
2024 წლის გაზაფხულის აქციების გამო დაპატიმრებულმა ორმა მომიტინგემ ციხე დატოვა
ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი 14 ნოემბერს პატიმრობიდან გათავისუფლდნენ მას შემდეგ, რაც გასულ წელს, საქართველოში უცხოელი აგენტების შესახებ სადავო კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების დროს ქონების დაზიანების ბრალდებით 18-თვიანი პატიმრობა მოიხადეს.
24 წლის ოკრიბელაშვილთან და 20 წლის მეფარიშვილთან იანვარში საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რის საფუძველზეც მათ ციხეში 30 თვის ნაცვლად 18 თვე გაატარეს, დარჩენილი ერთი წელი კი პირობით მსჯავრად ჩაეთვალათ.
მათ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით წარუდგინეს, რაც ჯგუფურად ქონების დაზიანებას გულისხმობს. ისინი დამნაშავედ ცნეს პარლამენტის შესასვლელთან რკინის ჯებირის დაზიანებაში, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 400 ლარს შეადგენდა.
გათავისუფლების შემდეგ ოკრიბელაშვილმა მხარდაჭერა გამოუცხადა ციხეში მყოფ სხვა მომიტინგეებს და მათ გამძლეობა უსურვა. მეფარიშვილმა მომიტინგეებს წინააღმდეგობის გაგრძელებისკენ მოუწოდა. „არ უნდა გაჩერდეს არავინ. შეიძლება დაგიჭირონ, მაგრამ არავინ უნდა შეუშინდეს დაჭერას იმიტომ, რომ სამუდამოს მაინც არავინ მოგცემს, ადრე თუ გვიან გარეთ მაინც გამოხვალ, ამიტომ მოვუწოდებ ყველას ბრძოლისკენ“, – იტყობინება „პუბლიკა“ მის სიტყვებზე დაყრდნობით.
This post is also available in: English