ახალი ამბები

სუსი: ღარიბაშვილისა და სხვა ყოფილი ჩინოვნიკების სახლების ჩხრების შედეგად მილიონობით ნაღდი ფული და ძვირფასეულობაა ამოღებული

7 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ოდენობის თანხა და ძვირფასეულობა იქნა ამოღებული ყოფილი ჩინოვნიკების, მათ შორის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სახლების ჩხრეკისას, განაცხადა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 18 ოქტომბერს.

სუს-ის ბრიფინგამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ  „ქართული ოცნების“ მთავრობის ყოფილი წარმომადგენლების, მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილის, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის და ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის სახლებში „სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში“ ჩხრეკა ჩატარდა.

„სხვადასხვა ადგილიდან ამოღებულია ნაღდი ფული, საერთო ჯამში 7 002 200 აშშ დოლარისა და 136 000 ლარის ოდენობით, 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირადღირებული ნახატები, დოკუმენტაცია რამდენიმე ათას ფურცლად, 50 ერთეული მობილური ტელეფონი და 119 ერთეული ელექტრო მოწყობილობა“, – განაცხადა სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსმა, ემზარ გაგნიძემ ბრიფინგზე.

გაგნიძის თქმით, 17 ოქტომბერს მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიჩხრიკა 24 ბინა და საცხოვრებელი სახლი. ღონისძიება ჩატარდა როგორც თბილისში, ასევე დედოფლისწყაროს, ვანის, ჩოხატაურისა და ბორჯომის რაიონებში, სადაც გაიჩხრიკა ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, პატიმრობაში მყოფი რომეო მიქაუტაძის, ასევე მიხეილ ჩოხელის, ვანო და თორნიკე პარკაულების, ანდრია ლილუაშვილის და მათი ოჯახის წევრების საცხოვრებელი სახლები.

This post is also available in: English

Back to top button