
მმართველი პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს სამი ძირითადი ოპოზიციური ძალის აკრძალვის მოთხოვნით მიმართავს
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 28 ოქტომბერს საკანონმდებლო ორგანოში ბრიფინგი გამართა, სადაც სამი ძირითადი ოპოზიციური პარტიის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს/ლელოს“ აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის შესახებ ისაუბრა.
„ჩვენი ერთობლივი კონსტიტუციური სარჩელით მოთხოვნილია რამდენიმე პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა. სხვა დარღვევებთან ერთად, მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები, პრაქტიკულად უწყვეტ რეჟიმში, უარყოფენ საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისა და მმართველი პოლიტიკური პარტიის როგორც საშინაო პოლიტიკურ, ისე საგარეო პოლიტიკურ ლეგიტიმაციას და შესაბამისად, მის კონსტიტუციურობას“, – განაცხადა პაპუაშვილმა. „ამით, აღნიშნული პარტიები აღიარებენ, რომ მათსა და მმართველ პარტიას შორის ერთ-ერთი მხარე უსათუოდ არაკონსტიტუციურად უნდა შეირაცხოს“.
საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელიც „ქართული ოცნებისადმი“ ლოიალურად განწყობილად განიხილება, ცხრა თვე აქვს იმისათვის, რომ იმსჯელოს სარჩელზე და მიიღოს გადაწყვეტილება, აკრძალოს თუ არა ოპოზიციური ძალები.
სარჩელი დაეყრდნობა საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლს, რომელიც დაუშვებლად მიიჩნევს ისეთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობას, „რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს“.
This post is also available in: English
