძინა, რომ მას ასეთი მოლოდინი არ აქვს და ვენეციის კომისიისგან არგუმენტირებულ დასკვნას ელის. „ვენეციის კომისია რაღაცას დაწერს, ეს რაღაცა იქნება ან არგუმენტირებული ან ჰაერიდან მოტანილი, მაგრამ ყველა შემთხვევაში, ჩვენ ვაპირებთ, რომ გავითვალისწინოთ… აბსურდული შემთხვევა თუ იქნა, მაშინ კი ბატონო, ეს დათქმა ასე იქნება [გულისხმობს, რომ მმართველი გუნდი ამაზე იმსჯელებს]“, – განაცხადა მან.
ოპოზიციის გამოხმაურება
მმართველი გუნდის მხრიდან კანონპროექტების ვენეციის კომისიისთვის გადაგზავნის ინიციატივას ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ თქვა, რომ ეს „ყურადღების გადატანის მცდელობაა“, „თითქოს ისინი, მოქმედებენ ევროკავშირის ინსტიტუციებთან შეთანხმებით“. „არავითარ შემთხვევაში’, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორივე კანონპროექტი არის რუსული და მათი მიღება ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს გააჩერებს.
„ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური თაღლითობა და იმის დადასტურება, რომ ხელისუფლება ჯიბრში უდგება ქვეყანის ეროვნულ ინტერესებს და ყველაფერს აკეთებს კანდიდატის სტატუსი არმიღებისთვის“, – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა.
მმართველი უმრავლესობის მიერ „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტების დარეგისტრირება, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის „აშკარა საბოტაჟად“ შეაფასეს პარტია ლელოშიც. „პარლამენტის ყველა წევრი, რომელიც მხარს დაუჭერს აღნიშნულ ინიციატივას, ქვეყნის კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ იმოქმედებს და მოუწევს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება“, – ხაზი გაუსვეს ლელოში.
„ცოტა გაკვირვებული ვარ, რომ [კანონპროექტს] ვენეციის კომისიაში აგზავნიან, რადგან, უფრო სწორი იქნებოდა „გოს დუმაში“ გაეგზავნათ და ზედა პალატა რომ არის მაგათი, [რუსების] პარლამენტში „სავეტ ფედერაციი“ აი, იქ გაგზავნონ… ეს არის არსით, შინაარსით რუსული კანონი“, – უთხრა ჟურნალისტებს პარტია მოქალაქეების დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა.
ასევე წაიკითხეთ:
- 27/02/2023 – აშშ-ის ელჩი „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტსა და სებ-ის შესახებ საუბრობს
- 27/02/2023 – ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტს აკრიტიკებენ
- 27/02/2023 – გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში „შეშფოთებულია“ უცხოელი გავლენის აგენტებზე კანონპროექტით
- 25/02/2023 – ბორელის პრესსპიკერმა უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტზე კრიტიკული განცხადება გამოაქვეყნა
- 23/02/2023 – „საერთაშორისო გამჭვირვალობა“: საქართველომ არ უნდა მიიღოს „უცხოელ აგენტებზე“ კანონი
- 22/02/2023 – მმართველი გუნდი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის დადებით მხარეებზე საუბრობს
- 21/02/2023 – „ხალხის ძალა“ უცხოური გავლენების აგენტების შესახებ ალტერნატიულ კანონპროექტს დაარეგისტრირებს
- 20/02/2023 – პრეზიდენტი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს
- 17/02/2023 – ომბუდსმენი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტს აკრიტიკებს
- 17/02/2023 – საქართველოზე PACE-ის მომხსენებლები მოუწოდებენ პარტიებს არ მიიღონ „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტი
- 16/02/2023 – აშშ „ღრმად შეშფოთებულია“ უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტით
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)